კარგად მოიჩხრიკეთ ჯიბეები და ზედმეტი 300 ათასი არგენტინული პესო  ან 17 000 დოლარი თუ მოგეძევებათ, შეგიძლიათ იყიდოთ 1986 წლის „ფორდ სიერა X4“, რომელიც მარადონას მამას, დონ დიეგო მარადონას ეკუთვნოდა.

უძრავ-მოძრავი ქონების არგენტინულ საიტზე მავანმა „მირკომ“ გასაყიდად გამოიტანა  1986-წლის გამოშვების „ფორდი“. ირკვევა, რომ დონ დიეგოს ავტომანქანა 1986 წლის 2 თებერვალს უყიდია. იმავე წლის ზაფხულში მისმა გენიოსმა შვილმა გენიალური ფეხბურთით მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკაში. დიეგო უფროსმა ავტომობილი 1987 წლის დეკემბერში გაყიდა.

რასაკვირველია, მსოფლიო ჩემპიონი მამის „ფორდის“ საჭესთანაც ბევრჯერ ყოფილა და ფასიც, 300 ათასი პესო – რაც იქაური საზომით იაფი არაა – ამან განაპრობა. მარადონას თაყვანისმცემლებს რა დალევს და, 30 წლის „ფორდში“ 17 000 ათასი დოლარის გადამხდელიც, ალბათ, ბევრი გამოჩნდება.

ცნობისთვის – მანქანა გაზზეა. „შარავოის“, „სტუპიცის პაჩებნიკის“ და „უდარნი ტიაგების“ მდგომარეობაზე არაფერია ნათქვამი.

 

წილი
წინა სტატიარეცეპტი: შარდში გავურიოთ დოპინგი…
შემდეგი სტატიასად, ვის, რას…
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.