როგორც ბარსელონაში გამომავალი Mundo Deportivo იუწყება, არგენტინელ ხავიერ მასკერანოს იანვარში ახალ გუნდში გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ცენტრალური მცველი, რომელსაც ჩინეთიდან გულუხვი შეთავაზებით ხიბლავენ, დარწმუნებულია, რომ დროა “ბარსასთან” თანამშრომლობას წერტილი დაუსვას. არადა, მისი ახლანდელი კონტრაქტი 2019 წლამდეა ძალაში. მასკერანო “ბარსელონაში” 2010 წელს “ლივერპულიდან” გადავიდა.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ მასკერანომ კლუბის დირექტორატს ერთი ხნის წინ შეატყობინა და პოზიცია სამუელ უმტიტის ტრავმის მიუხედავადაც არ შეუცვლია. არადა, ამბობენ, რომ უმტიტი ორი თვე ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი “ბარსელონას” სჭირდება.
33 წლის ვარსკვლავი, რომელიც “კამპ ნოუზე” ნახევარმცველად ჩავიდა, იქ კი მცველად აქციეს, ამბობს, რომ “ბლაუგარანას” მაისურით ჩატარებული 331 თამაშის შემდეგ, სრული უფლება აქვს ვალმოხდილი ადამიანის შეგრძნებით დაემშვიდობოს კატალონიას. აღსანიშნავია, რომ ზაფხულზე მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იქნებოდა “ბარსელონას” შემადგენლობაში, მაგრამ ვინ იფიქრებდა თუ შუა გზაზე, იანვარშივე გადაწყვეტდა წასვლას.
მასკერანო ხვდებოდა, რომ ახალი სეზონიდან “ბარსას” დაცვის ცენტრში მეტწილად პიკე და უმტიტი ითამაშებდნენ. აქედან გამომდინარე იკვეთებოდა მისი მთავარი ამოცანაც: იმდენი მოეხერხებინა, რომ პრაქტიკა მთლად არ დაეკარგა და ზაფხულისთვის, რუსეთში დანიშნულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებლად მზად ყოფილიყო. ასეც აპირებდა, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა.
პირველი და მთავარი, რამაც არგენტინელს გეგმა შეაცვლევინა, სექტემბერში მოხდა — მისთვის მოედანზე თუნდაც ერთი წუთით შეცვლის საშუალება ზედიზედ სამ შეხვედრაში, “ესპანიოლთან”, “იუვენტუსთან” და “ხეტაფესთან”, ვერ მოიძებნა. საერთოდაც, რაც ჩემპიონატი დაიწყო, მასკერანო სულ ხუთჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში: ერთხელ აგვისტოში და ორ-ორჯერ სექტემბერსა და ოქტომბერში. რად უნდა ლაპარაკი, რომ ასე იშვიათად თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებლად საკმარისი არ იქნება.
გუშინ, “ბარსელონას” მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ ხავიერ მასკერანო „მისი ფეხბურთელია“, რომელსაც კლუბის სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი დაარწმუნებს, რომ არ უნდა წავიდეს, მაგრამ დღეს, არგენტინელის ამაში დარწმუნება ძნელი საქმე ჩანს.
ცხადია, ბოლო სიტყვა “ბარსელონაზეა”, მაგრამ მასკერანო შეეცდება დამსახურებისა და უმადურობის თემებზე ითამაშოს. ბოლოს და ბოლოს მას, როგორც ფეხბურთელს ერთი ოცნებაღა დარჩა, ითამაშოს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
Mundo Deportivo-ს ფოტოები