სერბები იმთავითვე ფავორიტად რომ ითვლებოდნენ, მგონი ეს ახალი არავისთვის უნდა იყოს. არც სერბები აკეთებენ რამეს მოსაჩვენებლად, პირდაპირ ამბობდნენ, კარგად მოგიგებთო. 20-30 ქულიან სხვაობას ფიქრობდნენ, თუმცა მაგრად კი ვეწინააღმდეგებოდი… „ალექსანდრ ნიკოლიჩის“ დარბაზში სერბ მეგობრებთან ერთად გახლდით და ჩვენი კალათბურთელების მსგავსად, პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, თანმხლებნი მეც გვარიანად მყავდა შევიწროვებული, მაგრამ… განახლდა შესვენების შემდეგ თამაში და ცალკე საქართველოს ნაკრებმა ვერ აუწყო ხელ – ფეხი მასპინძლების ზუსტ სროლებს და ცალკე ტრიბუნაზე ატყდა ერთი ამბავი. სხვათა შორის, დარბაზში ანშლაგს ელოდნენ, მაგრამ ორშაბათი სერბეთშიც მძიმე დღეა და ხალხმა ტელევიზორებთან დარჩენა ამჯობინა. როგორც ადგილობრივმა ინფორმატორმა გვამცნო 7-ათასიან „ალექსანდრ ნიკოლიჩის“ დარბაზში 5 800 ქომაგი კი შეკრებილა. სერბეთის ნაკრები, როგორც წესი, ოფიციალურ მატჩებს ბელგრადის 23-ათასიან სპორტის სასახლეში ატრებს, მაგრამ ჯერ ერთი, სპორტის სასახლე „სკორპიონსის“ კონცერტისთვის იყო დაკავებული და მეორეც, სერბები თავიანთი ვარსკვლავების გარეშე იყვნენ და ფედერციაშიც წიდაწინ იცოდნენ, თეოდოსიჩისა და მისი დონის კალათბურთელების გარეშე სპორტის სასახლე არ შეივსებოდა. სხვათა შორის „ალექსანდრ ნოკოლიჩი“ ამ დარბაზის ოფიციალური სახელწოდებაა, თორემ ისე ყველა „პიონირად“ მოიხსენიებს. სხვა მხრივ, კალათბურთი რომ სერბეთში უზომო პოპულარობით სარგებლობს, მგონი ისეც ცხადია.
აშკარად გვაჯობეს სერბებმა მეორე ტაიმში. ვფიქრობ, ჩვენებს გამოცდილება დააკლდათ და ცოტ-ცოტაც შეთამაშების პრობლემა იგრძნობოდა. სერბებმა კი როცა ზურგსუკან მეტოქის სუნთქვა იგრძნეს, მაშინ ჩართეს მეორე სიჩქარე და ქართველები არ დაიდეს. გოგა ბითაძეს გამოვარჩევდი. 18 წლის ბიჭს, რომელიც სერბეთში თამაშობს და სერბებს არაფერი დაუთომო. ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ… სტატისტიკით კი ჩვენებიდან საუკეთესო დიქსონი გამოდგა, რომელმაც 36 ქულა ჩააგდო. ამ ქულების ზუსტად ნახევარი კი საერთო ანგარიშში სხვაობა დაფიქსირდა – 105 : 87.
გინდ სანაკრებო, გინდ ევროლიგის შეხვედრების შემდეგ ბელგრადის ქუჩებში ერთი ღრიანცელია ხოლმე, თუმცა ვერ გეტყვით სერბებზე ქართველები მოქმედებენ თუ რა ხდება, ფაქტია, აქ არც საფეხბურთო მატჩის შემდეგ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული (არადა იმ მატჩის შემდეგ სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა) და არც ახლა, კალათბურთში ზედიზდედ მეორე შესარჩევი მატჩის მოგების შემდეგ…