არგენტინაში, პრიმერა დივიზიონის შეხვედრის დროს, „ატლეტიკო პატრონატოს“ ხულიგან ფანებს ტრიბუნაზე მსხდომი ჩვეულებრივი ბავშვები მოწინააღმდეგე გუნდის, „უნიონ სანტა ფეს“ გულშემატკივრები ეგონათ და დანებით დაესხნენ თავს. შედეგად, 10-15 წლის რვა ბავშვი და მათი თანმხლები უფროსი საავადმყოფოში მოხვდნენ.
დაზარალებულები ბავშვთა გუნდიდან, „დეპორტივო სტრობელიდან“ იყვნენ. ისინი სტადიონზე დიდი ფეხბურთის სანახავად ადგილობრივმა მთავრობამ დაპატიჟა. ცოდვის ტრიალი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ყმაწვილებმა თავიანთი გუნდის დროშა გაშალეს, რომელიც გაფორმებით არა, მაგრამ ფერებით „უნიონის“ ფერებს ჰგავდა.
„ატლეტიკო პატრონატოს“ ფანების ჯგუფმა, რომლის წევრებიც გვარიანად ზრდასრულები იყვნენ და ზოგი მათგანი ინდიელი მებრძოლივით წელსზევით გაშიშვლებულიყო კიდეც, ჯერ შორიდან დაიწყო ლანძღვა-გინება, შემდეგ კი ჩხუბზე გადავიდა. ერთ ბავშვს სამი ჭრილობა მიაყენეს, ერთ-ერთის მამას კი ცხვირი გაუტეხეს.
სტადიონზე სულ 35 ბავშვი იყო. „თავდამსხმელებს დანები და რკინის კეტები ეჭირათ. ვხედავდი, როგორ იჭერდნენ პატარებს ქეჩოთი და სცემდნენ. არადა, ზოგი ყმაწვილი სტადიონზე პირველად გვყავდა. როდესაც, როგორც იქნა, სამშვიდობოს გამოვაღწიეთ და ბავშვები მშობლებთან დაბრუნდნენ, ბევრმა მათგანმა ტირილი დაიწყო და თქვა, რომ სტადიონზე ცხოვრებაში აღარ წავლენ.“ — თქვა ინციდენტის შემსწრე და მონაწილე მასწავლებელმა.
პოლიციამ თქვა, ორი კაცი დავიჭირეთო.
ეს მბავი ბუენოს აირესიდან 500 კილომეტრში, ქალაქ პარანაში მოხდა.
აპრილში, არგენტინაში, ხულიგნებმა ერთი კაცი ტრიბუნიდან გადააგდეს და მოკლეს. დღეისათვის, „უნიონი“ არგენტინის პრიმერა დივიზიონის ცხრილში მესამე ადგილზეა, „პატრონატო“ კი ოცდამეერთეზე.