ცამეტკაცა რაგბში იღბლის ბორბალი თხუთმეტკაცაზე ჩქარა ტრიალებს. ამ უკანასკნელში, თამაშის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, ინგლისი რომ ტონგას 24:0-ს უგებდეს (3 ლელო + 3 გარდასახვა + ჯარიმა) და მატჩის მოგება სათუო გაუხდეს – უტოპიაა. ოკლენდში კი, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის ნახევარფინალში გასულმა ალბიონელებმა ნაკრების ისტორიაში ალბათ ყველაზე სათაკილო 7 წუთი ჩაატარეს და მხოლოდ ხსენებულ ბორბალს თუ ეტყვიან მადლობას, რომელმაც ბოლოსწინა წუთზე სალელოე ზონასთან მისულ ტონგელს ბურთი წინ დააგდებინა.

გარემო პოლინეზიელებს სწყალობდა. თამაშის ვიდეოფრაგმენტებზე წითელი ფერი მეფობს, რადგან ტრიბუნების ყოველ სექტორში 30 ათასი მაყურებლის უმრავლესობა წითლად შემოსილა ან წითელსავე ტონგას დროშას აფრიალებს (მოსახლეობა თუ ჰყავს ტონგას ამდენი?). ინგლისური, თეთრი საქომაგო კუნძულებიდან წამოსული ხმები მოედანზე პრაქტიკულად აღარ ისმოდა ენერგიული ოკეანური გნიასის გამო. ამის მიუხედავად, ინგლისმა თავიდანვე დასცხო. მაკ-გილარიმ და უიდოპმა პირველივე ტაიმში დადეს კოხტა ლელოები, უიდოპმავე წარმატებით გარდასახა ისინი და მეორე ტაიმში ბეითმენის ლელოც წარმატებით რომ გარდაისახა, თითქოს რა უნდა ყოფილიყო გასარკვევი. მიჭირს დავასკვნა, თამაშის ბოლოს ინგლისელებმა გადაყლაპეს სარი, თუ ტონგელებს მოაკითხათ მუზამ, ის კი ფაქტია, რომ 73-ე, 76-ე და 77-ე წუთებზე ჩრდილოელთა ჩათვლის მოედანზე დიდი ბუღი დადგა. სენსაცია მაინც ვერ შედგა(ინგლისმა 20:18 მოიგო) და ფინალიც ტრადიციული ავსტრალია – ინგლისი იქნება, რადგან მეორე ნახევარფინალის ანგარიში ჯარიმით ფიჯიმ კი გახსნა, მაგრამ “ბრისბეინ სთედიუმზე” თავმოყრილ 22073 მაყურებელს არც ზედმეტი ოპტიმიზმი ჩასახვია (ფიჯელ ქომაგებს ვგულისხმობთ) და არც ნერვიულობა დასტყობია (აქ ავსტრალიის ნაკრების მხარდამჭერებზეა საუბარი). 80 წუთის მანძილზე მოედანზე ერთი კაცი ჩანდა: ავსტრალიელი ვალენტინ ჰოლმსი, რომელმაც თუ თავისი ინდივიდუალური ოსტატობით, თუ სხვათაგან ლურჯქობიან თეფშზე მორთმეული ნესვა ბურთით (ჩათვლის მოედანზე მხოლოდ დადება რომ სჭირდებოდა) 6 ლელო მოიხვეჭა და მის პირისპირ მოთამაშე სულიასი ვუნივალუს ლელო-ბომბარდირობაც იქვე წაართვა. დასკვნით თამაშში ჰოლმსს თავისი სალელოე ყულაბის ავსება კიდევ შეუძლია, ავსტრალიელის ანგარიშზე 12 ლელო ირიცხება, ხოლო ვანუალუს მონაგარი 9 ლელო გახლავთ, რომელთაგან ბოლო, წერილის სისრულისთვის აღვნიშნოთ, სწორედ ნახევარფინალურ თამაშში დაიდო. ამ მატჩის საბოლოო ანგარიში (54:6) კი ნამდვილად არ ტოვებს კითხვებს.

მსოფლიო თასის ფინალი, ავსტრალია – ინგლისი ამა წლის 2 დეკემბერს, ბრისბენშივე შედგება.

ჰოლმსი, რომელიც კი არ იძიებს, არამედ ამიწებს