როგორ შეიძლებოდა, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, შენგელია ტრიბუნიდან გყოლოდა ნანახი და ფეხბურთელობა არ მოგდომებოდა?! ჟანი ლეჟავა ლეგენდა კაცი იყო და ათი წლისა, რადგან ცაცია ვიყავი, მარცხენა მცველობა მარგუნა. ელდეპოზე ბევრი მაგარი ბიჭი გაზარდა ჟანი მასწმა. სამი წლის მერე „სინათლეზე“ რეზო მახარაძესთან გავაგრძელე და ჯერ მარცხენა ნახევარმცველად, მერე კი მარცხენა თავდამსხმელად გადამაკეთა… მერე უფროსების გუნდი იყო 16 წლის ასაკში, მურთაზ კაპანაძესთან და სერიოზული ომები გიორგი „ძუკუ“ დარასელიასთან რომ მიწევდა… თუმცა ეს არაა მთავარი.
მთავარი ისაა, რომ ეს მწვრთნელები კაპიკებზე მომუშავე საკუთარი საქმის ფანატები იყვნენ. რეზო მახარაძე საათობით გვიხსნიდა „პად სებიას“ და მერე სხვებს უთქვამთ, ლეგენდარული 1964 წლის თაობა რომ არა, ბევრად მეტს ითამაშებდა „დინამოშიო“… წავიდნენ ფანატები… მოვიდნენ ბიზნესმენები… ცუდია თუ კარგი, თავად განსაჯეთ. მე ის ფეხბურთი ვერ მხიბლავს, ტატუებით მოქარგული 18 წლის ბიჭები და შოუ რომ არის… მეომარი ბიჭების ნახვა მინდა. არამხოლოდ ქართულ მოედნებზე, რადგან (ჰოი, სულო ცოდვილო), ხანდახან ჩემპიონთა ლიგის ყურებაც მეზარება. მენეჯერებმა და აგენტებმა ჯიგრიანი ბიჭები და ჯიგრიანი ფეხბურთი წამართვეს…