რუსეთმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი წარადგინა. პოსტერის მთავარი ფიგურა მოსკოვის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინია. პრეზენტაციის წამყვანები მომავალი მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ვიტალი მუტკო, ფიფას გენერალური მდივანი ფატიმა სამურა და რუსეთის ნაკრების მეკარე იგორ აკინფეევი იყვნენ. საგანგებო სტუმრად კი იაშინს ქვრივი- ვალენტინა მიეწვიათ.

პოსტერის დიზაინერი 50 წლის იგორ გუროვიცია. მისი თქმით, ნამუშევარი  1920-30-იანი წლების საბჭოთა სტილისტიკის საფუძველზეა შესრულებული, რომელიც ბოლო ხანს ძალიან პოპულარული გახდა დასავლეთში. მას თანამედროვე ელემენტებიც დაუმატეს და კომპოზიციაც შეიკრა.

ცნობისათვის, ლევ იაშინი ერთადერთი მეკარეა, ვისაც ევროპის „ოქროს ბურთი“ მოუგია. ის ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის (1958, 1962, 1966, 1970) მონაწილეა.

პოსტერზე იაშინი ტრადიციულ ფორმაშია წარმოდგენილი: შავი სვიტერი, შორტი და განუყრელი კეპი. ის ბურთისკენ მიისწრაფვის, რომლის ერთი ნახევარი იაშინის დროინდელ ყავისფერ ბურთს წარმოადგენს, მეორე კი რუსეთის ხედს კოსმოსიდან.

პრეზენტაცია მოსკოვის მეტროს სადგურ „კრასნაია პრესნიაში“ გაიმართა. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა ასევე წარმოადგინეს თემატური მატარებელი, რომელიც ამიერიდან ქალაქის მეტროში იმოძრავებს და მუნდიალს პოპულარიზაციას გაუწევს.

მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა 1 დეკემბერს მოსკოვის კრემლში ჩატარდება.  მას გარი ლინეკერი და რუსი სპორტული ჟურნალისტი მარია კომანდნაია წარუძღვებიან. ტურნირი კი გაისად 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის 11 ქალაქში გაიმართება.

ესენია: მოსკოვი, სანკტ პეტერბურგი, კალინინგრადი, ვოლგოგრადი, ყაზანი, ნიჟნი ნოვგოროდი, სამარა, სარანსკი, ეკატერინბურგი, სოჭი და როსტოვი.