62 წლის არგენტინელი მწვრთნელი, “ელ ლოკოდ” ანუ გიჟად წოდებული მარსელო ბიელსა, რომელსაც თვით პეპ გვარდიოლა და მაურისიო პოჩეტინიო თავიანთ მასწავლებლად და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სპეციალისტად მიიჩნევენ, მოგეხსენებათ, ფრანგულ “ლილს” უდგას სათავეში. “ლილი” 2010-11 წლების სეზონში, რუდი გარსიას ხელმძღვანელობით საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, დღეს კი, ბიელსას მე-19 ადგილზე ჰყავს და შესაძლოა “ლიგა 1”-დან გავარდეს. “ელ ლოკოს” სამსახურიც, ცხადია, ბეწვზე ჰკიდია.
ასეთი რთული მდგომარეობის მიუხედავად, არგენტინელმა კლუბის ხელმძღვანელთა ნებართვის გარეშე თავი დაადო და ჩილეში გადაფრინდა, სადაც მომაკვდავი მეგობარი, ჩილეს ნაკრების მწვრთნელობის (2007-11) დროს მისი ასისტენტი, ლუის ბონინი მოინახულა. ბონინი უკვე ისე ცუდად არის, რომ მეორე ასისტენტის, გაბრიელ არავენას თქმით უფრო უფალთან არის ახლოს, ვიდრე ჩვენთან.
მწვრთნელის საქციელმა “ლილის” ბოსები განარისხა. მათ ბიელსა დროებით ჩამოაშორეს პოსტს. კლუბი გამოძიებას აპირებს და არ არის გამორიცხული, არგენტინელი სულაც გაუშვას სამსახურიდან.