გრიგორი – იგივე გრიშა – დიმიტროვმა კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონი ცხოვრების უდიდესი გამარჯვებით დააგვირგვინა.

26 წლის ბულგარელმა ლონდონში დასრულებული წლის შემაჯამებელი რვაკაცა ტურნირის ფინალში თავის კბილა ბელგიელ დავიდ გოფენს დაძაბულ სამსეტიან შეხლაში  7-5 4-6 6-3 სძლია და სეზონის მეოთხე, ხოლო კარიერის მერვე ტიტულს დაეუფლა.

ის გახდა პირველი მეჩოგნე 1998 წლის შემდეგ და მეექვსე ისტორიაში, რომელმაც წლის დამაგვირგვინებელი შეჯიბრება პირველსავე ცდაზე მოიგო და ამით ისეთ სახელიან მოთამაშეთა მარაქაში გაერია, როგორებიც ამერიკელი სტენ სმითი (1970),  რუმინელი ილიე ნასტასე (1971), არგენტინელი გილერმო ვილასი (1974), ამერიკელი ჯონ მაკინროი (1978) და ესპანელ ალექს კორეჩა (1998) გახლავან. ამ მოგებამ ბულგარელის  ბიუჯეტი 2,549,000 დოლარით, ხოლო რეიტინგი 1500 ქულით შეავსო და – მართალია, ეს უკვე ფინალამდე იყო ცნობილი, მაგრამ ახლა უკვე ხაზგასმით აღვნიშნავთ – ახალ წელს ის რეიტინგის მესამე საფეხურზე შეხვდება. ახლა მის წინ მხოლოდ რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერიღა დგანან.

ჩოგბურთის ქომაგებსა და სპეციალისტებს ალალად უხარიათ გრიშას წარმატებები! თამაშის ნატიფი, ფედერერისებური სტილის გამო სიყრმეშივე “ბეიბი ფედად”, ანუ “ბავშვ ფედერერად” წოდებული დიმიტროვი, ვინაც 2008 წლის უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია იუნიორთა შორის, წლების განმავლობაში ვერაფრით ახერხებდა ტიტულებზე დაგეშილ, შეუპოვარ მებრძოლად ჩამოყალიბებასა და მსოფლიო იერარქიაში თავისი ნიჭის შესატყვისი ალაგის დამკვიდრებას. ამ მხრივ სასიკეთო ძვრები თითქოს შარშანდელი სეზონის შუაწელზე გამოიკვეთა, როცა მან ვენესუელელ სპეციალისტ დანი ვალვერდუსთან დაიწყო თანამშრომლობა. ვალვერდუმ მის გარჯას მეტი სიმწყობრე და მდგრადობა შესძინა და შედეგიც სახეზეა. შეძლებს გრიშა წლეულს აკრეფილი საზეო ტემპის შენარჩუნებასა და კიდევ უფრო მომატებას, ამქრის “შებერებული”, ოცდაათს გადაცილებული ყოჩების შევიწროვებასა და საუკეთესოთა სათავეში “ჩოგნის მოკიდებას”? – ამ კითხვებზე პასუხს უკვე მომავალი სეზონი გაგვცემს.

სხვა მხრივ – ქება და დიდება დავიდ გოფენს, რომელმაც ამ ტურნირზე შეძლო ის, რაც აქამდე მხოლოდ ხუთ კაცს მოეხერხებინა  (ამათგან – ბოლოჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩს 2015 წელს), კერძოდ – ერთი და იმავე შეჯიბრების მსვლელობისას ნადალისა და ფედერერის ძლევა! თუმცა, იმავდროულად, ის – ვაგლახ! –  გახდა პირველიც, რომელმაც ამ გოლიათთა დამარცხების შემდეგ ტიტული ვერ მოიხვეჭა.

სხვათა შორის, გრიშამ მას ლონდონში ჯგუფურ ეტაპზეც აჯობა (6-0, 6-2) და რვაკაცა ტურნირის ისტორიაში ეს უკვე მეჩვიდმეტედ მოხდა, მეჩოგნეები ერთმანეთს ტურნირზე ორჯერ რომ დაუპირისპირდნენ და – პირველად, ფინალს შეჯიბრების დებიუტანტებმა რომ უწიეს.

ფინალში წაგებით გამოწვეულ წყენას კი დავიდს, ვინძლო, ოდნავ მაინც გაუნელებდა მის სახელზე გამოწერილი 1,158,000-დოლარიანი ჩეკი და სარეიტინგო ანგარიშზე დარიცხული 800  ქულა, რაც მას საშუალებას მისცემს, სეზონი პირადსარეკორდო მე-7 ადგილზე დაასრულოს.

წილი
წინა სტატიარომის პაპი ლამბორგინის ყიდის
შემდეგი სტატიასამოური ფახა-ფუხი
დიონისესთან ხელგადახვეული ლევან კელაურაძე თუ არ გინახავთ, დიდ მოვლენებს თქვენს გვერდით შეუმჩნევლად ჩაუვლია. შუმერებთან და კარდუხებთან გაბაასებული ლევანი ბნელი გარეუბნებიდან გამოსული ოთხოსნებისთვის ნამდვილი განმანათლებელი და უბრალოდ კარგი მეგობარია.