აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილი ექიმი ლარი ნასარი სქესობრივი ძალადობის შვიდ ეპიზოდში ცნეს დამნაშავედ. როგორც ირკვევა, მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორი თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით სარგებლობდა და ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა (განსაკუთრებით კი ტანმოვარჯიშეთა გუნდში), გოგოებს აცდუნებდა. ახლა, 54 წლის ნასარს შეიძლება 25 წელი მიუსაჯონ, თუმცა არც სამუდამო პატიმრობაა გამორიცხული.
ბრალდებულმა თქვა: “ვწუხვარ, რომ ყველაფერი დაემსგავსა ასანთის გაკვრას, რომელმაც ტყის დიდი ხანძარი გამოიწვია. მე მინდა, რომ ეს საზოგადოება განიკურნოს. პირადად არავის არაფერს ვერჩი, მაგრამ განკურნების დრო კი ნამდვილად არის”.
მოსამართლე როზმარი აქუილინამ ნასარს პასუხად მიუგო: “თქვენ გენდობოდნენ, მაგრამ ამ ნდობით ბოროტად სარგებლობდით და ბავშვებზე ძალადობდით. თქვენ დაარღვიეთ ფიცი, რომ მათ არაფერს ავნებდით”.
ნასარს ბრალი არც მეტი, არც ნაკლები 130 ქალის ცდუნებაში ედებოდა. მათ შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები გები დაგლასი, ალი რაისმანი და მაკკაილა მერონი. ზოგმა მათგანმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა სამედიცინო შემოწმების დროს იძალადა. ნაწილმა ისიც თქვა, რომ ამ დროს მშობლები გარეთ ელოდნენ.
ექიმ ლარი ნასარს განაჩენს 12 იანვარს გამოუტანენ.