შემოდგომის ტესტების ორი თამაში გადავლილია და საქართველო გამოჩნდა ხმაურით მსოფლიო გაზეთების სარაგბო ფურცლებზე. ამბავი არა მხოლოდ კანადის ბევრლელოიან ძლევასა და სოსო მათიაშვილის გაქროლებასა და ნახტომშია, არამედ, უფრო ისაა, რომ საქართველოს უელსთან  უკვე დამთავრებულ დროში ხაზთან ახლო ჯარიმით და, შესაბამისად, შერკინების მოთხოვნით და მიწოლით, ფრეს საშუალება გაუჩნდა. რახან მანამდე  ჩვენებმა უელსი ოხრად დაარჩინეს შერკინებებში, ამ ბოლო შერკინებით თამაშის ხსნის იმედიც იყო, მაგრამ უელსელთა შორის საღი ბურჯის არყოლის გამო, ამოქმედდა წესი, რომლითაც უბურჯო გუნდის გამო შერკინებაში მიწოლა არ უნდა ყოფილიყო. ბურთის გვერდიდან შემოტანით კი საქართველომ ლელოს დადება ვერ შეძლო და წააგო.

ამის მერე ატყდა განხილვა.

გაახსენდათ, რომ უელსმა ზუსტად ასე წააგო ფრანგებთან წარსულ გაზაფხულზე და ვიღაცებმა ისიც გაიხსენეს, რომ უელსელთა  განთქმულ მწვრთნელს ბურჯთა დაშავებულობის ფანდი ლონდონის „ვოსფსის“ თავკაცობისასაც გამოუყენებია. მან კი იძახა, არანაირი ეშმაკობა არ გვიცდია საქართველოსთან, უბრალოდ ასე მოხდაო, მაგრამ ჩვენმა მილტონმა, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შერკინებით ლელო გაგვქონდა, თვითონაც დარწმუნებულნი ბრძანდებოდნენ  და ბურჯები იმიტომაც „გამოილიესო“.

მოკლედ, წავაგეთ.

უფრო წვრილად რომ არ ჩავწვდეთ ამ ტაქტიკურ-თაღლითურ თუ პატიოსან-თამაშიდან გამომდინარე ამბავს, „დეილი მეილში“ ეწერა ჩვენზე, ეგენი ახლა კი წავიდნენ, მაგრამ დაბრუნდებიანო.

ის იგულისხმებოდა, ყოველ წელიწადს უკეთეს იერზე და ჯანზე ბრუნდებიან და ერთხელაც დაგვნაყავენო. უელსს კი არა მაინცდამაინც, ისევ ექვს ერზეა ლაპარაკი. „გარდიანში“ დაეწერათ, საქართველო შუშის მიღმა დასვენებულ ბრილიანტს უტრიალებსო. ჰა და ჰაო. ესეც ექვს ერს ეხებოდა. BBC-ზე ისიც თქვეს, რაგბი რომ მხოლოდ მოლის, შერკინების და ფორვარდებისგან შედგებოდეს, საქართველო მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდაო.

ხმაური იყო გულშემატკივრებს შორისაც: უელსელები ამბობდნენ, მსაჯის მიერ შერკინების წაკითხვამ საქართველოს უპირატესობა მიანიჭაო. მსაჯი ფრანგი იყო, ქართველები საფრანგეთში თამაშობენ, იქაურ საშერკინებო ფანდებს მისდევენ და ჩვენი ბიჭები დაიჩაგრენ, მოუწიათ ქართული რაგბის დონეზე ჩასვლაო. უპირატესად ინგლისელები კი ამ უელსელებს  პასუხობდნენ, უელსი საქართველოს დონეზე კი არ ჩავიდა, მსოფლიო საშერკინებო დონემდე ვერ ავიდაო.

საქმე ასე იყო, რომ ავსტრალიასთან წაგებული ტესტის შემდეგ, უელსმა ვითომდა პატარებთან, ანუ ჩვენთან, ტესტის ძირითადში შემოუშვა თოთხმეტი სხვა მოთამაშე. მდაბიურად რომ ვთქვათ, „მეორე სასტავი“. თხუთმეტი კაცის კეპების ჯამი კი იყო 93, მაგრამ აქედან 60 ერთ კაცზე, კაპიტანზე მოდიოდა. ისიც გაიხსენეს,  რომ უელსი ცუდად თამაშობს მეორე ეშელონის გუნდებთან. ნაწვალებია ტონგა-სამოებთან, იაპონიასთან და ასე. ახლა ჩვენთანაც გაწვალდა.

ფრე კარგი იქნებოდა, მაგრამ რახან რაგბი მხოლოდ შედეგის არა, და ასევე სურათის თამაშია, ეს კარდიფული ამბავი დიდად წაგვადგა არა მხოლოდ სათამაშო გამოცდილების და  წინსვლის ამბავში.

რამდენიმე დღეა, ყველგან გაჰყვირიან, საქართველო ელის იტალიას, სურათის სიცხადისთვის აუცილებელ მეტოქესო. მართალია, იტალიას კიდევ  წელიწადს უნდა ველოდოთ, მაგრამ უკვე ვიცით, რომ იქნება. ალბათ, ეს წელიწადიც სურათობრივადაც  წინსვლისა იქნება, ისევე როგორც  განვლილი იყო კილმარნოკიდან კარდიფამდე.

მთავარია, რომ ამ თამაშის უფლება მოგვეცა და როგორც ამბობენ, ეგ თამაში იქნება შანსი, ექვს ერზე ფაქტით ხელში ლაპარაკისა. ექვსი ერის დასუქებულ კატებს, იტალიელებს და საერთოდ, ექვს ერს ეს პირდაპირ არაფერს დაავალდებულებს მაგრამ, გამარჯვება დიდ საბუთს მისცემს ხელში საქართველოს.

ჩვენები გაზაფხულზეც ითხოვდნენ, არ გვინდა, ბატონო ტესტი და ამბავი, იტალიას ისე, ასე რომ ვთქვათ, საჩვენებელ თამაშში შეგვახვედრეთო, მაგრამ ექვსმა ერმა არა ქნა, მასეთმა თამაშმა, შეიძლება ისეთი დასკვნებისკენ უბიძგოს ყველას, რომ საქმეები ორმხრივად გართულდესო. ჰოდა, ახლა იტალიაც მოცემულია.

ნელა, მაგრამ მივდივართ. რაღაცებს ვიღებთ და ჩვენც ხომ სულ უნდა ვუმატოთ, ვუმატოთ და  ვუმატოთ. რამდენი საქმე და სამუშაოა. რა გგონია, ჩვენი იმათაც  ყველაფერი იციან. საერთოდ, ვითომ ეს უბრალო, პირდაპირი, ჯანიანი თამაში, მიკროსკოპისქვეშა თამაშიც არანაკლებადაა და ამ საქმეშიც სულ ფიქრია საჭირო. ასე გამოდგა.

რომ დაუკვირდე, ჩვენ კი სწრაფად გვინდა, მაგრამ სწრაფად სადაა. იმდენი რამეა. ეს რაგბის შენება, მგონი ქვეყნის შენებასავითაა. ალბათ, ქვეყნის უფრო ძნელია და შიგ მეტი ტყუილიც გამოერევა ხოლმე, მაგრამ შენება, შენებაა. რაგბიში დიდი ტყუილი არ გამოვა, რადგან მთავარი მინდორია. იქ რა დაიმალება? ახლა, ბურჯები დამემტვრნენ, თუ არ დამემტვრენო, მაგნაირი ეშმაკობა ყველას შეხვდება.

ასეთი ზღაპარი რომ გამოვიდეს: რომ არ მიგვიღონ არასგზით ექვს ერში და ჩვენ კიდევ მაგათ სადაც წავწვდებით, იქ ვუგებდეთ, სეირი კი იქნება. იძახოს მერე მაგათმა უფროსმა, ინტეგრირებულობა მნიშვნელოვანია ჩვენთვისო, ანუ ეგენი სადღაც არიან და ჩვენ აგერ, ერთადო. მაგრამ ზღაპრები არ გვინდა. დღეს აღარავის უყვარს და არც  სჯერა.

ამიტომ, ცოტაცა.

მგონი, ასეა.

წილი
წინა სტატიასიუზანის ნოსტალგია…
შემდეგი სტატიაღორობა ღორობის პასუხად
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.