შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც უკვე 36 წლისაა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ისტორიის კარი შეაღო — გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის პრესტიჟულ საკლუბო შეჯიბრებაში შვიდი სხვადასხვა გუნდის სახელით ითამაშა.

იბრაჰიმოვიჩმა ეს რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, „ბაზელთან“ შეხვედრის დროს დაამყარა. წინა ექვსი გუნდი იყო: „პარი სენ ჟერმენი“, „ბარსელონა“, „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „აიაქსი“.

შვედის ამბავმა Football Whispers-ის რედაქცია ჩემპიონთა ლიგის სხვა რეკორდსმენების მოსაძიებლად შთააგონა.

იკერ კასილიასი

 

ყველაზე მეტი მატჩი — იკერ კასილიასი

ასაკით იბრაჰიმოვიჩის ტოლმა ესპანელმა მეკარემ „რეალის“ და „პორტუს“ შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგაში 166 მატჩი ჩაატარა. მადრიდელებთან ერთად ის სამჯერ (2000, 2002, 2014) გახდა შეჯიბრების გამარჯვებული.

კასილიასი კიდევ ერთ, მეკარეთა რეკორდს ფლობს — მან 55 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

 

ბომბარდირი — კრიშტიანუ რონალდუ

„რეალის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა 145 შეხვედრაში 113 გოლი გაიტანა. ვინაიდან მას ყოველთვის ბარსელონელ ლეო მესის ადარებენ და ამ მონაცემის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გაჩნდება კითხვა არგენტინელის სტატისტიკის შესახებ, მოგახსენებთ, რომ მესის 120 შეხვედრაში 97 გოლი აქვს შეგდებული.

რონალდუს 113 გოლიდან 16 „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქტივშია.

რონალდუსვე ეკუთვნის ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი — 17. ეს 2013-14 წლების გათამაშებაში მოხდა. 2015-16 წლებში რონალდუმ 16 გოლი შეაგდო. ეს შედეგი რეკორდების ცხრილში მეორე ადგილზეა.

როგორც 2014 ასევე 2016 წელს, „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კრიშტიანუ რონალდუ

 

ყველაზე ახალგაზრდა — სელესტინ ბაბაიარო

1994 წლის ნოემბერში, ბუქარესტის „სტიაუასთან“ შეხვედრაში, „ანდერლეხტის“ შემადგენლობაში მოედანზე შევიდა 16 წლის და 87 დღის ნიგერიელი სელესტინ ბაბაიარო. მოედანზე გასვლიდან 37 წუში ბაბაიარო გააძევეს, რისი წყალობითაც ის ავტომატურად გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში წითელი ბარათი აჩვენეს.

 

ყველაზე ასაკოვანი — მარკო ბალოტა

ბალოტა ყოფილი მეკარეა, რომლისთვისაც „ლაციო“ კარიერაში მეთერთმეტე კლუბი იყო. ის სწორედ რომაული გუნდის წყალობით შევიდა ისტორიაში — 2007 წელს, 43 წლისა და 253 დღის გოლკიპერმა პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ.

იმავე სეზონში ბალოტა გახდა სერია A-ს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, თუმცა ეს ამბავი ჩემპიონთა ლიგის ისტორიას აღარ ეხება.

 

ყველაზე ახალგაზრდა, ვინც გოლი გაიტანა — პეტერ ოფორი-ქუაიე

განელი ფეხბურთელი 17 წლისა და 195 დღისა იყო, როდესაც 1997 წელს „ოლიმპიაკოსის“ შემადგენლობაში “რუსენბორგს” გაუატანა.

საინტერესო ფაქტი: ოფორი-ქუაიე „ოლიმპიაკოსში“ იმიტომ მოხვდა, რომ 15 წლისა „კალამატაში“ გამოდიოდა და კარგი თამაშით მიიპყრო პირეოსელთა ყურადღება.

 

ყველაზე ასაკოვანი, ვინც გოლი გაიტანა — ფრანჩესკო ტოტი

2014 წელს, 38 წლის და 59 დღის ტოტიმ მოსკოვის ცსკა-ს გაუტანა.

ფრანჩესკო ტოტი

 

ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა კლუბში მოიგო — კლარენს ზეედორფი

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა პირველად 1995 წელს „აიაქსის“ შემადგენლობაში გაიმარჯვა, შემდეგ 1998 წელს „რეალის“ შემადგენლობაში, ხოლო 2003 და 2007 წლების წარმატებათა დროს ზეედორფი უკვე მილანელი იყო.

 

ყველაზე მეტი გაძევება — ედგარ დავიდსი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ჰოლანდიელი და შვედი მოედნიდან ოთხ-ოთხჯერ გააძევეს, თუმცა დავიდსმა მაინც უფრო „იყოჩაღა“ — ოთხივეჯერ პირდაპირ ამოუღეს წითელი ბარათი, ყოველგვარი ორი ყვითლის გარეშე. იბრაჰიმოვიჩის ოთხი გაძევებიდან პირდაპირი მხოლოდ ორი იყო.

 

ყველაზე მეტი გაფრთხილება — პოლ სქოულზი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდას… 32-ჯერ აჩვენეს ყვითელი ბარათი. სწორედ ყვითელი ბარათებისადმი ერთგულების გამო ვერ ითამაშა მან 1999 წელს „იუნაიტედისა“ და „ბაიერნის“ ისტორიულ ფინალში.