საბა კვირკველია
დაიბადა 1992 წლის 6 თებერვალს, სამტრედიაში
სიმაღლე 196 სმ
ცენტრალური მცველი
ახალგაზრდული კარიერა
2009-10 – „ზენიტი“ სანქტ პეტერბურგი
2010-11 – „რუბინი“ ყაზანი
პროფესიონალური კარიერა
2011-2017 „რუბინი“ ყაზანი (87 მატჩი, 3 გოლი)
2017 – „ლოკომოტოვი“ მოსკოვი (19, 2)
ნაკრები
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (6 მატჩი)
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (14 მატჩი)
ეროვნული გუნდი (26 მატჩი)
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (2014, ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით)
წარმატებული, სტაბილური, მიზანდასახული – სწორედ ასეთია საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია. შესაბამისად არც საფეხბურთო ამბიცია აკლია, რაც ასეთი აუცილებელია თანამედროვე ფეხბურთისთვის.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად უკვე ბევრი რამ მოასწრო – ეროვნული ნაკრების და თავისი ამჟამინდელი კლუბის, „ლოკომოტივის” ერთ-ერთი ლიდერია და რაც მთავარია, მისით მუდმივად დაინტერესებულნი არიან წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების გუნდები. თავად საბა მთავარ მიღწევად ოჯახს თვლის, რომელიც ადრეულ ასაკში შექმნა. ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე – ანი კურტანიძე და პატარა ნიაკო კვირკველია, რომელსაც რამდენიმე თვეში ძმაც ეყოლება.
– საბა, როგორც ვიცი ანი კარგად ერკვევა ფეხბურთში
– სხვათაშორის, ხანდახან ჩემზე კარგადაც. შეძლებისდაგვარად ესწრება ყველა თამაშს და შემდეგ ერთად განვიხილავთ თამაშის დეტალებს. ანი ჩემი ერთგვარი მიმართულების პროდიუსერია. პირველი მატყობინებს ყველაფერს, რაც ჩემს შესახებ იწერება აქაურ თუ უცხოურ პრესაში. მისი რჩევები ყოველთვის დროული და სასარგებლოა. მოკლედ, ნამდვილი საფეხბურთო ოჯახი გვაქვს.
– რუსთაველების სიძე როგორ გახდი?
– ანი თბილისში, ერთ-ერთ კაფეში დავინახე სრულიად შემთხვევით და მაშინვე ძალიან მომეწონა, თუმცა დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მისი ნომერი გამეგო და შეხვედრაზე დამეთანხმებინა. შემდეგ ნელ_ნელა მოვიპოვე მისი ნდობა, ავაწყვეთ ურთიერთობა და უკვე შვიდი წელია ერთად ვართ.
– როგორ ეგუება შენს რეჟიმს?
– რა თქმა უნდა, ცოტა უჭირს. რთულია ამასთან შეგუება, თუმცა ყველანაირად ხელს მიწყობს, გვერდით მიდგას და იცის, რომ ეს ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. მეც მაქსიმალურად ვცდილობ თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი ოჯახთან გავატარო.
– გვარზეც მინდა გკითხო. საქართველოში და რუსეთში სხვადასხვანაირად გამოთქვამენ. სწორი რომელია?
– სინამდვილეში კვირკველია ვარ. უზუსტობა მოხდა და ჩემს საბუთებში შეცდომით კვერკველია ჩაწერეს. აქედან მოდის ეს გაუგებრობა გვართან დაკავშირებით.
– შენი კარიერა თავიდანვე წარმატებულად წარიმართა. „ზენიტის“ აკადემიაში როგორ აღმოჩნდი?
– ასაკობრივ ნაკრებში ვთამაშობდი, როდესაც რეზო ჩელებაძემ შემნიშნა და გასასინჯად წამიყვანა. მწვრთნელებს მოვეწონე და ექვსთვიანი კონტრაქტით დამტოვეს. იქიდან კი „რუბინში” აღმოვჩნდი.
– „რუბინში”, სადაც ბოლოს გაძლებაზე იყავი… ამ პერიოდში როგორც ვიცი, რამდენიმე უცხოური გუნდი იყო შენით დაინტერესებული…
– კი, ასე იყო. ესპანელი მწვრთნელის ხავი გრასიას ახირების გამო სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი. ვითხოვდი გაშვებას, სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა, თანაც მაშინ გერმანული და ინგლისური გუნდები იყვნენ ჩემით დაინტერესებულნი, ასევე მიწვევდნენ „როსტოვი”, „კრასნოდარი” და „ლოკომოტივი”, მაგრამ არ მიშვებდნენ. ალბათ, იცოდნენ, რომ საუკეთესო სათამაშო ფორმას დავიბრუნებდი და ვითამაშებდი ისე, როგორც ახლა ვთამაშობ… საბოლოოდ, არ ვიცი როგორ გამიშვეს. იმ პერიოდში, რაც ჩემს ირგვლივ „რუბინში” ხდებოდა, ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო…
– რას გულისხმობ?
– გრასიას ფაქტორს. მოვიდა მწვრთნელი, რომელმაც თავისი „შვილობილი“ ფეხბურთელები მოიყვანა და მათ ათამაშებდა. მითხრა, საჩემპიონო გუნდს ვამზადებ, სადაც შენს ადგილს ვერ ვხედავო… საბოლოოდ 34 ქულა დააკლდა ჩემპიონობამდე.
– ახლა კი საჩემპიონო გუნდში სწორედ შენ თამაშობ. „ლოკომოტივი” უკვე საგრძნობლად – 6 ქულით უსწრებს უახლოეს კონკურენტს და ბევრი აღიარებს, რომ ამაში დიდი წვლილი შენ მიგიძღვის.
– „ლოკომოტივს” აქვს ამბიცია იყოს ჩემპიონი. გუნდს აქვს ამის რესურსი. შეიძლება შემთხვევით მოიგო 2-3 თამაში, მაგრამ როცა 18 ტურია სტაბილურად თამაშობ და ლიდერი ხარ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მიზნებისთვის გინდება ბრძოლა. დიახ, დიდი კონკურენციის მიხედავად, ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით.
– მთავარ მეტოქედ რომელი გუნდი მიგაჩნია?
– „ზენიტი”, რომელიც სხვა კონკურენტებს საგრძნობლად აღემატება.
– „ლოკომოტივში” გადასვლისას სათამაშო პრაქტიკა გაკლდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, გუნდს საკმაოდ სწრაფად მოერგე და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდი.
– ადაპტაცია არ გამჭირვებია. გუნდი ძალიან მეგობრულად შემხვდა. უმნიშვნელოვანესი იყო მწვრთნელის ფაქტორიც – ფეხბურთელისთვის მწვრთნელის ნდობაა მთავარი. იური სიომინმა სწორედ ეს დამანახა.
– თითქმის ყოველ ტურში საუკეთესოთა შორის ხარ, ეს კი მშვენიერი სავიზიტო ბარათია უცხოეთში კარიერის გასაგრძელებლად. რაიმე კონკრეტული შემოთავაზება ხომ არ მიგიღია?
– რა თქმა უნდა, არის რაღაც ვარიანტები. დაიწერა ინგლისურ გრანდებზე – „ჩელსიზე” და „ლივერპულზე”, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, არ მინდა წინასწარ ლაპარაკი. ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ისაა, რომ თუ წავალ, გრანდში წავალ. მირჩევნია „ლოკომოტივში” დავრჩე, ვიდრე გერმანიის, იტალიის ან სხვა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის მეცხრე-მეათე ადგილოსან გუნდში ვითამაშო.
– ეროვნული ნაკრების შედეგებს როგორ შეაფსებ? როგორ ფიქრობ, აქვს ნაკრებს სამომავლო პერსპექტივა?
– ჩვენ არ გვაქვს სანაკრებო ფეხბურთლების დიდი არჩევანი. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი შემადგენლობის ბიჭები ფორმაში იყვნენ და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. ყველა თამაშზე ტრავმის გამო ძირითადის 3-4 ფეხბურთელი გვაკლდა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ ცუდად არ გვითამაშია. თუნდაც უელსთან მატჩი რად ღირს, რომელიც კარდიფში ფრედ 1-1 დავამთავრეთ და მოგებაც შეგვეძლო.
– ვლადიმერ ვაისზე რა აზრის ხარ? წაადგება ნაკრებს მისი დარჩენა?
– დიახ, წაადგება. ვაისი მაღალი დონის სპეციალისტია და სასიამოვნო ადამიანი. ყველა ფეხბურთელთან გამონახა საერთო ენა. მან გუნდის სათამაშო ტაქტიკა სრულიად შეცვალა. გაცილებით ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ. თავიდან ცოტა გაუჭირდა ქართულ მენტალიტეტთან შეგუება, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ამავდროულად ძალიან მომთხოვნია, რაც გუნდურ დისციპლინაზე სასიკეთოდ მოქმედებს.
– ვინ არის შენი საუკეთესო პარტნიორი მოედანზე?
– ნაკრებშიც და ,,ლოკომოტივშიც” იდეალური პარტნიორები მყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, გურამ კაშიას გამოვყოფდი. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.
– კაშიასთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს როგორ შეაფასებ?
– ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.
– რომელ გუნდს და ნაკრებს გულშემატკივრობ?
-„იუვენტუსს” და იტალიის ნაკრებს. უზომოდ მწყდება გული, რომ იტალიის გულშემატკივრობის შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე არ მექნება.
– ბოლოს, „რუბინის“ კარში გატანილ გოლზეც მინდა გკითხო. ფეხბურთელთა უმრავლესობა ყოფილი გუნდისთვის გატანილ გოლს არ აღნიშნავს, შენ კი ეს ემოციურად იზეიმე.
– მთელი ყაზანი და „რუბინის” გულშემატკივრობა რომ დამდგომოდა წინ, ვერ შემაჩერებდა. ამ გოლში ჩავდე მთელი ემოცია, რომელიც ბოლო პერიოდში „რუბინში” ყოფნისას დამიგროვდა. ჯერჯერობით სწორედ ესაა ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი გოლი.