შეჯამების დროა: საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებში დაამარცხა კანადა და აშშ, ბეწვზე წააგო სტუმრად, უელსთან და ექვსი ერის კარზე ერთხელაც დააკაკუნა კი არა, უკვე ბრახუნზე გადავიდა. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრადიციული სარაგბო ქვეყნების მედია მოზრდილ მიმოხილვებს უძღვნის ბორჯღალოსნების მორიგ აჩქარებას. ყველაზე დიდი ყურადღება შემოდგომის ტესტებში საქართველოს და უელსის ნაკრებთა დაპირისპირებას ერგო და BBC-ს მიმომხილველი რიჩარდ უილიამსი პირდაპირ უსვამს დიაგნოზს უელსელთა გამარჯვებას: “საჩოთირო!”. საწყისი მიწოლის მიუხედავადო, წერს ჟურნალისტი, უელსმა აგრემც ვერ გატეხა წელში ქართველები და პირველი ტაიმის გამარჯვებულებიც, ანგარიშის მიუხედავად, სტუმრები გახდნენო.

გოგიტა ბუხაიძის ფოტო

“პირველ ტაიმში უელსმა ვერაფრით მოახერხა ხმალზე გაესვა ქართველები – კვერს უკრავს კოლეგებს სხვა ბრიტანული მედია-ავტორიტეტი “გარდიანი” – შემდეგ კი თამაში ძაღლების ბრძოლას დაემსგავსა. საქართველოს თავიდან უელსის ტემპთან ფეხის აწყობა უჭირდა, მერე და მერე კი ქართველთა ნაქებმა შერკინებამ თამაშის სადავეები ხელთ იპყრო და “დრაკონთა” ყელზე შემოჭერილ ყულფად იქცა”. ESPN-ის მიმომხილველმა, ჩვენი აზრით, ყველაზე მარილიანი ფრაზა მიუსადაგა თამაშის შედეგს, უელსმა ნერვების დამშრეტი გამარჯვება მოიპოვაო. “11-ფაზიანი მიძალების შემდეგ – ასრულებს თავის მიმოხილვას ნახსენები არხის მიმომხილველი – ქართველთა შერკინების წყობა, როგორც იქნა მოირღვა და დაინიშნა ჯარიმა, რომელმაც გულზე ლოდი ჩამოხსნა უელსელ მოთამაშეებსაც და გულშემატკივრებსაც”.

ბრიტანული მედიისთვის უელს-საქართველოს მატჩის ბოლო წუთების ეთიკური ასპექტები ასევე ფართო ინტერესის საგანს შეადგენს. BBC-ს მილტონ ჰეიგის რეპლიკა მოჰყავს: “შერკინება რომ ყოფილიყო, ლელოს დავდებდით, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, ისინიც (უელსელები) იგივეს ფიქრობდნენ, ამიტომ უკონტაქტო შერკინება არჩიეს”. უფრო ვრცლად “ბორჯღალოსნების” შეფის აზრი “ტელეგრაფის” ვებ-გვერდზეა გამოტანილი. “არ ვაპირებთ ამ ეპიზოდის გამო ერთი ამბის ატეხვას – ამბობს ჰეიგი – რაც მოხდა, მოხდა. პროცედურა კორექტულად ჩატარდა, წესი არ დარღვეულა. ერთადერთი, რასაც განვიცდით – გულდაწყვეტაა”.

თვითონ “ტელეგრაფის” მიმომხილველი ტომ ქერი უფრო კატეგორიულია და ამბობს, რომ, უორენ გეთლენდის ექსპერიმენტული ნაკრების ქართველებზე გამარჯვებაში საამაყო ნაკლებად ურევია. კრიტიკოსთა საკმაოდ დიდი გუნდის წევრი გახლავთ ვალიელთა ნაკრების ყოფილი ფლანკერი მარტინ უილიამსიც.

დეილი მეილი” და უელსის ლოკალური მედიასაშუალებები უფრო მწარედ იკბინებიან. პოპულარული გაზეთი თამაშის ბოლოს უელსელთა სამწვრთნელო შტაბის მიერ რვანახევარი წუთის მანძილზე განხორციელებულ “მანევრებს” ბედლამს (ფსიქიატრიული დაწესებულება ლონდონში) უწოდებს და თამამად ასკვნის, უკონტაქტო შერკინების დანიშვნამ ქართველებს მასპინძელთა გვემის (ზმნა batter ინგლისურიდან გულმოდგინედ გადმოვთარგმნეთ) დასრულების შანსი მოუსპოო.

“ბოლო შერკინების მიწოლის გარეშე დატოვებამ პირში მჟავე გემო დაგვიტოვა – ირონიას იშველიებს პოპულარული შიდაუელსური პორტალი “საუთ უეილს არგუს”ჰელემ ემოსის ლელოს ორი გუნდის კლასში სხვაობისთვის ხაზგასმა უნდა დაეწყო, ამის ნაცვლად კი 85-ე წუთზე თავის გადასარჩენად ცხარე თავდაცვამ მოგვიწია”. საქართველოს ნაკრების ბოლო, “ცოფიანი” შეტევისგან გამოძრომას ზეიმობს უელსის რაგბის კავშირის ვებ-გვერდიც, თუმც მასპინძელთა გასაჭირს ისევ მათსავე შეცდომებში ხედავს.

გოგიტა ბუხაიძის ფოტო

მოკლედ, უელს-საქართველოს თამაშს ბრიტანული მედია-ფლაგმანებიდან მხოლოდ ყველაზე ზარმაცები არ შეეხნენ, რასაც დანარჩენი ორი მატჩის შესახებ ვერ ვიტყვით. კლასიკურ ბრიტანულ მედია-რესურსებზე საქართველო – კანადისა და საქართველო – აშშ-ს მატჩების მიმოხილვები საერთოდ ვერ ვნახეთ. ისინი ჩვენებს, “არწივებს”, ოკეანეთელებს და სხვებს ოდნავ ქედმაღლურად მეორე დონის, ან მეორე ეშელონის გუნდებად იხსენიებენ და უფრო ხშირად მშრალი ანგარიშის დადებას სჯერდებიან.

მსოფლიო სახელის მქონეთაგან მხოლოდ ყოვლისმომცველი PlanetRugby შეეხო კანადელებზე ქართველთა გამარჯვებას ერთი დაიჯესტით, ხოლო ჩვენი მედია-მიმოხილვის დანარჩენი ნაწილი უშუალოდ კანადურ მედია-რესურსებზე მოვიძიეთ. არ ვიცით, რა ლოგიკით, მაგრამ თბილისური მატჩის ყველაზე დეტალური მიმოხილვა პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის მოწინავე გაზეთების, “პროვინსისა” და “თაიმს ქოლონისტის” ვებ-ფურცლებზე აღმოვაჩინეთ. პირველი გაზეთის პორტალზე სათაურმა ცრემლი მოგვადინა. “წინ დიდი გზა გვიძევს” – ამბობს გაზეთი და თემას ქართველ მორაგბეთა არაადამიანური ჯანისა და არასტუმართმოყვარე ქართული სარაგბო სარბიელების აღწერით განავრცობს. “ოთხი წლის წინანდელი მატჩი იმავე თბილისში – ჩივის კანადური გაზეთი – მოსაგები იყო, მაგრამ ქართველებმა არამხოლოდ ძალით, არამედ ძალადობითაც შედეგი სათავისოდ დაინარჩუნეს… ამჯერად კი უარესნი ვიყავით. უამრავი სულელური შეცდომით მეტოქეს მრავალი ბურთი ვაჩუქეთ. ეს სირცხვილი იყო”.

“თაიმს კოლონისტიც” გაეტირა ქართველებთან წაგებას და ბოლო ექვსი წლის მანძილზე რეიტინგის მე-12-დან 24-ე ადგილზე ჩამოქვეითებას, მაგრამ იმათ თავიანთი იდარდონ, ჩვენ კი – ჩვენი: მომავალ წელს, თუ იტალიას დავცემთ, იქნებ შემოელიოთ არგუმენტები რაგბის ბობოლებს და ის კარი გაგვიღონ, რომელში შებიჯებაც, ერთი ხანია, დავიმსახურეთ.

წილი
წინა სტატიადევდარიანი ლიანდაგიდან გადავიდა
შემდეგი სტატიაცხოვრება ფეხბურთია
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია