ბრიუსელში, “კონსტანტ ვანდენ სტოკზე” გერმანიიდან ჩასულმა ფანებმა მოედანზე ხელოვნური ფული ყარეს. ინგლისელ მსაჯ ენტონი ტეილორს მოედნის კიდის ნაგვისგან გაწმენდა თავისი ხელითაც კი  მოუხდა, ხოლო ტრიბუნაზე გამოფენილი იყო დიდი პლაკატი, რომელზეც ეწერა: “ბოლოს და ბოლოს დაკმაყოფილდით, ხარბებო?… 100€”

ეს ამბავი ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრის დროს მოხდა. სტუმარმა “ბაიერნმა” მასპინძელ “ანდერლეხტს” 2:1 მოუგო, გულშემატკივრის გაბრაზების მიზეზი კი ბილეთის ფასი გახლდათ. ამ შეხვედრაზე დასწრება მიუნხენელ ქომაგებს 89 ევრო დაუჯდათ, არადა, ჩემპიონთა ლიგის თამაშებს ისინი ჩვეულებრივ 44 ევროდ ესწრებიან. სხვათა შორის, მიუნხენური “ულტრასის” ბევრი წარმომადგენელი გუშინდელ მატჩზე სწორედ სიძვირის გამო არ იყო, მაგრამ, ვინც 89 ევრო არ დაინანა, გადაწყვიტა პროტესტი გამოეხატა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც “ბაიერნის” გულშემატკივრები ევროპის სხვა ქალაქში ბილეთის ფასის გამო პროტესტს გამოთქვამენ. მაგალითად, გასულ სეზონში, მარტში, ლონდონში, “ემირეიტ სთედიუმზე” მათ მოედანს ტუალეტის ქაღალდი დაუშინეს. მაშინ, “არსენალმა” გერმანელებს თამაშზე დასწრება 75 გირვანქა დაუფასა.

 

წილი
წინა სტატიაცოტაცა, ცოტაცა
შემდეგი სტატიაშვიდი გოგო ნამდვილად შეუცდენია
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.