ერთი წესიერი

ამბობენ, ძვირფას ქვას ერთი თვისება აქვს, თუ გაიბზარა, იმის ფასი კაპიკიაო. ასეა კრივშიც, რინგის მარგალიტები იმგვარად გაგროშდება ხოლმე, რომ კაცი თვალსაც ვერ შეასწრებს. მერე სანაგვეა. არაფერია სანაგვეზე გადაგდებულ ჩემპიონზე უარესი სანახავი…

ჩვენ კი გავწიოთ პლაია დე პონსისკენ, პუერტო რიკოს ერთ-ერთი ქალაქი რომაა. ისევე როგორც პაწაწინა და უსასოო კუნძულის სხვა ქალაქები, პლაია დე პონსიც მეთევზეთა ალაგია. იქ სიბნელე საღამოს ცხრა საათზე ისადგურებს, რადგან მეთევზენი რიჟრაჟზე წამომდგომი ხალხია, მაგრამ ყოფილა ღამეები, როცა მთელი პლაია დე პონსი გაჩახჩახებული ყოფილა. ასეთი რამ მაშინ ხდებოდა ხოლმე, როდესაც ყურეს გადაღმა, დიდ და აყვავებულ ამერიკაში იქაური კაცი იმარჯვებდა.

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა, ან პუერტო რიკოში კრივის ჩემპიონები?

აქ ჩემპიონი მეტია, ვიდრე ქალაქი.

ჩვენ კი უნდა გავიხსენოთ 1965 წელი, როცა პლაია დე პონსის შვილი ხოსე ტორესი ქვემძიმე წონის ჩემპიონი გახდა, მაშინ მთელი ქალაქი ცეკვავდა და ხარობდა. ეს მიღებული ამბავია პუერტო რიკოზე, რადგან კრივი აქაურობის სულია. ძნელია მოიძებნოს ქვეყნად კუნძული, კუნძული კი არა, ქვეყანა, ამდენი ჩემპიონი რომ ჰყოლია. და, განა ხოსე ტორესი აქაური პირველი სიამაყე იყო?

სულაც არა, მისი ჩემპიონობა მხოლოდ იმიტომ გავიხსენეთ, რომ ხოსე ტორესი ერთადერთი გამოდგა ძველი და ახალი თაობის პუერტორიკოელ მოკრივეთა შორის, ადამიანურად რომ განვლო ცხოვრების გზა. ის დღესაც საღსალამათი, საქმის მკეთებელი კაცი, წიგნებს წერს კრივის შესახებ, მესვეტედ და კომენტატორად გამოდის და კანასტოტას საკრივო დარბაზის წევრიცაა.

მან ღირსეულად განვლო კარიერაც და ცხოვრებაც. დიდ მოკრივედ კას დამატომ გაზარდა და მანვე ასწავლა ცხოვრების ანაბანა. ტორესი ადრევე მოწყდა თავის სამშობლო კუნძულს, ჭუჭყიან ბარებს, მარიხუანას სუნით გაჯერებული ავტომობილის სალონს, უბანს, არ გადაირია ოქროს სამკაულებზე, ქალებზე და აპარტამენტებზე და გადარჩა.

ის დღესაც ნიუ იორკში ცხოვრობს და ერთგვარი ნაღვლით იგონებს თანამემამულეებს.

ის ერთადერთი წესიერი და ჭკვიანი იყო. დანარჩენები მორევში გადაეშვნენ. პუერტო რიკო, კრივის ძველი ავადმყოფობის ახალი სახელია.

უვიცობის ფენომენი

ლათინური ჰარლემის შუაგულში აღზრდილი მოხუცი, ედი მაფუზი ნახევარი საუკუნეა, საკრივო საქმეშია ჩართული, ყოფილი მენჯერი, მწვრთნელი, პრომოუტერი, მის ხელში გაუვლია ასობით პუერტორიკოელ მოკრივეს, რომელთაგან ბევრი მსოფლიოს ჩემპიონიც გამხდარა. მაფუზის სიყვარული კრივისადმი შეედრება შვილისადმი სიყვარულს და მის საუბარიც, ისევე როგორც ტორესისა, შეიცავს ნაღველსა და დარდს იმის გამო, რომ პუერტო რიკოს მარგალიტები სიცოცხლეს ამთავრებენ ციხეში, უფასო კლინიკაში და ღატაკთა თავშესაფარში.

“ისინი საუცხოო მოკრივენი იყვნენ, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ ეცხოვრათ. მათ არ იცოდნენ, რა არის ფული. სამაგიეროდ, ისინი ფლობდნენ საკუთარი თავის შეჭმის ხელოვნებას – ჰყვება მაფუზი – მათი ცხოვრებიდან მოგონებებიღა რჩებოდა”.

პუერტო რიკოს მოსახლეობა 3,7 მილიონია და ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჩემპიონი ჰყავს, მაგრამ არც არავის ჰყავს ამდენი ღატაკი და ნაადრევად წაქცეული ჩემპიონი.

მათ არ იციან, არ იციან ცხოვრება. ეს კრივის ჩემპიონთა ძველი ავადმყოფობაა, მაგრამ სენს ყველამ უწამლა. უბრალოდ, უვიცობის კიბო კუნძულზე გვიან მოვიდა.

აბა, გაიხსენეთ კრივის დიადი სახელები, იტალიელი, ირლანდიელი, ებრაელი მებრძოლები. ღიაცისქვეშა კრივის დიდოსტატები ასევე იქცეოდნენ. კარიერასთან ერთად ცხოვრებაც მთავრდებოდა.

ჯეიკ ლამოტა ჰყვება: „ფულისა არაფერი გამეგებოდა. ყველაფერი ქარს გავატანე, ციხეში მოვხვდი, ქუჩაში ვიდექი. მეგონა, ძველი ცხოვრება დაბრუნდებოდა”. ტომით იტალიელმა ლამოტამ მოახერხა ფეხზე დადგომა, გულუბრყვილო პუერტორიკოელ ბიჭებს კი ასეთი რამ არ ხელეწიფებათ.

ხოსე ტორესმა კარგად იცის, რაშია საქმე: „პუერტო რიკოს ცხოვრება ქუჩის ცხოვრებაა. ჩვენ ჩვენი უბნის, გეტოს შვილები ვართ. შვილები და მონები. ბევრს არ შეუძლია გადაუხვიოს გეტოს ადათებს, ძმაბიჭურ ცხოვრებას. როცა კრივობს, გეტოს გულალალი შვილი ყოველთვიურად იცვლის მანქანებს, ფანტავს ფულს, ყნოსავს კოკაინს, კოცნის მეძავებს და ქირაობს აპარტამენტებს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ საძმაკაცოსთვისაც. მან არ იცის, რომ ათ წელიწადში აღარაფერი ექნება”.

ვილფრედ ბენიტესი ახლა…

და აი, თქვენს წინაშეა ვილფრედ ბენიტესი, საყოველთაო აღიარებით პუერტორიკოელთაგან მეორე „დიადი“ მოკრივე, ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, რომელმაც ზე -„ველთერის“ ასოციაციის ტიტული 17 წლისამ მოიგო და კარიერის განმავლობაში 6 მილიონი დოლარი იშოვნა. ბენიტესივე გახდა კანასტოტას კრივის დიდების დარბაზის წევრი, მაგრამ ბოლო მწარეა. ახლა ვილფრედ ბენიტესი მწოლიარე ავადმყოფია. მას ტრავმატიზმის შედეგად განვითარებული ენცეფალოპათია სჭირს. მწოლიარე ავადმყოფია მისი უფროსი ძმაც, გრეგორიო და ორ ვეტერანს 69 წლის დედა, კალარა როზა უვლის. ბედკრული ბენიტესები პუერტო რიკოს მთავრობის 125-დოლარიანი დახმარების ხარჯზე არსებობენ და ოროთახიან ბინაში ელიან აღსასრულს. მათი ერთადერთი განძი ძველი ფოტოებია, რომლებზეც ძმების ბრძოლების სურათებია აღბეჭდილი.

…ვილფრედ ბენიტესი რინგზე

„ვილფრედმა ყველაფერი დაკარგა – ჰყვება პუერტო რიკოს ლეგისლატურის სენატორი რამონ ლუის რივერა – მან დაკარგა ფული, მაგრამ დიდება მოუტანა ჩვენს კუნძულს. მას მენეჯერებად ბილ კეიტონი და ჯიმი ჯაკობსი ჰყავდა. ხალხი, რომლებმაც მილიონებად აქციეს მაიკ ტაისონი, მაგრამ ვილფრედმა და მამამისმა არ დაუჯერეს ამ ხალხს. მათ ხუთი მილიონი დოლარი მაზიანებში გაფლანგეს. 1990 წელს, როცა ბენიტესმა კარიერა გაასრულა, კაპიკი აღარ ჰქონდა”.

ასეთია საკრივო ცხოვრება პუერტორიკოელთა შორის, ქუჩის ბიჭებმა არ იციან, რა არის ფული.„როცა გეტოს მენტალიტეტი ებრძვის ფინანსებს, ადამიანს დიდი გამძლეობა სჭირდება, რომ თავი გადაირჩინოს“ – ამას კვლავ ხოსე ტორესი ამბობს, სასაფლაო კი სავსეა ერთ დროს სახელოვანი მოკრივეებით. მათი ბრძოლები გაზეთებსა და ვიდეოკასეტებზეა შემორჩენილი, მათი პირადი ცხოვრება კი უბედურებას დაუნგრევია.

რატომ?

და რატომ ხდება ასე? ნუთუ ადამიანი ისეთი სულელია, რომ ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ ხელეწიფება? ალბათ, არის ასეთი სულელი. ხომ ცნობილია, რომ მოკრივენი ბავშვებივით გულუბრყვილონი არიან. თუმცა, გულუბრყვილობა სულაც არ არის მთავარი, რადგან მთავარი – უვიცობაა. როცა უვიცობა კაცის მთავარი ნიშანია, თუ არ ჩავთვლით მის საკრივო უნარს, ყველაფერი გასაგები გახდება.

ვეტერან მოკრივეთა ასოციაციის პრეზიდენტი სკუპ გალელო კარგადაა ჩახედული წარსულის სახელოვან აჩრდილთა ცხოვრებაში.

მან იცის, რომ მოკრივენი გამნიავებელი ხალხია და ამის გამო თავისი შეხედულება აქვს: „კალათბურთელები, კეტბურთელები, მობურთავენი სხვა ხალხია. მათ სკოლაში უსწავლიათ, კოლეჯი დაუსრულებიათ და პროფესიონალები უნივერსიტეტის მერხიდან მისულან. მათ აღზრდა და ერთგვარი განათლება აქვთ, იციან, ამიტომ თავქარიანობა არ ახასიათებთ. მოკრივეთა სრულ უმრავლესობას კი ხეირიანი დაწყებითი განათლება არ მიუღია. მათ სკოლა ადრევე გაცვალეს კრივის დარბაზზე. ამიტომ, მათ არაფერი იციან და ჩვენი ამოცანაც ის არის, რომ მენჯერებს ასეთი ბიჭები მოვათოკინოთ. სხვა გამოსავალი არ არის”. თორემ ის ხომ გამორიცხულია, რომ მოკრივემ, და თანაც პუერტორიკოელმა, წიგნი გადაშალოს. ნუ არ გადაშლის ამ წიგნს, მაგრამ მცოდნე კაცს მაინც დაუჯეროს. სხვა გამოსავალი არ არის.

უბედურების რამდენიმე სურათი

ვილფრედო გომესი

პუერტორიკოელ დიდ მოკრივეთა წამხდარი ცხოვრების რამდენიმე სურათი საყოველთაოდაა ცნობილი და ჩვენც აქ მოვიტანთ:

სამი დივიზიონის ჩემპიონი ვილფრედო გომესი, ერთხმად აღიარებული საუკეთესო პუერტორიკოელ მოკრივედ, ახლა ერთი პატიმარი კაცია. 1994 წელს ცოლ-შვილის სასტიკად ცემისთვის დააპატიმრეს, შემდეგ კი კოკაინის ბარიგებთან კავშირისთვის გაასამართლეს. ასოციაციის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი სამუელ სერანო ჯერ კიდევ 1987 წელს დააპატიმრეს კოკაინით ვაჭრობისათვის. ციხიდან გამოსულმა სხვა ვერაფერი მოახერხა და ისევ რინგს დაუბრუნდა.

ასოციაციის მსუბუქი წონის ჩემპიონი ედვინ როსარიოც სწორედ მაშინ ჩავარდა გაჭირვებაში, როცა მისმა საკრივო სახელმა დნობა იწყო. როსარიო ნარკომანი შეიქნა და ახლა მისი ცხოვრების მარშრუტი ამგვარია: ციხე-სახლი-ციხე…

საბჭოს და ასოციაციის სხვადასხვა წონის ჩემპიონებმა კარლოს დელეონმა, ოზი ოკაზიომ და ალფრედო ესკარელამ ასევე ქარს გაატანეს თავიანთი ქნება და ახლა მათი პროფესია ქუჩის მობერებული ბიჭობაა, რომელიმე პუერტორიკოული ქალაქის მყრალ ბარში. თქვენ სულ რაღაც ერთ დოლარად, პორცია სასმელის ფასად, შეგიძლიათ მოუსმინოთ ყოფილი ჩემპიონის მონათხრობს მისი დიდი ბრძოლების შესახებ. ასეთი რამ აღარსად ხდება პუერტო რიკოს გარდა.

სამუელ სერანო

მსუბუქი და ქვე – „ველთერის“ წონის ჩემპიონ კარლოს ორტისს კი ნიუ იორკში იპოვნით. თუმცა ძებნა კარგახანს დაგჭირდებათ. წარსულის სახელოვანი მოკრივე, რომელმაც კრივით ნაშოვნი მილიონები უაზროდ დააბანდა, ახლა ყვითელი ტაქსის მძღოლია.

საბჭოს მსუბუქწონოსან ჩემპიონს ესტებან დე ხესუსს კი წამალმა შიდსი შეჰყარა და კლინიკაში მოკლა.

ზემოთ ჩამოთვლილი ხალხი ცნობილია კრივის სამყაროში. მათ საჩემპიონო ქამრები რგებიათ, მაგრამ რამდენია ისეთი, ვინც უბრალოდ კარგი მოკრივე იყო და ცხოვრების ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა? სიას ბოლო არა აქვს.

დღევანდელობა და იმედი

მაფუზი გვეუბნება: „ერთადერთი კაცი, რომელმაც წარმატებულად იცხოვრა ხელთათმანების გახდის შემდეგ, ხოსე ტორესია. ხოსე პოპულარული ჟურნალისტი, კომენტატორი და ლექტორია. პუერტორიკოელთათვის ის ადამიანური ცხოვრების მაგალითია“.

თუმცა, კრივის მეისტორიეთ ახსოვთ კიდეთ ერთი პუერტორიკოელი, დარჩენილი სიცოცხლე რომ ყაყანზე არ გაუცვლია. ეს გახლავთ კრივის ისტორიაში პირველი პუერტორიკოელი ჩემპიონი სიქსტო ესკობარი, რომელმაც ჯერ კიდევ შორეულ 1934 წელს მოიპოვა ტიტული, მაგრამ ორი კაცი ზღვაში წვეთია. ორი კაცი ამინდს არ ქმნის.

მაგრამ დღევანდელი დროება ხომ სხვაა. ეს ხომ არ არის მშფოთვარე 60-იანი წლები, ანდა მღელვარე 70-იანები, ანდა დაღლილი 80-იანები? ახლა 90-იანი წლებია – პრაგმატული ყოფის ეპოქა და თუნდაც პუერტორიკოელ ქუჩის ბიჭთა შორის სხვაგვარი ფიქრის დრო დგება.

გეტოს ცხოვრება გრძელდება, მაგრამ აქ, კუნძულზე საუკეთესო პუერტორიკოელი მოკრივენი ცდილობენ, სამშობლოს მოწყდნენ და ამერიკულ ქალაქებში სახლდებიან. მათ აღარ აქვთ იმის სურვილი, რომ ფული რესტორნებში, კაზინოებსა და მეძავებში ხარჯონ.

საბჭოს ზემსუბუქი წონის ჩემპიონი ფელიქს ტრინიდადი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ აშკარაა, რომ კარიერის ბოლოს ყველაზე მდიდარი პუერტორიკოელი მოკრივე იქნება. ტრინიდადს ფინანსურ მენეჯერთა მთელი გუნდი და მკაცრი მამა ჰყავს. ასე რომ, ის წესიერი სტუდენტის ცხოვრებას უფრო ეწევა, ვიდრე გეტოელი ბიჭისას.

ტრინიდადი მაგალითია პუერტორიკოელი ყმაწვილებისთვის.

ოსკარ დე ლა ჰოია

მისთვის კი მაგალითად, ოსკარ დე ლა ჰოაია გამოდგება. დე ლა ჰოია ამერიკელია, მაგრამ ლათინოსია, მასაც ისეთივე სისხლი უდუღს, როგორც პუერტორიკოელებს.

„მაგრამ დე ლა ჰოაიამ იცის, ვინ არის“ – გვიამბობს კრივზე მწერალთა ასოციაციის თავკაცი ტონი პეიჯი – „ის არ დააბნია ფულმა, ის მექსიკელი ამერიკელია და გეტოშია გაზრდილი. მაგრამ ის არ ლაპარაკობს გეტოს ენაზე. მისი ინგლისური დახვეწილია და არა ქუჩური. 24 წლის დე ლა ჰოია კომერსანტია. პუერტორიკოელმა ჩემპიონებმა მას უნდა მიბაძონ. დღეს საქმე ასეა. დიდი ათლეტის ცნება გულისხმობს ჯანმრთელობას, შეძლებასა და კარგ რეპუტაციას. ცოტა უცნაურია, ლათინოსისგან, მაგრამ დე ლა ჰოია ამბობს, რომ როცა ათ მილიონ დოლარს გააკეთებს ჩხუბით, კოლეჯში მივა და ხუროთმოძღვრის ხელობას დაეუფლება“.

ასეთი დრო მოდის. კრივს მხოლოდ მუშტების ქნევა აღარ ჰყოფნის. ცხოვრებასაც აღარ ჰყოფნის მხოლოდ მუშტების ქნევა. ადამიანებს ცოდნა სჭირდებათ.

რას ფიქრობენ იქ, გეტოში?

პლაია დე ჰონსში კვლავ იზეიმებენ ჩემპიონის ტიტულს, მაგრამ იქნება კი ტკბილი სიბერე? მიაღწევენ კი ახალი ჩემპიონები იმას, რომ ქველმოქმედთა ხარჯზე არ გალიონ სიცოცხლის დღენი?

17.01.1998

წილი
წინა სტატიაკრიშტიანუმ უგოს წამალი გადააგდებინა
შემდეგი სტატიაწერილი თითქმის მასონებზე
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.