ჯანპიერო ვენტურას შემდეგ კარლო ტავეკიოც – იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, რითაც ნაწილობრივ აიღო პასუხისმგებლობა „სკუადრა აძურას“ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენაზე, რაც აქამდე 58 წლის განმავლობაში არ მომხდარა. იტალიური მედია აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებს ციტირებს: „მე მივდივარ, რადგან დავმარცხდი. ბოდიშს ვუხდი ყველა იტალიელს“.
იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯანპიერო ვენტურა პოსტიდან 15 ნოემბერს დაითხოვეს. მისი მემკვიდრის ვინაობა ჯერ არ გამოცხადებულა. „სკუადრა აძურას“ გაძღოლაზე უკვე თქვა უარი კარლო ანჩელოტიმ, სხვა კანდიდატთა შორის ასახელებენ ანტონიო კონტეს, რობერტო მანჩინის და მასიმილიანო ალეგრის, თუმცა სამივე მათგანს ამ დროისთვის „ჩელსისთან“, „ზენიტთან“ და „იუვენტუსთან“ მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ.