ბავშვობაში, 70-იანების ბოლოს, ეზოს ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე კინოთეატრ „გაზაფხულში.“ იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც სხვაგან არ იყო. ერთი ასეთი – „ეს პელეა“ გახლდათ. დასაწყისში ფეხბურთის მეფე პლიაჟზე მირბოდა „პინკ ფლოიდის“ მისტიკური მუსიკის ფონზე. მერე მისი ფანტასტიკური თამაშის ფრაგმენტები ცვლიდა ერთმანეთს. იქიდან ისეთი დამუხტულები გამოვდიოდით, დღესაც მბურძგლავს ტანში. აღარც მახსოვს რამდენჯერ ვნახეთ. მერე კი იწყებოდა დაღამებამდე ეზოში ბურთის გორება და პელეს მიბაძვა.
იმ დროს ახალი დამთავრებული ჰქონდა თამაში. „სანტოსში“ 18-წლიანი კარიერის შემდეგ, ბოლო ორი წელიწადი ნიუ იორკის „კოსმოსში“ გაატარა. მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია რომ ჯამში მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მეტი – 1283 გოლი გაიტანა. სხვა წყაროები სხვა ციფრებს გვაწვდიან, მაგრამ აქ, ალბათ, სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თვითონაც და მისი ეპოქაც ხომ ნახევრად მითიურია ჩვენთვის. იქ სინამდვილეს და მონაგონს ძნელად თუ გაარჩევ კაცი ერთმანეთისგან.
ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. როცა თამაში დაამთავრა ბიზნესში წავიდა. წლების მანძილზე ჯანმრთელი ცხოვრების წესს ქადაგებდა. ვარჯიშების მთელი კომპლექსი შექმნა და ახალგაზრდებს ფეხბურთის თამაშს ასწავლიდა. ბრაზილიის სპორტის მინისტრიც იყო.
ზოგს უყვარს, ზოგს არა. ჯიგარი აკლიაო – ამბობენ. ძმაბიჭ გარინჩას დასაფლავებაზე არ მივიდა. 14 წლისას პირველი სექსი მამაკაცთან ჰქონდა. მერე, ცოლებს ხშირად ღალატობდაო… ბევრი შეიძლება გავიხსენოთ.
განსაკუთრებით 60-იანელებს უყვართ ჩვენშიც და უცხოეთშიც. ერთხელ „ოქროს დინამოელმა“ ჟორა სიჭინავამ მითხრა – ეგეთი ფეხბურთელი აღარასოდეს დაიბადებაო. სიჭინავას პელეს წინააღმდეგ 1965 წელს უთამაშია.
ხშირად ადარებენ მარადონას – რომელი უფრო მაგარიაო და, ამაზე კამათი ალბათ არასოდეს დამთავრდება. მგონი, მათი შედარება არ შეიძლება. ორივე უდიდესი ფეხბურთელი იყო, ოღონდ სხვადასხვა ეპოქის. ყველა ეპოქას კი თავისი გმირი ჰყავს. ასე რომ…
ბოლო სამი წელიწადია მეტი ამბავი მისი ჯანმრთელობის შესახებ მოდის, ვიდრე საქმიანობაზე. რამდენიმე მძიმე ოპერაცია გადაიტანა. თირკმელზე, ხერხემალზე…
ამ ზაფხულს მოსკოვში კონფედერაციათა თასზე იყო ჩასული. იაშინის ცოლს შეახვედრეს, ბევრი ამბები გაიხსენეს. ხელჯოხით დადიოდა.
ახლა კი, მუნდიალის წილისყრისას, კრემლის დარბაზში ეტლით შეაგორეს. ვეღარ დადის…
მარადონამ გადაკოცნა და ეს, ალბათ, იმ საღამოს ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო.
გული დამწყდა. ის ხომ ღარიბი ოჯახიდან გამოსული, ფეხსაცმელების მწმენდავი ბიჭია, რომელმაც ოცნება აისრულა. წარმატებული გახდა და მილიონობით ადამიანს უჩვენა თუ რა შეუძლია სპორტს.
„გაზაფხულში“ მსხდარნი რას წარმოვიდგენდით, რომ ის ათლეტური, ჯანმაგარი, ჯადოქარი კაცი ოდესმე დაბერდებოდა.
არადა, უკვე 77 წლისაა…