საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეისწავლა შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტის, სამუელ შმიდის კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტები და რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2018 წლის პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადიდან მოკვეთა. სხვა სიტყვებით, რუსეთის ნაკრები სამხრეთ კორეის 43 ათასიან ქალაქში საასპარეზოდ ვერ ჩავა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიონგჩანგში რუსი სპორტსმენის ჭაჭანება არ იქნება. ზოგიერთ მათგანს ოლიმპიური დროშის ქვეშ შეეძლება გამოსვლა. ცხადია, შეეძლება ერთია და გამოვა თუ არა, მეორე…
დისკვალიფიკაციის მიზეზი რუსეთში გავრცელებული დოპინგით მანიპულაციაა. დამტკიცდა, რომ სოჭის 2014 წლის თამაშებზე ანტიდოპინგის ლაბორატორია ისე იყო მოწყობილი, რომ ტესტები იოლად გაყალბებულიყო და რუს სპორტსმენებს ათასგვარი პრეპარატების დახმარებით რაც შეძლება მეტი მედალი მოეგოთ. შმიდის კომისიამ 17 თვის განმავლობაში აგროვა დოპინგით მანიპულაციის უტყუარი საბუთები და სხვადასხვა შემთხვევის ყველა უშუალო მონაწილე დაკითხა.
ხოლო, ცალკეული რუსი სპორტსმენები, რომელთაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ნეიტრალური დროშით ასპარეზობის ნება დართო, ისინი გახლავან, რომელთაც მათ ქვეყანაში გავრცელებული მანიპულაციების მიუხედავად, პატიოსანი შეჯიბრების პრინციპები არ დაურღვევიათ.
პიონგჩანგში ზამთრის ოლიმპიადა 2018 წლის 9 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვლამდე გასტანს.