ჯაბა კანკავა რამდენიმე თვის წინ სანაკრებო კარიერას ამთავრებდა. გადაიფიქრა თუ გადააფიქრებინეს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის ვიცით, რომ ამთავრებდა და სხვათაშორის, ამის შესახებ ლევან კობიაშვილმაც თქვა.
ამასობაში კი კანკავა ყაზახეთის „ტობოლში“ გადავიდა. მოგვწონს ეს, ან ეკადრება თუ არა ჯაბას კოსტანაის კლუბი, სხვა ამბავია. ჩვენს მოწონებაზე მეტად, ეს თვითონ ფეხბურთელს უნდა მოეწონოს და რადგან იქ გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება, ესე იგი, მოსწონს.
საერთოდ არ მესმის ხოლმე, რატომ ამტყუნებენ ფეხბურთელებს ამა თუ იმ კლუბში გადასვლის გამო. გადავიდა? ასე სურს და ვის რა ეკითხება, პირად ცხოვრებას როგორ აიწყობს?! თავის თავის მტერი ხომ არ არის?! შეუძლებელია, ვინმე სამჭკუაშვილს უფრო მეტად აღელვებდეს კანკავას მომავალი, ვიდრე თვითონ კანკავას.
საბჭოთა კავშირის დროს ალმა-ათის „ქაირათი“ წარმოადგენდა ყაზახურ ფეხბურთს, ეს კლუბი არასოდეს არ ყოფილა თბილისის „დინამოს“ ტოლ-სწორი, მაგრამ დღეს სხვა დროა. სანაკრებო დონეზე დაახლოებით ერთ დონეზე ვართ, თუმცა საკლუბო ფეხბურთში ყაზახეთმა რამდენიმე წელიწადია ჩაგვიქროლა და მოდით, ნუ შევედრებით, ისინი აშკარად წინ არიან!
ყაზახეთი, როგორც ქვეყანა და როგორც გასართობი, დიდი არაფერიაო, ამბობენ. თუმცა უნდათ, რომ ფეხბურთი წინ წასწიონ და ეს ყოველწლიურად საქმითაც ჩანს. იქ სპორტში წელიწადში მილიარდ ევროზე მეტი იხარჯება და აქედან დიდი წილი ფეხბურთზე მოდის.
ხელფასები კარგია, კლუბები პროგრესირებენ და თამაშებიც ნორმალურია. სხვა რა უნდა აწუხებდეს ფეხბურთელს? წავა, რატომაც არა?!
ოღონდ ისიც არის, რომ კანკავა უკვე 31 წლისაა და კარიერას მალე დაასრულებს. აბა ვის არ უნდა, რომ ტკბილად იცხოვროს?! ზოგი ავსტრალიაში მიდის, ზოგი ამერიკაში, ზოგიც – ჩინეთში. ახლა ინდოეთიც მოდაში შემოვიდა, კანკავა კი ყაზახეთში წავიდა და ვფიქრობ, თავის სათამაშებელს კიდევ ითამაშებს. აქ „ტობოლის“ ბედი კი არ გვაინტერესებს, ის უფრო გვადარდებს, რამდენად კარგი იქნება ჯაბა საქართველოს ნაკრებისთვის.
ის ნამდვილი პროფესიონალია. მის კარიერას რომ გავყვეთ, ცუდს ვერაფერს აღმოვაჩენთ, კარგად კი, მარტო კიევის დინამოელი გუსევის გადარჩენა და გერმანიის კარში გატანილი გოლის გახსენებაც იკმარებს. უფრო შორს რომ წავიდეთ, იმასაც გავიხსენებთ, თბილისის „დინამო“ უეფას თასის ჯგუფში რომ შევიდა, ეს ჯაბას დიდი დამსახურებაც იყო.
ზოგი კი იტყვის, სმერტინმა თუ „ჩელსისში“ ითამაშა, კანკავამ რატომ ვერ მოახერხაო, მაგრამ ეგ საუბარი შორს წაგვიყვანს. ეტყობა, ვერ წავიდა, არ იყო საამისო შანსი და იმიტომ. დარჩა მცირე არჩევანი და ბოლოს წავიდა იქ, სადაც უღირდა წასვლა.