“სევილიას” ფეხბურთელები ახალმა ამბავმა დაზაფრა: მათ არგენტინელ მწვრთნელს, 48 წლის ედუარდო ბერისოს პროსტატის კიბო ჰქონია და ოპერაციის თარიღიც უკვე დანიშნული ყოფილა. სწორედ ამიტომ ზეიმობდნენ წუხელ, ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის შეხვედრაში სევილიელი ფეხბურთელები “ლივერპულის” კარში გატანილ ყოველ გოლს განსაკუთრებით, მწვრთნელთან ერთად, ევერ ბანეგამ კი მატჩისშემდგომ ინტერვიუში საგანგებო სიტყვებიც თქვა:

“გიჟური თამაში გამოვიდა. შესვენებისას (“სევილია” 0:3-ს აგებდა, მატჩი კი 3:3 დამთავრდა) გასახდელში რომ შევედით, ვგრძნობდით, თუ არ გავტყდებოდით, შეხვედრის გადარჩენას შევძლებდით. ყოველთვის ასე უნდა ვთამაშობდეთ. ამას იმსახურებს ჩვენი გულშემატკივარი, ზურგს კი გვიმაგრებს მწვრთნელი, რომელმაც დღევანდელი გამარჯვება განაპირობა. ის ჩვენი ხელმძღვანელია, რომელმაც სწორ გზაზე დაგვაყენა”.

თავად ბერისოს კომენტარი კი ასეთი იყო: “როდესაც შემტევი ფეხბურთის ერთგული ხარ, საპასუხოდ ფეხბურთიც გიფასებს. ის გაჩვენებს, რომ თუ რწმენა არ შეგერყევა, შენსას მიაღწევ. დღეს სწორედ ეს მოხდა”.

ბოლო შეხვედრას 8 ქულიანი “სევილია” სტუმრად, “მარიბორთან” გამართავს, მოსკოვის “სპარტაკს” კი ესპანელებზე ორი ქულით ნაკლები (6) აქვს და ლივერპულში უნდა ჩავიდეს. “ლივერპულს” 9 ქულა აქვს, “სევილიას” ერთით უსწრებს.

იურგენ კლოპი და ედუარდო ბერისო (მარჯვნივ)