ძნელია, წერო ადამიანზე, რომელსაც თითქმის შენი ასაკის ტოლი საფეხბურთო კარიერა აქვს, რომლის თამაში არ გინახავს და შთაბეჭდილებას მხოლოდ მასზე წაკითხული და გაგონილი გიქმნის. მას ერთხელ უთქვამს, ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის ის იქნება, თუკი მომავალ თაობებს გივი ნოდიას შესახებ რამე ეცოდინებათო. იციან, ბატონო გივი, მართლა იციან!
სპორტს აქვს ერთი საუცხოო თვისება. იგი აფთიაქარის სიზუსტით აღნუსხავს როგორც გუნდის, ასევე ცალკეული სპორტსმენის შედეგებს და თითოეულს თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს. გივი ნოდიას მართლაც მისთვის შესაფერისი, ღირსეული ადგილი უჭირავს ქართული ფეხბურთის მატიანეში.
ახლა ცოტა სტატისტიკა მოვიშველიოთ და დანარჩენი თავად განსაჯეთ. მან საკავშირო შეჯიბრებებში და ოფიციალურ საერთაშორისო შეხვედრებში 110 გოლის გატანა შეძლო. 21-ჯერ ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. არაერთხელ დაასახელეს „33 საუკეთესოს“ შორის. ერთხელ ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა, ოთხჯერ დაეუფლა საკავშირო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალს. მაგრამ მან, მისი თაობის ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, სანუკვარ მიზანს ვერ მიაღწია — ვერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ამასთან დაკავშირებით ბატონ გივის მრავალი წლის შემდეგაც ბევრჯერ სინანულით უთქვამს — დროთა განმავლობაში ჩემი საფეხბურთო ცხოვრების გამორჩეული წარმატებები ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, ჩემპიონობა კი სხვა იქნებოდა, დაუვიწყარი და განუმეორებელი. მეც მუდამ მისკენ ვისწრაფოდი, მაგრამ ვერ შევძელი, ვერ ავიხდინე ოცნება.
თამაშის წინ გივი ნოდია განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. თავისი ათლეტური თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ტანმორჩილი და მხარში ოდნავ აწურული, ყურადღებას არ იპყრობდა, მაგრამ იწყებოდა თამაში და ნოდია თვალნათლივ გარდაიქმნებოდა ხოლმე ძალიან სწრაფ, უაღრესად აგრესიულ თავდამსხმელად, რომელსაც ყველაზე ხელსაყრელი პოზიციის შერჩევის საოცარი გუმანი ჰქონდა და ეს ყველაფერი ხშირად მისი გატანილი გოლით მთავრდებოდა.
1967 წელს ნოდიამ პირველად მოირგო თბილისის „დინამოს“ მაისური. იმ პერიოდში დინამოელებს საკავშირო ჩემპიონატის მორიგი კალენდარული შეხვედრა უწევდათ მოსკოვში ადგილობრივ თანაკლუბელებთან. ეს ის პერიოდია, როდესაც მოსკოველები აშკარად ჩაგრავდნენ ჩვენს გუნდს, მანამდე სათასო შეხვედრაშიც სძლიეს და ჩემპიონატშიც ჯიქურ მიიწევდნენ მწვერვალისკენ. რა გასაკვირია, რომ ამ მატჩშიც ფავორიტებად მასპინძლები ითვლებოდნენ. თამაშიც მათი სრული უპირატესობით წარიმართა. მასპინძლები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, სტუმრები საკუთარ კარს მიჯაჭვოდნენ და გოლიც გარდაუვალი ჩანდა. და გოლი გავიდა, გავიდა ოღონდ მოსკოველთა კარში. იშვიათი კონტრშეტევის დროს თბილისელებმა კუთხურის უფლება მოიპოვეს. იქიდან ჩაწოდებულ ბურთს კი, მანამდე ჩრდილში მდგომი ნოდია წარმოუდგენელი ინტუიციით დაუხვდა. იგი იმ ადგილას გაჩნდა, სადაც წესით და რიგით ვერ უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ იქ იყო ბურთი… უტყუარი ალღოთი დაჯილდოებულმა ქართველმა ცენტრფორვარდმა წარმოუდგენელი სირთულის გოლი გაიტანა. იმ შეხვედრაში შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა…
ნოდიას თამაშში აქცენტი საფეხბურთო ტექნიკაზე არ კეთდებოდა ისე, როგორც თანამედროვე ფეხბურთში ესმით. იგი არც განსაკუთრებული ფიზიკური აღნაგობით თუ მომზადებით გამოირჩეოდა. უბრალოდ, ნოდიას ჰქონდა ორი დიდი კოზირი, რაც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა — წმინდა საფეხბურთო აზროვნება და ინტუიცია, ბურთის შეგრძნების საოცარი უნარი. წარმოიდგინეთ მატჩი, სადაც თითქოს არაფერი არ ხდება, ბურთს მშვიდად აგორებენ და იმ მომენტში თამაშის გამწვავებას არავინ ელის და უცებ ერთი გუნდის საჯარიმოში ჩოჩქოლი შეიმჩნევა, მცველებს აღელვება ეტყობათ და უკვე მათი თავგანწირვაც ვერაფერს შეცვლის… გოლი გავიდა, ნოდიას გოლი.
წარსულში ცნობილ ერთ ფეხბურთის სპეციალისტს უთქვამს, გივი ნოდიას თამაში ზედმიწევნით ჰგავსო ნიანგის ნადირობას, როცა ეს საშიში მტაცებელი გაინაბება, გაირინდება, გაიტვრინება, თავს მოიმკვდარუნებს, რათა შემდგომ წამს იფეთქოს, კამარა შეკრას და სატევარივით ბასრი კბილებით მომაკვდინებელ რკალში მოაქციოს მოტყუებული მსხვერპლი. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი, ამავდროულად ზუსტი შედარებაა. გივი ნოდია თითოეულ მატჩში მომენტის შერჩევისთვის იბრძოდა, თავის ჯერს ელოდა და როცა ასეთი წუთი დგებოდა, მოწინააღმდეგე განწირული იყო, გოლი — გარდაუვალი.
იშვიათი გამონაკლისის გარდა ნოდიას ძალიან ჩვეულებრივი გოლები გაჰქონდა. იგი ხშირად ამატებდა მეკარის მოგერიებულ, ანაც ძელიდან ასხლეტილ ბურთს. კარგად სარგებლობდა საჯარიმოში შექმნილი არეულობით. ეს არ იყო თვალისმომჭრელი დრიბლინგი, ფინტების კასკადი, ეფექტური დარტყმები. მას უბრალოდ გაჰქონდა, ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი (თუკი შეიძლება გოლს ასე ვუწოდოთ), მაგრამ ყოველთვის ასე საჭირო გოლი.
მის მიმართ ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, თამაშის დროს ბოლომდე არ იხარჯება, ბრძოლას თავს არიდებსო. უფროსებისგან მსმენია, ხშირად გვინახავს ნოდია ბრძოლის ეპიცენტრს მოწყვეტილი და გაზონზე მშვიდად, დინჯად მოსიარულე, თითქოს მის იტგვლივ არაფერი არ ხდება, ტრიბუნებიდანაც ბევრჯერ მოუთხოვიათ ნოდიას შეცვლა, მაგრამ მატჩის ბოლოს მისთვის ყოველთვის ტაში დაგვიკრავსო. საოცარია, არა? 1973 წელს, ქვეყნის ჩემპიონატის მორიგ კალენდარულ მატჩში, თბილისის „დინამო“ მინსკელ თანაკლუბელებს მასპინძლობდა. „ლოკომოტივზე“ გამართულ იმ შეხვედრაში, კაცმა, რომელიც ბოლომდე არ იხარჯებოდა, რომელიც ოფლის დაუღვრელად თამაშობდა და ხშირად ბრძოლას თავს არიდებდა, ოთხი გოლი გაიტანა მეტოქის კარში და ბოლოს სიხარულისგან აზვირთებულ ტრიბუნებს მოკრძალებით გაშორდა. ერთ-ერთი ერთობ საბჭოური გაზეთი ამ მატჩის რეცენზიაში წერდა: „მართალია, ნოდიამ ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის განმავლობაში იგი მხოლოდ ოთხჯერ შეწუხდა და გაიქცა“.
წარმოგიდგენიათ, ოთხჯერ გაიქცაო. ეტყობა, ამის დამწერმა რუსმა ჟურნალისტმა იფიქრა, ხომ მაინც გავკენწლე ქართველი ფეხბურთელიო. საკითხავია, კრემლის ხუთქიმიანი ვარსკვლავით განათებული უძლეველი ქვეყნის შვილს რამდენი ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა ნანახი, რომელსაც ყოველ გაქცევაზე გოლი გაჰქონდა.
1972 წლის 13 სექტემბერი — დღე, რომელიც სამუდამოდ გახდა ქართული ფეხბურთის კუთვნილება. ამ დღეს თბილისის დინამოელებმა თავიანთი პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი ჩაატარეს ჰოლანდიური „ტვენტეს“ წინააღმდეგ. მოგვიანებით, თამაშის შემდეგ, სტუმართა მთავარი მწვრთნელი კონი იტყვის — „ბრწყინვალე იყო ცენტრფორვარდი ნოდია. მინდორზე გამოსვლამდე შთაბეჭდილებას არ ახდენდა, მაგრამ რა ყოფილა თამაშში! უაღრესად ჭკვიანი ფეხბურთელია“. შემოდგომის იმ საღამოს ნოდია მართლაც შეუდარებელი იყო. არადა, თავიდან გავრილ კაჩალინს მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენებაც არ სურდა, ფეხბურთელს მცირედი ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მრავლისმნახველი სპეციალისტი ბოლომდე ენდო გამოცდილ, ჭკვიან ცენტრფორვარდს, ენდო და არც წააგო. ის შეხვედრა „დინამომ“ მოიგო. დროფტის და ორანენის გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა ნოდიამ ცეცხლი დაანთო მეტოქის საჯარიმოში. შედეგად, აზვირთებული ტრიბუნები კვლავ ზეიმობდნენ, გოლს ზეიმობდნენ, ნოდიას გოლს.
1998 წლის 5 ნოემბერი