საქართველოს ჩემპიონის ფარი

გასულ კვირას „ოქროს მატჩზე“ მისული ხალხი გაკვირვებული დარჩა – საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ახალი ჯილდო ძალიან წააგავდა გერმანული ბუნდესლიგის „ვერცხლის სასალათეს“. მალევე  გავიგეთ, რომ ეს ახალი ნაკეთობა ჩემპიონის ფარი ყოფილა, რომელიც ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს. ეროვნული ლიგის ვებ-გვერდის ცნობით, ხევსურული ფარი გარდა დაცვისა, შეტევაშიც იმავე წარმატებით გამოიყენებოდა. ამ ფუნქციით ის ძალიან წააგავს ფეხბურთს და ზოგადად გუნდური შეჯიბრების ხასიათს.

ფარის დიზაინზე კომპანია kolektiv-ს უმუშავია და ის იუველირ გოგა ელბაქიძეს დაუმზადებია. ფარი თეთრ ოქროშია ამოვლებული, 55 სმ დიამეტრისაა და 10 კილოგრამს იწონის. ფარზე გარდა ხევსურული ორნამენტებისა, ასევე ამოტვიფრულია 1990 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ყველა ჩემპიონი გუნდის სახელწოდება.

ქალთა ბუნდესლიგის ჩემპიონის „სასალათე“

მართლაც ლამაზი, შინაარსიანი ნაკეთობაა და ალბათ, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს ვისი იდეა იქნებოდა. სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ხომ 16 წელი თამაშობდა გერმანიაში. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც კიდევ ერთი „სტაჟიანი გერმანელია“.

ისე, გერმანული გამოცდილების გათვალისწინებას რა სჯობს, მათ ხომ ლამის ყველაზე  გამართული საფეხბურთო მეურნეობა აქვთ მსოფლიოში. მაგრამ  რაღაც ახლებურ- ჩვენებურიც რომ გავაკეთოთ, არც ეს იქნება ცუდი… მაგალითად, კარგი იქნებოდა ჩვენი ფეხბურთის მამებს რეალურად (არა მხოლოდ ფორმით) გადმოეღოთ გერმანული მოდელი  ბავშვთა ფეხბურთით დაწყებული, სანაკრებო სისტემით დამთავრებული… ისიც არ იქნებოდა ურიგო, საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი რომ იცვლებოდა, ადრევე გვცოდნოდა…

ბუნდესლიგის ჩემპიონის „სასალათე“

ჩემპიონის სინის თუ თასის გადაცემა ევროპაში დიდი ხანია დამკვიდრდა. ჩვენთანაც არსებობდა ასეთი პრიზი და კარგა ხანს ბევრი ვერ არკვევდა რომელი იყო საქართველოს თასი და რომელი ჩემპიონისთვის განკუთვნილი.

მაგალითად, გერმანიაში ვერცხლის „სასალათე“ 1949 წელს გაჩნდა. ახალი პრიზის დამზადება კიოლნის ერთ-ერთი სკოლის შრომის მასწავლებელს, ელიზაბეტ ტრესკოვს დაავალეს. ქვეყნის საფეხბურთო კავშირის მესვეურთა არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. ქალბატონი ერთობ გაწაფული იუველირი და დიზაინერი გახლდათ. ტრესკოვმა გადაწყვიტა გადაეხვია თასების კლასიკური კონცეფციისთვის და შექმნა განსხვავებული პრიზი, რომელიც წინამორბედებს არ ჰგავდა.

საფრანგეთის ჩემპიონის ჯილდო

ტრესკოვმა მოსწავლეებთან ერთად დაამზადა  საჩემპიონო პრიზი, რომელსაც „სასალათის“ ფორმა ჰქონდა. ნაკეთობაში  5,5 კილოგრამი ვერცხლი გამოიყენა, ხოლო  ზედაპირი 16  სხვადსხვა ზომის  ძვირფასი ქვით მოაპირკეთა.

„ვერცხლის სასალათეზე“, ანუ როგორც მას გერმანულად უწოდებენ – მაისტერშალე – 1903 წლიდან მოყოლებული ყვლა ჩემპიონი გუნდის სახელი ამოტვიფრეს.

დროთა განმავლობაში „სასალათის“ დიზაინი რამდენადმე შეიცვალა. დღესათვის ის 59 სმ დიამეტრისაა და 11 კილოგრამს იწონის.

ასეთივე მაისტერშალები აქვთ გერმანიის მეორე  და ქალთა ბუნდესლიგებში. საინტერესოა, რომ ვიზუალურად ჩვენი „ხევსურული“ ყველაზე უფრო ამ უკანასკნელს ჰგავს.

სასალათეს აძლევენ ჩემპიონს ავსტრიაშიც და ჰოლანდიაშიც. ერთხელ, 2011 წელს, „აიაქსის“ ფეხბურთელები ქუჩაში ღია ავტობუსით ზეიმობდნენ გამარჯვებას როცა მეკარე მარტინ სტეკელენბურგს პრიზი ხელიდან გაუვარდა  და ავტობუსის ბორბლებში ჩავარდა…თუმცა „სასალათე“ გადარჩა.

ინგლისის ჩემპიონის თასი

სხვადსხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარადაა. დიდ ჩემპიონატებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებულის თასი სიმაღლეში 76 სანტიმეტრია, წონა კი 25 კილოგრამი. მისი კორპუსი  ვერცხლისაა. მალაქიტის სადგამზე ჩემპიონი გუნდების სახელებია ამოტვიფრული. მთავარი დეტალები კი მოოქროვილი გვირგვინი და სამი ლომის კონცეფციაა. ორი ლომი სახელურების კუთხეებშია გამოსახული, მესამედ კი ჩემპიონი გუნდის კაპიტანი მოიაზრება.

იტალიის ჩემპიონის თასი

იტალიის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი 1960 წელს დაამზადა სკულპტორმა ეტორე კალველიმ. მისი სიმაღლე 45 სანტიმეტრი, წონა კი დახლოებით 5 კილოგრამია. რომელიც ლურჯი სოდლიტის ქვის სადგამზეა მიმაგრებული, შუაში კი სპორტსმენთა ალეგორიის გამომხატველი ოქროს წრე აქვს. ორიოდ წლის წინათ თასს ტელევიზიების მოთხოვნით რამდენიმე სანტიმეტრი მიუმატეს. მისი ფასი დაახლოებით 60 ათასი ევროა და მოოქროვილ სადგამზე 1960-61 სეზონის შემდეგ ყველა ჩემპიონი გუნდის სახელია ამოტვირფული. პირველი მფლობელი ტურინის „იუვენტუსია“.

ესპანეთის ჩემპიონის თასი

გამარჯვებულს ესპანეთშიც თასს გადასცემენ, ოღონდ სამეფოში  არ აგვერიოს.

საფრანგეთისას ვერც თასს დავარქმევთ და ვერც „სასალათეს“. რაღაც შუალედური ვარიანტია.  ფრანკო-არგენტინელი მხატვრის, პაბლო რეინოსოს ნახელავია და ჩემპიონს 2006-07 წლების სეზონიდან გადაეცემა.

ჩვენთან კი პირველი ხევსურული მაისტერშალეს მფლობელი ქუთაისის „ტორპედოა“.

 

 

წილი
წინა სტატიაიყიდება მარადონა გაზზე
შემდეგი სტატიაქუთაისური ამბავი დინამოზე
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.