ძველი ამბავი კი არის, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს. იურგენ კლინსმანს რომელიღაც გერმანულმა გამოცემამ ჩამოართვა ინტერვიუ და ასეთი კითხვაც კი დაუსვა:  თბილისის „დინამოში“ გადასვლას ხომ არ აპირებთო.

ეს მაშინ იყო, კლინსმანმა „შტუტგარტის“ შემდეგ მილანის „ინტერში“, „მონაკოში“ და „ტოტენჰემში“ რომ ითამაშა, ქვეყნის ჩემპიონი  ვერც გერმანიაში გახდა და  ვერც იტალია-საფრანგეთ-ინგლისში, „დინამო“ კი იმ დროისთვის საქართველოს უცვლელი ჩემპიონი გახლდათ.

მოკლედ, „დინამოს“ მარადიული ჩემპიონობის ამბავი გერმანიაშიც იცოდნენ. კლინსმანი კი ქვეყნის ჩემპიონი მოგვაინებით მაინც გახდა, როცა ინგლისიდან სამშობლოში დაბრუნდა და 1997 წელს „ბაიერნში“ ბუნდესსინი ასწია.

„დინამოს“ საჩემპიონო სვლა 2000 წელს ქუთაისის „ტორპედომ“ დაამუხრუჭა. ანუ ქუთაისური კლუბი პირველი იყო, დინამოური, ათწლიანი ბატონობა რომ შეაჩერა. „ტორპედომ“ გვითხრა, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ქვეყნის ჩემპიონი მხოლოდ ერთი გუნდი ხდებოდესო.

ცხადია, „დინამოს“ და „ტორპედოს“ დაპირისპირება 2000 წლიდან არ დაწყებულა. ქუთაისში ყოველთვის იყოს იმის ამბიცია, მათი გუნდი დედაქალაქს გაჯიბრებოდა.

კლინსმანის ინტერვიუზე უკეთ 2002 წლის ქუთაისი მახსოვს, როცა ჩემპიონატის გადამწტყვეთ შეხვედრაში „ტორპედომ“ ივო შუშაკის გაწვრთნილი „დინამო“  1:0 დაამარხცა და მიჯრით მესამედ გახდა ჩემპიონი. სტადიონზე 30 000 კაცზე მეტი მოვიდა, ტევა არ იყო, ხალხი საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად განათების ბოძებზეც კი ამძვრალიყო.  ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გამოვიდა. „ტორპედოში“ მთავარი კაცი მაშინ მალხაზ ასათიანი გახლდათ.

ახლაც ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, ოღონდაც თბილისში საფეხბურთო ზეიმი ვერ გამოვიდა. ჩემპიონატის ფინალმა ისე ჩაიარა, სტადიონის მეოთხედიც ვერ შეივსო და ამასაც აქვს თავისი მიზეზი. თამაში „დინამოზე“ იყო, ამ სტადიონზე  ტრიბუნებს  საერთაშორისო მატჩები ავსებენ, „დინამოს“ და „ტორპედოს“ დაპირისპირება კი უფრო ქუთაისური ამბავი და ზეიმია.

„ტორპედოზე“ ჩემპიონობა ალალია, კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, არ შეეგუა მდევრის როლში ყოფნას და ბოლო დარტყმაც თბილისში მიაყენა ტიტულოვან  მეტოქეს.

„დინამომ“ ბევრი ფეხბურთელი გაასხვისა უცხოეთში და თქმა რად უნდა, ამან მნიშვნელოვნად დაასუსტა. მიუხედავად ამისა, კახა კაჭარავამ მაინც მოახერხა ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა და ძალიან ახალგაზრდული გუნდით მეორეობა. ჩემპიონობაც იქვე იყო, ხელის გაწვდენაზე, ოღონდაც ფეხბურთი მაინც ზრდასრული კაცების თამაშია, აქაც არის ბევრი რამ, რაც მხოლოდ ასაკთან ერთად მოდის.

მე არ ვიცი, რა მიზანმიმართული პოლიტიკა ექნება „დინამო თბილისს“. ფაქტია, „დინამომ“ ფეხბურთელების ექსპორტს მიჰყო ხელი და ამაში დასაძრახი არაფერია, ოღონდაც ყველა ტრადიციული გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკლუბო ფილოსოფია, ის ამბავი და სიყვარული, რითაც  ტრიბუნები ივსებოდა,  საერთაშორისო სარბიელი, რომელსაც ხალხი თბილისში სტადიონზე მოჰყავდა.

„ტორპედოს“ და „დინამოსაც“ ყველაზე უფრო ერთმანეთისგან ძველი ფილოსოფია განასხვავებს, თორემ არავინ იცის ხვალ რა იქნება, ვის ექნება მეტი ფინანსური რესურსი -„ტორპედოს“ თუ „დინამოს“.

ფეხბურთი გულშემატკივარს ეკუთვნის, ფანების გარეშე ეს სანახაობა მკვდარია. ქომაგის სტადიონზე მოყვანას კი პირველ რიგში კლუბის ფილოსოფია სჭირდება, ასეა ყველგან და ვერც ჩვენი ჩემპიონატი იქნება გამონაკლისი. ამ დროისთვის ასეთი ფილოსოფია „ტორპედოს“ უფრო აქვს, ვიდრე „დინამოს“…

ქუთაისმა თბილისს უნდა აჯობოს, დედაქალაქს!

კი,  ზოგიერთი ქუთაისელი ქომაგის საქციელსაც მოიკითხავს კაცი, „დინამო არენაზე“ სკამები რატომ დალეწესო, ოღონდაც ეს ვერ იქნება მთავარი ამბავი „ტორპედოს“ და „დინამოს“დაპირისპირებაში.

ქუთაისი არ ყოფილა ყოველთვის მეორე ქალაქი საქართველოში. ამბობენ, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე ქუთაისი იყო ერთადერთი პირდაპირი კავშირი ევროპასთან –  ქართველი კათოლიკეების გავლენით რომში ყოველწლიურად ექვსი ვაჟი და ამდენივე ქალი მიდიოდა განათლების მისაღებად, თბილისში კი ყარაჩოღელები და კინტოები პარპაშებდნენ,  დედაქალაქიდან ევროპასთან ხიდი რუსეთზე გადიოდა.

ეს ისტორიაც, ალბათ, კარგად ახსოვთ ქუთაისში.

საგაისო ევროსარბიელის კი რა გითხრათ, დღევანდელი რესურსით  გამონათებას არც „ტორპედოსგან“ უნდა ველოდოთ და, არც „დინამოსგან“…

წილი
წინა სტატიასად, ვის, რას…
შემდეგი სტატიაქარი ქრის? ქარი ქრის? ქარი ქრის? ?
საყვარელი გამოთქმა - შემთხვევითი ხალხი პროფესიულ ფეხბურთში საყვარელი ფეხბურთელი - რუმენიგე, რომელთანაც ფეხბურთი ითამაშა საყვარელი პერსონაჟი - ფიზკულტურის ხორცმეტი დოლაბერიძე