ეს იყო საფრანგეთში. 1997 წელს. არაოფიციალურ ტურნირზე, რომელსაც სახელიც მარტივი დაარქვეს: “ტურნუა დე ფრანს”. მასპინძლების გარდა მონაწილეობდნენ იტალიის, ინგლისისა და ბრაზილიის ნაკრებები. “ტურნუას” მიზანი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადება გახლდათ. 98-ის მუნდიალი იქვე, საფრანგეთში უნდა ჩატარებულიყო.

“ტურნუას” ჩემპიონი გახდა ინგლისი, მეორეზე გავიდა ბრაზილია, მესამეზე საფრანგეთი და მეოთხეზე “სკუადრა აძურა”, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ამ შეჯიბრებიდან ხალხს მხოლოდ ბრაზილიელი რობერტო კარლოსის საჯარიმო დარტყმა დაამახსოვრდა დიდად არ შევცდებით. ეს იყო ულამაზესი და ყველაზე უჩვეულო გოლი, რომელიც ოდესმე ჯარიმიდან გასულა. მოგვიანებით, მას ისტორიაში პირველი “ბანანა გოლიც” უწოდეს.

ჯარიმების დიდოსტატი

რობერტო კარლოსმა ამას წინათ, ფრანგულ გაზეთ “ეკიპს” ინტერვიუ მისცა და თავისი აღიარებით მთელს აღფრთოვანებულ მსოფლიოს გული გაუხეთქა:

“ბურთი მიზანს ძალიან ცდებოდა, მაგრამ ქარმა ის დააბრუნა და კარში შეაგდო. ეს ნამდვილი საოცრება იყო”, — თქვა 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში 125-ჯერ უთამაშია.

რა გითხრათ. ალბათ, კარლოსმა უკეთ იცის რა მოხდა, მაგრამ თუ ჩანაწერს დავაკვირდებით, მოედანზე თვალშისაცემი ქარი არ უბერავს. მეორე მხრივ, ბურთის ტრაექტორია მეტისმეტად არაბუნებრივია.