• ეს რა გავიგე, ჩაწყობილი ყოფილაო.
  • რა ყოფილა ჩაწყობილიო?
  • მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჩაწყობილი ყოფილაო?
  • ვინ თქვა?
  • მთელმა შეგნებულმა ქართველობამ.
  • ვის აუღია ფულიო?
  • ბრაზილიისთვის უთქვამთ, ჩვენ უნდა მოგვცეთო, თორემ ყოფას გიტირებთო, რონალდო უარზე ყოფილა და ძალით ავად გაუხდიათ.
  • სისულელეა.
  • რატომ არის სისულელე, ბრაზილიის მომგები ვინ იყო?
  • ჩამოთვლა მეზარება.
  • ეგ კი არა, წინა შაბათს „რეალი“ – „ბარსაც“ ჩაწყობილი ყოფილა.
  • ვინ თქვა?
  • უბანში თქვეს გაგებულმა ბიჭებმა.
  • აზრზე მოსული ბიჭები არიან?
  • უაზრზემოსულესი.
  • რით ასაბუთებენ?
  • რაო და სონი ანდერსონმა რომ ბოლო გაიტანა, იერომ ფეხი არ დაუდოო.
  • რო დაედო, პენალტს დანიშნავდნენ და იეროსაც გააგდებდნენ.
  • მერე რაო? ერთი გაეგდოთ და გოლიც არ გავიდოდა.
  • ესე იგი, ჩაწყობილი იყო, არა?
  • რა იყო? არ გაგიგია, რომ აწყობენ?
  • რას? მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს?
  • ყველაფერი ჩაწყობილი. ტოტალიზატორები ჩალიჩობენ.
  • ესე იგი, ფეხბურთი აღარ არსებობს?
  • არა… რატომ?
  • თუ ყველაფერი ჩაწყობილია, ფეხბურთი სადღაა?
  • ეგ კი აღარ ვიცი.
  • უტვინო ყოფილხარ,
  • რატომ მლანძღავ?
  • ფეხბურთი სად არის?
  • არ ვიცი. ალბათ, ჟურნალებში.
  • უორლდ სოკერში და დონ ბალონში, არა?
  • ჰო.
  • და დანარჩენი ჩაწყობილია, არა?
  • ჰო.
  • და იტალიაში ვინ გახდება ჩემპიონი?
  • არ ვიცი.
  • როგორ არ იცი, ჩაწყობილი იქნება.
  • არ ვიცი, უბანში არაფერი უთქვამთ.
  • უბანში გაუზომიათ, ქურდსა ვკითხოთ იმას ეცოდინება.
  • რატომ დამცინი?
  • ამხელა სათვალე ტყუილად გიკეთია?
  • სათვალე რა შუაშია?
  • თელეთელ მკითხავს არაფერი უთქვამს?
  • რა უნდა ეთქვა?
  • რა ვიცი, ხომ ჩაწყობილია და ვკითხოთ იმასაცა.
  • გალისიური გუნდები შეკრულები არიანო.
  • ჰა-ჰა-ჰა, მოდი ეხლა ის მკითხე და დავამთავროთ.
  • რა გკითხო?
  • აი, გაზაზე რომ მეკითხები ხოლმე.
  • გაზაზე რას გეკითხები?
  • რა ვიცი, სისულელეებს.
  • აწი აღარ გკითხავ.
  • რატომ?
  • ხოში აღარ არი. აწი სულ ჩაწყობებზე გკითხავ.
  • და გაზა?
  • გაზა კისლავოდსკშია წყლებზე.
  • ხუმრობ?
  • მაინც ყველაფერი ჩაწყობილია.
  • რონალდოს ნემსი გაუკეთეს?
  • მაშ… ტოტალიზატორებმა.
  • შე საწყალო…

26.09.1998

წილი
წინა სტატიასასწაულმოქმედ სევილიელთა მწვრთნელი მძიმედ ავად ყოფილა
შემდეგი სტატიასიუზანის ნოსტალგია…
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.