ზუსტად ხუთ წელიწადში, 21 ნოემბერს, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება.

წესით უნდა დაიწყოს.

ორგანიზატორები გვპირდებიან დაიწყებაო.

სკანდალი კი იცოცხლე, იმდენია. ყატარსა და ფიფას კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს (აბა, მსოფლიოს ჩემპიონატს არაბეთის ნახევარკუნძულზე რა უნდოდაო), სტადიონებს იაფფასიან მიგრანტ მუშებს აშენებინებენო და ასე დაუსრულებლად. მოკლედ, ყველაფერი საეჭვო თუ არა, უცნაური ნამდვილად არის. იმაზე, რომ შეჯიბრების ზაფხულიდან ზამთარში გადატანა ევროპის ქვეყნებს ჩემპიონატებს აურევს, ლაპარაკიც ზედმეტია.

ასე მიიღო ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2010 წელს.

თავდაპირველად თორმეტი სტადიონის აშენებას გეგმავდნენ, მაგრამ როგორც გაირკვა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი უმდიდრეს ქვეყნებსაც შეეხო და ახლა მხოლოდ რვა სარბიელის აგებას აპირებენ.

დიდი ამბავია ატეხილი ალკოჰოლით ვაჭრობაზე. ყატარელები მუნდიალის დღეებში სპირტიანი სასმელების გაყიდვას არ აპირებენ, ეს კი დანარჩენ, არამუსლიმ სამყაროს არ მოსწონს. განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან ალკოჰოლური სასმელებით მოვაჭრე სპონსორები.

და ბოლოს ბლოკადა… მეზობლებმა, საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ივნისში ყატარს ბლოკადა გამოუცხადეს — ტერორისტებს ეხმარებაო. მოკლედ, არაბეთის ნახევარკუნძულზე თავიანთი გარჩევები აქვთ. საუდის არაბეთმა ყატართან სახმელეთო საზღვარიც მთლიანად ჩაკეტა, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა კი ყველას გაუქმებული აქვს.

საინტერესო რამ თქვა უსაფრთხოების დუბაელმა შეფმა — ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ან უარი თქვას, ან მეზობლებს გაგვიყოს და მაშინ ბლოკადას მოვხსნითო. მაგრამ, “ყატარი 2022”-ის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივანი ჰასან ალ თავადი როგორც ნამდვილ თავადს შეშვენის, შეუვალია. ის ამბობს:

“ფაქტია, პრობლემები არსებობს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს პოლიტიკის ელფერი დაჰკრავდეს. გვწამს, რომ სპორტი სხვაა, პოლიტიკა კი სხვა. იმედი მაქვს, რომ ბლოკადის მონაწილე ქვეყნები რეგიონის სასიკეთოდ სწორ ნაბიჯებს გადადგამენ.

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს, ყატარი არც საფრანგეთია და არც იტალია, სადაც ქალაქებს შორის ასეულობით კილომეტრია. ჩვენთან მთელი ჩემპიონატი 60 კილომეტრიანი დიამეტრის მქონე ფართობზე უნდა ჩატარდეს. წარმოიდგინეთ, დაპირისპირებული გუნდების მთვრალი ფანები ერთმანეთს რომ გადაეყრებიან.

სასაცილოა, როდესაც ყატარის მოსახლეობის და უცხოელი ინვესტორების დაშინებას ცდილობენ”.

“ალ ბაითის” სტადიონი 60 ათასიანი იქნება
“ალ რაიანზე” 40 ათასი დაეტევა
40 ათასიანი იქნება “ყატარ ფაუნდეიშენიც”
ესეც 40 ათასიანი “ხალიფა ინტერნეშენალი” გახლავთ
80 ათასიანი “ლუსაილი” 2021 წელს გაიხსნება