მიყივლა ენამ და ახალი ზელანდია, ფიჯისთან 2:4 წაგების შემდეგ, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედფინალიდან გამოვარდა. რაგბში ფეხბურთის ანგარიში ძვირად თუ დაჯდება და უფრო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდების დაპირისპირებისას ამოტივტივდება. ეს ფეხმარდი სამხრეთელები რამ გააშეშა, ვერ გეტყვით, ალბათ, ზელანდიელთაგან თვითშეფასების დეფიციტმა და “ფიჯი ბატის” (მელანეზიელთა ნიკია) მხრიდან გამარჯვების მომეტებულმა წყურვილმა, რომელიც ხშირად დათვურ სამსახურს უწევს მოთამაშეებს.

ტონგასთან ჯგუფში წაგების შემდეგ ქომაგთაგან ზურგმიუცემელ (“ველინგტონ რიჯენალ სთედიუმზე” 34500 ადგილიდან მხოლოდ 12713 შეივსო) მაორებს მართლაც რყევა ემჩნეოდათ. სალელოე მომენტები ორმხრივად იშვიათი იყო და მაშინაც ბურთი ხან წინ გავარდა, ხან კაციან-ბურთიანად აუტში მოისროლა ხოლმე დამცველმა მხარემ. ფიჯელი ბომბარდირი სულიასი ვუნივალუ, ვინც სამ წინა თამაშში 8 ლელო დადო, ასევე მორიდებული ჩანდა და დარჩნენ მხარეები ჯარიმების იმედად. მე-14 წუთზე ფიჯიმ შეაგდო, ახალმა ზელანდიამ 45-ეზე გაქვითა და ორ წუთში ისევ დასაწევად გაუხდა საქმე. მატჩის დასკვნითი ნახევარი საათი სრულ სიმშრალეში ჩატარდა. კივების ბოლო მიძალების (და ორიოდე ადრეული იერიშისაც) მოსაგერიებლად მელანეზიელებმა მუშტიკრივიც მოიშველიეს და საფინალო სასტვენს მოყოლილი გიჟური ემოციაც შეირგეს.

სულიასი ვუნილაუმ ზელანდიას ლელო ვერ დაუდო, მაგრამ ფიჯისთან ერთად ნახევარფინალში მაინც გავიდა

ინგლისი – პაპუა ახალი გვინეის შედეგიც ამოიცნო წერილის ავტორმა და ალბათ ის დროა, ტოტალიზატორს მიაშუროს. ეს ხუმრობით, რადგან ჯგუფში პაპუასთა დამაჯერებელი გამოსვლის მიუხედავად ალბიონელები ამ წყვილში უდავო ფავორიტები იყვნენ.

ავსტრალია – დასავლეთ სამოას მეოთხედფინალური დაპირისპირების საწყისი ნაწილი პოლინეზიელებმა დამაჯერებლად მოიგეს: სივატაუ მათი შესრულებით იყო უშიშარი, ენერგიული, აგრესიული, ძარღვებში სისხლის გამყინავი. ავსტრალიელები ამ დროს პრაქტიკულად თვლემდნენ. გამოფხიზლდნენ კი მსაჯის პირველი დასტვენისთანავე და შესაშური მეთოდურობით, დროის თანაბარ ინტერვალებში 8 ლელო დაუდეს მეტოქეს, მათგან 7 გარდასახეს და სამოა ცეკვის ამარა დატოვეს – 46:0.

ავსტრალიამ სამოასთან იფრინა

ტონგა – ლიბანი 24:22 მორჩა. აქ კი დროა ვიკადროთ და ლევანტელთა სარაგბო ქრონიკაზე გუგლს კითხვები დავუსვათ. არაო, გვეუბნება ინფორმაციის ძიების მონსტრი, თხუთმეტკაცას ლიბანში არ სწყალობენ, მხოლოდ 2010 წელს გამართა ნაკრებმა პირველი თამაშიო. ცამეტკაცა აურჩევიათ ფინიკიელთა ნაშიერებს ძირითად საბურთაო სახეობად. მსოფლიო თასის ფინალშიც უთამაშიათ 2000 წელს, სადაც მოსახვედრად დაუჩაგრავთ აშშ, ხოლო ჯგუფში უღირსად არ ჩარჩენილან (ფრე კუკის კუნძულებთან და მინიმალური ანგარიშით მარცხი უელსთან). ტონგა წინ იყო ორივე ტაიმის განმავლობაში და თავი ქუდში ერთხელაც არ უგრძვნია. ბოლო ლელოთი სხვაობის მინიმუმამდე შემცირება იყო და ლიბანს ჯანი გამოეცალა. ბანალურად თუ ვიტყვით, წაგების მიუხედავად, არაბები სამშობლოში თავაწეულები ჩავლენ.

ნახევარფინალში ავსტრალია ფიჯის შეხვდება, ინგლისი კი – ტონგას.

 

წილი
წინა სტატიაგრიშამ თხლიშა
შემდეგი სტატიაიანა ნოვოტნა გარდაიცვალა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია