დღეს პარიზში ოქროს ბურთის 62-ე მფლობელის ვინაობა გაირკვევა. საზეიმო ცერემონიალს საფრანგეთის ნაკრების, „ტოტენჰემისა“ და „ნიუკასლის“ ყოფილი ვარსკვლავი დავიდ ჟინოლა წარუძღვება.
მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთი“ 1956 წლიდან თამაშდებოდა ფრანგული „ფრანს ფუტბოლის“ ინიციატივით. 2010-15 წლებში „ფრანს ფუტბოლი“ საუკეთესოს ფიფასთან ერთად ასახელებდა, შემდეგ კი ისევ გაიყო და ფრანგულ ჟურნალს დაუბრუნდა.
წლეულს ოქტომბერში ფიფამ უკვე ჩაატარა გამოკითხვა რომლის მიხედვითაც საუკეთესოდ კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა. ვარაუდობენ, რომ პორტუგალიელი „ოქროს ბურთსაც“ მიიღებს და ტიტულების რაოდენობით ლიონელ მესის გაუტოლდება. არგენტინელს სადღეისოდ ხუთი „ბურთი“ აქვს, რონალდუს – „ოდენ“ ოთხი. „ნაიკმა“ მეხუთე „ოქროს ბურთის“ აღსანიშნავად რონალდუს უკვე საგანგებო ბუციც კი დაუმზადა.
„ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში წლეულს მთელი მსოფლიოდან მონაწილეობა 173-მა გამოცემამ მიიღო. მათ შორის საქართველოდან, ტრადიციულად „სარბიელი“ გახლდათ.
ჩვენი ხუთეული ასეთია:
- კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, „რეალი“)
- ნეიმარი (ბრაზილია, „პარი სენ ჟერმენი“)
- ლიონელ მესი (არგენტინა, „ბარსელონა“)
- პაოლო დიბალა (არგენტინა, „იუვენტუსი“)
- სერხიო რამოსი (ესპანეთი, „რეალი“)
ნომინანტთა სრული სია კი ასეთია: ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ, პაოლო დიბალა, მესი, ნგოლო კანტე (საფრანგეთი, „ჩელსი“), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, „რეალი“), მარსელო (ბრაზილია, „რეალი“), ედინ ჯეკო (ბოსნია, „რომა“), ჰარი კეინი (ინგლისი, „ტოტენჰემი“), დავიდ დე ხეა (ესპანეთი, „მანჩესტერ იუნაიტედი“), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, „ბაიერნი“), კევინ დე ბრუინი (ბელგია, „მანჩსესტერ სიტი“), კარიმ ბენზემა (საფრანგეთი, „რეალი“), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი, „დორტმუნდი“), ედინსონ კავანი (ურუგვაი, „პარი სენ ჟერმენი“), მატს ჰუმელსი (გერმანია, „ბაირნი“), ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია, „ლივერპული“), ლუის სუარესი (ურუგვაი, „ბარსელონა“), იან ობლაკი (სლოვენია, „ატლეტიკო“ მადრიდი), სერხიო რამოსი, დრის მარტენსი (ბელგია, „ნაპოლი“), რადამელ ფალკაო (კოლუმბია, „მონაკო“), სადიო მანე (სენეგალი, „ლივერპული“), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია, „იუვენტუსი“), ანტონი გრიზმანი (საფრანგეთი, „ატლეტიკო“ მადრიდი), ტონი კროოსი (გერმანია, „რეალ“ მადრიდი), ედენ აზარი (ბელგია, „ჩელსი“), ლეონარდო ბონუჩი (იტალია, „მილანი“), ისკო (ესპანეთი, „რეალ“ მადრიდი), კილიან მბაპე (საფრანგეთი, „პარი სენ ჟერმენი“)