ხვალ, პარიზში, “ფრანს ფუტბოლის” დაჯილდოებაა. ამბობენ, რომ პრიზს კრიშტიანუ რონალდუს გადასცემენ და პორტუგალიელი “ოქროს ბურთების” რაოდენობით არგენტინელ ლიონელ მესის დაეწევა. “სანის” თქმით, ეს ამბავი ზოგს შეიძლება ახარებდეს, ზოგს არა, მაგრამ ყველაფერი რომ ზუსტად ასე მოხდება ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, არის ზოგიერთი რამ, რაც არ ვიცით და მოდი, ამჯერად ყურადღება ამაზე გადავიტანოთ. 

ფრანგული ჟურნალი “ფრანს ფურბოლი” წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვას 1956 წლიდან ატარებს. თავიდან ჟურნალისტები საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელს ასახელებდნენ, 1995 წლიდან საქმეში ევროპულ კლუბებში მოთამაშე არაევროპელებიც ჩართეს, 2007 წლიდან კი გამოკითხვამ მსოფლიო მასშტაბი მიიღო. 2010-15 წლებში “ფრანს ფუტბოლი” გამოკითხვას ფიფასთან ერთად ატარებდა.

პრესტიჟული ჯილდოს ისტორიაში ყველაზე ხვავრიელი დეკადა 1990-იანები იყო, როდესაც “ოქროს ბურთი” ათ წელიწადში ათ სხვადასხვა ფეხბურთელს ხვდა. ამ თვალსაზრისით ყველაზე მოსაწყენი ბოლო პერიოდია — 2007 წელს საუკეთესოდ ბრაზილიელი კაკა დაასახელეს, მერე კი ორად ორი კაცის, მესისა და რონალდუს ეპოქა დადგა. 

ცნობისთვის: საგანგებოდ შეკრებილმა ექსპერტებმა დათვალეს და თქვეს, პელეს დროს “ოქროს ბურთის” უცხოელისთვის მინიჭება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, “მეფე” შვიდჯერ გაიმარჯვებდაო. დიეგო მარადონა, გარინჩა და მარიო კემპესი თურმე ორ-ორჯერ მოიპოვებდნენ ტროფის, ხოლო რომარიო 1994 წელს ხრისტო სტოიჩკოვს გადაასწრებდა…

ახლა კი, მოდი, ის შვიდი ფაქტი ჩამოვთვალოთ, რომელიც შესაძლოა არ იცოდით ან დაგავიწყდათ.

პირველი არაევროპელი

ჯორჯ ვეა

მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელს გერმანელი იურგენ კლინსმანი ციდან ვარსკვლავებს წყვეტდა, გამოკითხვის მონაწილეთა უმეტესობამ უპირატესობა წლის პირველ ნახევარში “პარი სენ ჟერმენისა” და მეორეში “მილანის” ლიბერიელ ვარსკვლავს, ჯორჯ ვეას მიაკუთვნა. ჯილდო არც ვეასთვის ყოფილა არამი, თუმცა სავარაუდოდ, იმ ფაქტმა, რომ გამოკითხვაში პირველად ჩართეს არაევროპელი ფეხბურთელები, თავისი როლი ითამაშა. ვეას გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ ცვლილება ტყუილად არ შემოუღიათ.

საინტერესოა, რომ ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს და მეორე ტურშია გასული. მეორე ტური 7 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ მესამე (დამარცხებულმა) კანდიდატმა იჩივლა და ახლა გამოძიების დამთავრებას ელოდებიან.

“იუნაიტედი”, “ლივერპული” და… “ბლექპული”

პირველი ინგლისელი, ვინც “ოქროს ბურთი” მოიპოვა იყო სერ სტენლი მეტიუზი. ბლექპულელი სერ სტენლი მაშინ 41 წლისა ბრძანდებოდა და ჭორი დადიოდა, რომ ფრანგებმა ჯილდო, არც მეტი არც ნაკლები, მისი კარიერის უკვდავსაყოფად მოიგონეს.

სერ სტენლი მეტიუზი

მეორე გახლდათ დენის ლოუ.

ლოუს მიღწევა, ორ წელიწადში, “მანჩესტერ უნაიტედში” მისმა თანაგუნდელმა, სერ ბობი ჩარლტონმა გაიმეორა — იმ წელიწადს (1966) ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მართალია, ჯორჯ ბესტი ჩრდილო ირლანდიელი იყო, მაგრამ ისიც “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გახლდათ (თან ჩრდილო ირლანდიაც ბრიტანეთია, თორემ “იუნაიტედიდან” 2008-ში კრიშტიანუ რონალდუმაც მოიპოვა “ოქროს ბურთი”) და ამიტომ აქვე ვახსენებთ — 1968 წელი მისი გახლდათ.

2001 წელს გაიმარჯვა ლივერპულელმა მაიკლ ოუენმა.

კევინ კიგანზე კი ქვემოთ, ცალკე მოგახსენებთ.

კლუბები

ზემოთ ვთქვით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებმა ოთხჯერ მოიპოვეს “ოქროს ბურთი”, მაგრამ ეს რეკორდი არ არის. რეკორდსმენი “ბარსელონაა”, რომელსაც მესის ხუთ ჯილდოს ერთად ვუთვლით და მის გარდა კიდევ ხუთი ლაურეატი ჰყავდა: ლუის სუარესი (1960), იოჰან კრუიფი (1973, 1974), ხრისტო სტოიჩკოვი (1994), რივალდო (1999), რონალდინიო (2005) და მესი (2009, 2010, 2011, 2012, 2015).

ლუის სუარესის ხსენებამ არ შეგაშინოთ, ის(!) სუარესი ახლა 82 წლისაა, ამ სუარესს უყურებს და ვინ იცის ფიქრობს— სუარესი მე ვიყავი, ეს უარესიაო. ან, შეიძლება პირიქით ფიქრობდეს, თუმცა საეჭვოა. “ბარსელონას” მერე მოდის “რეალი” — ხუთი ფეხბურთელი. აქაც რონალდუს ჯილდოებს ერთად ვთვლით.

კევინ კიგანი

კევინ კიგანი

კიგანი ერთადერთი ბრიტანელია, რომელმაც “ოქროს ბურთი” რამდენჯერმე მოიგო და ისიც გერმანული გუნდის, “ჰამბურგის” შემადგენლობაში (1978, 1979).

ქვეყნები

ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე არიან ჰოლანდია და გერმანია. მათ შვიდ-შვიდჯერ მოიგეს “ოქროს ბურთი”. ექვსჯერ გაიმარჯვეს ფრანგებმა. პორტუგალიელებმა სამჯერ იყოჩაღეს: რონალდუმ, ლუიშ ფიგუმ და ეუსებიუმ.

საკუთარ კართან

საკუთარ კართან რუსი ლევ იაშინია უნიკალური — ის არის ერთადერთი მეკარე, რომელიც წლის საუკეთესოდ დაასახელეს. ეს 1963 წელს მოხდა.

ფრანც ბეკენბაუერი იოჰან კრუიფის წინააღმდეგ

რაც შეეხებათ მცველებს, მართალია, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიამ ბევრი დიდი მცველის სახელი იცის, მაგრამ “ოქროს ბურთი” მხოლოდ ოთხ მათგანს ერგო: ფრანც ბეკენბაუერს, ლოტარ მათეუსს, მატიას ზამერს (სამივე გერმანია) და იტალიელ ფაბიო კანავაროს.

სამი

“ოქროს ბურთის” ისტორიაში იყო სამი შემთხვევა, როდესაც გამოკითხვის შედეგად პირველი სამი ადგილი ერთი კლუბის სამმა ფეხბურთელმა დაიკავა. 1988 წელს ეს ჰოლანდიელმა მილანელებმა მარკო ვან ბასტენმა, რუუდ გულიტმა და ფრანკ რაიკარდმა შეძლეს. “მილანური” ტრიო ზეიმობდა შემდგომ წელიწადსაც, იმ განსხვავებით, რომ გულიტის ადგილი იტალიელმა ფრანკო ბარეზიმ დაიკავა. 2010 წელს კი სამეული “ბარსელონას” ჰყავდა: ლეო მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი.