თბილისში, „დინამო არენაზე“, თბილისის „დინამოსთან“!… ქუთაისის „ტორპედომ“ ქვეყნის ჩემპიონის მეოთხე ტიტული ყველაზე პრინციპულ და უხერხულ მეტოქესთან მოიპოვა. ამაზე დამსახურებული, ამაზე საამაყო და გასახარი, „ტორპედოსთვის“, აბა, სხვა რა უნდა მომხდარიყო?!
… და გმირი: ქუთაისელთა მეკარე და კაპიტანი როინ კვასხვაძე! საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე მეტოქე ფორვარდის აუღებელი დარტყმულის ამღები და ბოლო წუთს პენალტის მომგერიებელი. ზეიმსა და ღრიანცელში მატჩი როგორ დამთავრდა, მგონი აღარავის გაუგია… როინ კვასხაძემ „ტორპედოს“ და ქუთაისს ნანატრი მეოთხე ჩემპიონობა აჩუქა. ახლა კი ოთარ კიტეიშვილის, თბილისელთა 21 წლის კაპიტნის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც წარმოიდგინეთ – ის 95-ე წუთზე საჩემპიონო პენალტს ასრულებდა. წუთით, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას გადავავლოთ თვალი და კაშკაშა ვარსკვლავების გაცუდებული პენალტებიც გავიხსენოთ… ოთარ კიტეიშვილს მთელი კარიერა წინ აქვს და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი, ლამაზი გოლი ელის…
მთელი ჩემპიონატი კვალში ედგა „ტორპედო“ „დინამოს“ და აი, მისი უკან მოტოვება ზედ ფინიშის ხაზზე შეძლო. ყოჩაღ თბილისელებსაც, მათ მწვრთნელ კახა კაჭარავას, რომელმაც სეზონში ფაქტიურად ორი ახალი გუნდი ათამაშა და მაინც აქამდე მოვიდა… სწორედ ორი ახალი გუნდი, რადგანაც „დინამომ“ თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა გაასხვისა. ბოლოს კი კახა კაჭარავა 16 წლის ზურაბ დავითაშვილის იმედად დარჩა, ვინც საჩემპიონო მატჩში დამთავრებამდე 20 წუთით ადრე ჩართო.
ამასობაში კი შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გამოგვრჩა — თორნიკე კაპანაძე, იგივე ელვა, რომელმაც მისთვის ჩინებული სეზონი სეზონის უმთავრესი გოლითვე აღნიშნა.
მაშ ასე, 15 წლის შემდეგ საქართველოს საჩემპიონო ტახტზე კვლავ ქუთაისის „ტორპედო“ შედგა! ახალი საჩემპიონო ფარი პირველად სწორედ ქუთაისში წააბრძანეს.
იხილეთ ბადრი კეთილაძის ფოტორეპორტაჟი






ლიგა ერთი. საბოლოო ცხრილი
1. | ტორპედო | 36 | +32 | 76 |
2. | დინამო თბ | 36 | +50 | 75 |
3. | სამტრედია | 36 | +23 | 68 |
4. | საბურთალო | 36 | +19 | 60 |
5. | ჩიხურა | 36 | -7 | 55 |
6. | ლოკომოტივი | 36 | +10 | 53 |
7. | დილა | 36 | -10 | 41 |
8. | დინამო ბთ | 36 | -32 | 33 |
9. | კოლხეთი 1913 | 36 | -42 | 26 |
10. | შუქურა | 36 | -43 | 21 |
შენიშვნა: 1- ადგილი; 2 – გუნდი; 3 – თამაში; 4 – გატანილ-მიღებული გოლების სხვაობა; 5 – ქულა