- ახლა მითხარი, არგენტინა უფრო ძლიერია, თუ ბრაზილია?
- უფრო გერმანია უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ ხომ ხედავ რა დღეშია? კლინსმანმა თავი დაარტყა ბურთს და გული წაუვიდა. ძველ დროში შტანგას ურტყამდა თავს, შტანგა ტყდებოდა და კლინსმანი გახარებული მოდიოდა უკან. მერე ეფენბერგმაც თითი დაანახა ხალხს…
- ესე იგი, ბრაზილია უფრო ძლიერია, ვიდრე არგენტინა?
- ეგრე პირდაპირ ვერ იტყვი. ბრაზილიელები თავის დილიხორით იპარსავენ თავს, არგენტინელები პასარელას დილიხორით. რომელია მართალი, არ ვიცი. ეტყობა, ჩაკაბუკოში მაგარი დალაქები იყვნენ.
- ჩაკაბუკო რა არის?
- ჩაკაბუკოში პასარელა დაიბადა. ამბობენ, მამამისი დალაქი იყოო. თუ გავითვალისწინებთ, რომ სტენლი მეტიუზის მამაც დალაქი იყო, შეიძლება, პასარელას მამაც დალაქი ყოფილიყო.
- შენ გინდა თქვა, რომ ის უფრო დალაქია, ვიდრე მწვრთნელი?
- არა. მინდა ვთქვა, ფული რომ მქონდეს, კარელ პობორსკის ბუენოს-აირსესის ბილეთს ვუყიდდი და პასარელასთან გავუშვებდი. იქ ალესილი მაკრატელი დაუხვდებოდა?
- და პატრიკ ბერგერი?
- ტელევიზორს არ უყურებ? ბერგერი უკვე იყო პასარელსთან, ხოშიანად გაუხოხნია, ვერც იცნობ, რომ უყურებ, ინსში აგერევა. თანაც ორივეს რომ წითელი აცვია…
- ინსი ხომ შავია?
- შავი კია, მაგრამ ხომ გაგიგია, შავი და თეთრი აბანოში გამოჩნდებაო.
- მაშ, მაგარი დალაქი ყოფილა ეგ პასარელა. რიგი უდგას?
- რიგი უდგას, მაგრამ ზოგიერთი იქაჩება, ურიგოდ გამატარეთო, აი, ბატისტუტა, მაგალითად თავი მოიკლა. გინდათ თუ არა, პირველი მე უნდა გამკრიჭოსო, პერსონალური პენსიონერი და ომის ვეტერანი ვარო.
- მერე?
- არ ქნა არაფრით. რიგს თავის წესები აქვს, კომუნისტების დრო ხომ არ გგონიათ, ჯერ კრესპოს და ვერონის რიგიაო.
- ამდენს რომ ბედავს, მარადონას გაუბედავდა?
- თხუთმეტი წლის წინათ ვერა.
- აბა, ბრაზილია უფრო ძლიერი ყოფილა, არა?
- იცი რა? ზაგალოს ჰგონია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატები მარტო იმიტომ ტარდება, რომ პირადად ზაგალოს მისცენ ოქროს მედალი.
- ეგ როგორ?
- როგორ და ეგრე: – ორჯერ როგორც ფეხბურთელმა ისე ავიღეო, ერთხელ როგორც მთავარმა მწვრთნელმა და ერთხელაც როგორც მეორე მწვრთნელმაო. რაღა დარჩა? მა არამი არ არის, დი სტეფანოს და კრუიფს ოფლი ეღვარათ და ეგ მარიო ჟორჟე ასე მარშალ ბაგრამიანივით ჩინ-მედლებში იჯდეს?
- ეს ქვეყანა ჩალით ყოფილა დახურული.
- არ იცოდი? ახლა სტადიონების ჩალით დახურვაც დაიწყეს, ნორვეგია გახდება ჩემპიონიო.
- ასეთი ძლიერია ეგ ნორვეგია? ეგებ გახდეს კიდეც მსოფლიოს ჩემპიონი.
- გახდება, როგორ არა. თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ტრონჰეიმში დაინიშნება 17 დეკემბერს.
- ტრონჰეიმი რა არის ეგეთი?
- ზამთრის რიო დე ჟანეიროა. როგორც კი დეკემბერი დადგება, მთელი ჩემპიონთა ლიგა იქ ჩადის ფეხბურთის სათამაშოდ.
- ვეაც?
- ეგეთი კაცი არ მახსოვს.
- ვეა არ გახსოვს? ეუ! ვეა!
- კი, კი გამახსენდა, ბეჭდით რომ თითი მოიტეხა, მაღალი ბიჭი იყო.
- მეტი არაფერი გახსოვს?
- მეტი რა უნდა მახსოვდეს, მაღალი, ჯანიანი ბიჭი იყო, ლიმუზინი ჰყავდა.
- შენ არც გაზა გეხსომება.
- ეჰ, ერთი კარგი დალაქი და კაცი გამოვიდოდა.
- ეხლა რას ამბობს?
- ვინ?
- გაზა.
- რა უნდა თქვას? კოლიმორმაც კი გოლების გატანა დაიწყო.
07.03.1998