„ბარსელონას“ ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი მიმდინარე სეზონში გუნდის ყველა შეხვედრაში მონაწილეობდა. ის,როგორც ძირითადი შემადგენლობის უმეტესობა მხოლოდ წუხელ დაასვენეს, თასზე, „მურსიასთან“ (“ბარსამ” მოიგო 5:0). რაკიტიჩმა ინტერვიუ მისცა კატალონიაში გამომავალ სპორტულ გაზეთ „MUNDO DEPOTIVO“-ს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
— თქვენ ერთადერთი ბარსელონელი ხართ, რომელმაც მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში ითამაშა. რა შეიცვალა? როგორ გახდით კვლავ გუნდის წამყვანი ფეხბურთელი?
— გულწრფელად გიპასუხებთ: პირადად ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ეს წინა სეზონში ლუისისთვის (ენრიკე) უნდა გეკითხათ, დღეს კი ახალ მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ. მე ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო. ბოლო ხანს უფრო დაცვაზე ვარ ფოკუსირებული, რადგან ფიქსირებული მარჯვენა ფლანგელით ვთამაშობთ. აი, ეს არის ერთადერთი ცვლილება. ამას გარდა, ვერაფერს ვამჩნევ. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ, თავს კომფორტულად ვგრძნობ. მიხარია, მწვრთნელსა და თანაგუნდელებს კმაყოფილებას რომ ვატყობ.
— სხვანაირად გკითხავთ: ვალვერდეს მოსვლამ თქვენზე როგორ იმოქმედა?
— ახალმა მწვრთნელმა ახალი იდეები მოიტანა. თან, ნეიმარის წასვლამ თავად ვალვერდესთვისაც შეცვალა ზოგი რამ. ვცდილობ, ახალი მწვრთნელის ჩანაფიქრი კარგად გავიგო. ის თავადაც ყოველდღე ფრიად მკაფიოდ გველაპარაკება. მგონი ფეხბურთისადმი მის დამოკიდებულებას მივხვდი. ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვერგეთ და ამიტომაც ვახერხებ იმას, რაც ზემოთ აღნიშნეთ.
— ლუის ენრიკემ თქვა, რომ ის ვალვერდესთვის ხიდს გადებს. თქვენ, რას გააკეთებთ ახალი მწვრთნელისთვის?
— მგონი, წარმატებით ვთამაშობთ, არა? აქამდე ლუისის მჯეროდა, ახლა ვალვერდეს ვენდობი, ხოლო ორი შეხვედრით მეტს ჩავატარებ თუ ნაკლებს, მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს თამაშში მთავარი ყოველთვის თავდადება იყო. ბუნებრივია, რომ სეზონის განმავლობაში ხან კარგი პერიოდი მექნება, ხან კი ცუდი. იმედი მაქვს, რომ ამჯერად 60 შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას. ეს სტაბილურობის ნიშანი იქნება.
— როგორც ვთქვით, თქვენ “ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელი ხართ, ვინც აქამდე ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის მიუხედავად სულ ისმის ლაპარაკი ნახევარდაცვაში ახალი ფეხბურთელის დამატებაზე. ეს გაშფოთებთ?
— ახალი ფეხბურთელის ყიდვა კლუბზეა დამოკიდებული. ზოგადად კი „ბარსა“ მხოლოდ საუკეთესოებს იმატებს. რაც გუნდის თამაშს წაადგება, ყველაფერი კარგია. ჩვენთან, ახალწვეულს ყოველთვის კარგად ხვდებიან.
— „ადიდასის“ ახალ ბუცებს, „პრედატორს“ როგორ შეეგუეთ?
— რაც „პრედატორი“ ჩავიცვი, თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ. მართალია, თავიდან ცოტა მიჭერდა, მაგრამ შემდეგ შესანიშნავად მომერგო. „ადიდასის“ თანამშრომლებს მინდა მივულოცო „პრედატორის“ შექმნა.
— მზად ხართ, ამ ბუცებით ტიტული მოიგოთ?
— კარგი ბუცები მაცვია თუ ცუდი, სეზონის ბოლოს გამოჩნდება. თუ ტიტულს მომაგებინებს, ესე იგი კარგი ყოფილა. ხუმრობა გვერდით იყოს და ჩვენ ყველა ჯილდოსთვის ვიბრძვით.
— ჩემპიონატში ლიდერები ხართ, სხვა შეჯიბრებებშიც კარგად მიდიხართ. მეტი რა უნდა ინატროს კაცმა?
— ძალიან ბევრი რამ. ჩვენ შეტევაში, დაცვაში, მეტოქეზე ზეწოლასა და თამაშის ყველა სხვა ასპექტში მნიშვნელოვანი წინსვლის საშუალება გვაქვს. მწვრთნელის შეცვლამ და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გამოკლებამ ბევრი რამ გადაასხვაფერა. საბედნიეროდ, ცვლილებებს ყოჩაღად დავუხვდით. საკუთარი ძალების რწმენა არ დაგვიკარგავს. ახლა, შორეულ მომავალზე ფიქრის გარეშე, ყოველი მომდევნო თამაშის მოგებაზე უნდა ვიზრუნოთ. მეტოქეები სულ უფრო და უფრო გვითამამდებიან, ბურთის წართმევას მოედანზე სულ უფრო წინ ცდილობენ, რაც, ვფიქრობ, კარგია. მათ ზურგსუკან სივრცეები მოუშიშვლდებათ.
— აქამდე, თქვენს ძალას შედეგებით და, თუ „ვალენსიასთან“ შეხვედრას არ ჩავთვლით, სანახაობრივი თამაშით ამტკიცებდით. ორივეს როგორ ახარხებთ?
— ზოგადად, ყველა შეხვედრაში ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით. ადრე, როდესაც „ნეი“ გვყავდა, ბალანსი გვაკლდა, მაგრამ შოუ გვქონდა მეტი. შესაძლოა, დღეს სწორედ ის გვაკლია, რასაც „ნეი“ქმნიდა სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში. სისტემის ცვლილებამ ცოტ-ცოტა ყველაფერი შეცვალა. დღეს უფრო დაბალანსებულები ვართ, მოედანზე წინ და უკან ერთსულოვნად გადავადგილდებით და თუ რამის გამოსწორება გვჭირდება, ეს უპირატესობის გამარჯვებაში იოლად გარდასახვაა.
— ისტორიული ფაქტის წინაშე ვართ: „ბარსელონა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 ფეხბურთელით იასპარეზებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დღევანდელი შემადგენლობა ადრინდელზე ძლიერია?
— არ ვიცი. ამას ტიტულები გვაჩვენებს. შემადგენლობა შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ყველაფერს შედეგი განსაზღვრავს. ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შემადგენლობით კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, ესპანეთის სუპერ თასზე დამარცხებამ კარგი საქმე გაგვიკეთა. მას მერე მოვლენათა დინამიკა კარგი გვაქვს, მაგრამ ვიმეორებ კარგი და ცუდი სეზონის ბოლოს, შედეგების მიხედვით გამოჩნდება.