დრო გაჩერდა…
გამარჯვებულთა შეძახილები…
მოედნის ცენტრი…
შავ სამოსში გამოწყობილი 30 წლის ახალგაზრდას ხელები აღუმართავს. ის ჩვენი კოლეგა, სპორტული ჟურნალისტია, იმავდროულად მსაჯი. 34 წლის წინათ, 18 ნოემბერს, ტაშკენტის „ფახთაქორის” სტადიონზე ამ კაცის სინდისსა და პროფესიონალიზმზე იყო დამოკიდებული, ვინ გახდებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
საღამოს ცხრის ნახევარზე დრო გაჩერდა. მიკენის რუბენისმა ჩასტვინა. თბილისის „დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონია!
ტაშკენტის სტადიონზე გამაყრუებელი ყიჟინაა. ქართველი ქომაგებიც მრავლად არიან. დიდი სიხარულის ჟამია.
მას შემდეგ 34 წელიწადი გავიდა. მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი. მერე გავიგე, თბილისის „დინამო” თურმე 64-ში გამხდარა პირველად იმპერიის ჩემპიონი.
… და რიგა, სუსხიანი საღამო, ჭარმაგი, ჭაღარაგარეული, წელში გამართული სრული აღნაგობის კაცი, ხელები თეთრი ლაბადის ჯიბეებში ჩაუწყვია, იღიმის, თვალები უბრწყინავს.

ძველი ამბები, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მსიამოვნებს 34 წლის წინანდელი მატჩის გახსენება.

– მაშ გაიხსენეთ…
– მიკენის რუბენისმა საყელო გაისწორა. ლატვიურად რაღაც ჩაილაპარაკა. მხოლოდ „გრუზია” გავიგე, წამოდი, აგერ დავსხდეთო, მითხრა და… გაჩერებული წამმზომი ისევ აწიკწიკდა.
ვესაუბრებოდი კაცს, რომელსაც როგორც მსმენია, 1964 წლის 18 ნოემბრის შემდეგ არაერთი საყვედური მიუღია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელ დიდმოხელეთაგან…

არა, მატჩამდე არავის არაფერი უთქვამს. დამნიშნეს იმ უპრინციპულესი შეხვედრის მსაჯად და მორჩა, რაიმე დირექტივა ჩემთვის რომ მოეცათ, ყველამ კარგად იცოდა, შემსრულებელი არ ვიყავი, არავის ვემორჩილებოდი. პატიოსნად, კაცურად ვიმსაჯე. მატჩის მერე კი რამდენჯერმე დამირეკეს რაღაცეებს მიედ-მოედნენ, მუქარასავით გამოუვიდათ. აშკარად ვიგრძენი, თბილისის „დინამოს” ჩემპიონობა მავანთ არ ესიამოვნათ. მგონი, მოსკოვიდან მელაპარაკებოდნენ, თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს, განვლილი ამბავია. ჩემი ნათქვამი შეიძლება ზოგს გულზე მოხვდეს, მე კი ძალიან არ მიყვარს, როცა ვინმე გამინაწყენდება. მოდით, დავანებოთ თავი მატჩისშემდგომ ამბებს და უფრო სასიამოვნოზე ვილაპარაკოთ.

– მაშინ ის გაიხსენეთ, როგორი რეაქცია გქონდათ, როცა შეიტყვეთ, რომ „დინამო”-„ტორპედო” თქვენი განსასჯელი იქნებოდა.
ძალიან ვინერვიულე. ეს ამბავიც პირველად ტელეფონით მაცნობეს ფეხბურთის ფედერაციიდან. რას ამბობთ-მეთქი, გაოცებულმა მეტი ვერაფერი ვუპასუხე. გვარი აღარ მახსოვს, ვინ მელაპარაკებოდა, მაგრამ მასაც ეტყობოდა, რუბენისის დანიშვნას რომ არ ელოდა. რაღა დამრჩენოდა, ბედს შევეგუე. მიხაროდა და განვიცდიდი კიდეც. ჩემზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, შეცდომის უფლება არ მქონდა. წარმოიდგინეთ, როგორია, როცა ჩემპიონის ვინაობა შენს სწორ ქმედებაზე ჰკიდია. ვაიდა, უნებლიედ შეცდი? მერე? მაშინ სხვა დრო იყო, ისე გაგლანძღავდნენ, მთელი ცხოვრება გემახსოვრებოდა. არც იმას გამოვრიცხავ, ვინმე თავქარიანს ჩემი გასამართლების სურვილი გასჩენოდა.

– მიუხედავად ყველაფრისა, დათანხმდით.
საქმე ერთი ორად გამიიოლდა, რადგანაც მატჩი ტაშკენტში ჩატარდა და არა თბილისში, ანაც- მოსკოვში. ნეიტრალურ მინდორზე მსაჯობა ყველთვის უკეთესია. სხვა თუ არაფერი, მეტოქე გუნდებს ქომაგთა მცირერიცხოვანი ამალა ახლავს. „ვაშა, ვაშა” – სკანდირებდა მთელი სტადიონი. ანშლაგი. მე ყურადღებას არავინ მაქცევდა. იმ დღეს ტაშკენტი ზეიმობდა, რუბენისისთვის ვის ეცალა.

– მატჩსაც მივადექით.
ძნელი თამაში იყო, ორივე გუნდში ვარსკვლავები თამაშობდნენ, არ გადავაჭარბებ – მესხი, იამანიძე, ბარქაია, მეტრეველი, დათუნაშვილი, ივანოვი, ვორონინი, შუსტიკოვი… მაპატიეთ, ყველას გვარს ამ წუთს ვერ ვიგონებ. ამდენი დიდი ფეხბურთელი ერთმანეთს რომ დაუპირისპირდება, აბა, როგორ გინდა მშვიდად იმსაჯო? ხომ გითხარით, ძალიან ვნერვიულობდი. ისეთ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მეტი არ შეიძლება. ნუ დაივიწყებთ, 1964-ში ახალგაზრდა, გამოუცდელი ვიყავი.

– ფინალში ნერვების მოთოკვა ყველას უჭირს. უხეში თამაში იყო?
მაშინ წითელ-ყვითელი ბარათები არ არსებობდა. ფეხბურთელის ვითომ დასჯის ერთადერთი საშუალება სიტყვიერი გაფრთხილება იყო. 1970 წლამდე ვმსაჯობდით ასე. ტაშკენტში კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი ფეხბურთი გაჩაღდა, შენიშვნაც არავისთვის მიმიცია. ვარსკვლავები რომ ვახსენე, ისინი განა მარტო თამაშით გამოირჩეოდნენ, არამედ შინაგანი კულტურითა და არისტოკრატიზმით. იშვიათად განმისჯია ისეთი კორექტული მატჩი, როგორიც იმ დღეს.

– თქვენზე ამბობენ, ქართველებისადმი სიმპათია ჰქონდაო…
რას ბრძანებთ! რომელი ნორმალური კაცი განეწყობოდა სხვაგვარად ქართველებისადმი? მეც მათ შორის ვარ, დიდი პატივს გცემთ, 1964 წლის 18 ნოემბრიდან დაწყებული ქართველებს ყველასგან გამოგარჩევთ. ოღონდ არ იფიქროთ, თითქოს ჩემი თქვენდამი განწყობა სათამაშო მინდორზეც გადამყვა. როცა ვმსაჯობდი, არავის ვარჩევდი, ჩემთვის ყველა ერთი იყო. ობიექტურობის გრძნობას მუდამ ვინარჩუნებდი, სამართლიანად ვაკეთებდი ჩემს საქმეს. ჯარიმის დროს ჯარიმას ვნიშნავდი, არც პენალტზე შემიკავებია თავი. ტაშკენტის მატჩის ფირი გექნებათ თბილისში და ნახეთ, ვერავინ დამწამებს, რუბენისმა ქართველი რუსისგან გაარჩიაო. თვით ტორპედოელებმაც კი მადლობა გადამიხადეს კარგი მსაჯობისათვის, ქართველებზე აღარაფერს ვამბობ.

– პენალტი რომ ახსენეთ, იმ ეპიზოდს გულისხმობდით, როცა მეტრეველმა მეოთხე გოლი გაიტანა?
თუნდაც. ასპროცენტიანი პენალტი იყო, ვერავინ მომედავება. თუ არ ვცდები, სარაევს მოხვდა ბურთი ხელზე. მახსოვს, მესხმა ჩააწოდა, მანამდე ორი-სამი მოსკოველი მცველი გააპამპულავა. წუთით ადრე კი იამანიძემ ტრავმა მიიღო.

– „დინამოს” გამარჯვება ლოგიკური იყო ტაშკენტში?
თქვენებმა ფეხბურთით მოიგეს. განსაკუთრებით დამატებით დროში. იშვიათი ნებისყოფა გამოავლინეს ქართველებმა. ჯერ ის თქვით, როგორია ფინალს 0:1 რომ აგებ? შჩერბაკოვმა რომ კოტრიკაძეს გოლი გაუტანა, მეგონა, „ტორპედო” გაიმარჯვებდა. თურმე სად ყოფილხარ… დათუნაშვილმა როცა კუთხურიდან ჩაახვია ბურთი და ანგარიში გათანაბრდა, სტადიონი ლამის დაინგრა. ამას დინამოელთა იერიშები მოჰყვა და მაშინ დავრწმუნდი, რომ ჩემპიონი „დინამო” გახდებოდა. ნეიტრალურ მოედანზე, უცხო კედლებში, გუნდი საჩემპიონო მატჩს აგებდეს, თანაც მოსკოვის „ტორპედოსთან” და რუსები ხუთი წუთის განმავლობაში ცენტრის ხაზს არ გადააშოროს, ამგვარი მხოლოდ უძლიერესთ შეუძლიათ. მერე დამატებითი დრო თქვით. მესხი, მეტრეველი, ბარქაია, ამათ რომელი მცველი გაუძლებდა. „ტორპედოც” გატყდა, მეტი აღარ შეეძლო. „დინამომ” კი, ვინმეს ენა არ მოუბრუნდეს, ღირსეულად გაიმარჯვა. იმ სეზონში ქართველები უნდა ყოფილიყვნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. სხვანაირად არ შეიძლებოდა – იმსახურებდნენ და იმიტომ!

– ამბობენ, ივანოვის ტრავმამ მოაგებინა „დინამოს” თამაშიო…
ვალენტინ ივანოვი რომ უდიდესი ფეხბურთელი და „ტორპედოსთვის” დიდი ძალა იყო, ვფიქრობ, სადავო არაა. რა თქმა უნდა, მისმა ტრავმამ დაღი დაასვა მოსკოველთა თამაშს, მაგრამ არა მგონია, ამას დიდი გავლენა მოეხდინა მატჩის საბოლოო შედეგზე.

– დინამოელთაგან ვის გამოყოფდით?
რაღა ვის, მთელი გუნდი ვარსკვლავთკრებული იყო. იმ დღეს აბსოლუტურად ყველამ კარგად ითამაშა, მაგრამ მერწმუნეთ, ამ ხნის კაცი ვარ და მიხეილ მესხის დარი ფეხბურთელი ჯერ არ დაბადებულა – ის გენია იყო! მესხისნაირ თამაშს ვერასდროს ისწავლი, ამისათვის თანდაყოლილი ნიჭი უნდა გქონდეს. მახსოვს, მიშა რომ ბურთს მიიღებდა, მთელი სტადიონი ვულკანს ემსგავსებოდა. რუსებიც კი ქომაგობდნენ. ლამაზად თამაშობდა, ყველას მოხიბლულს ტოვებდა…

მიკენის რუბენისი ახლა ლატვიის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. თანამდებობა აღარ დაუკონკრეტებია. თავაზიანად მოიბოდიშა, მეჩქარება, რიგაში ხომ საქართველოს ნაკრები სტუმრობსო, მარჯვენა გამომიწოდა და… დიდად გმადლობთ, დიდი სიხარული განმაცდევინეთ, ოქროს მატჩი და ოქროსავით ფეხბურთელები აჩუქეთ მთელ ქვეყანასო, თქვა მიკენის რუბენისმა, ჭაღარა შეისწორა, ლაბადის ჯიბეში ჩაიწყო ხელები, ერთიც „გრუზია” გავიგე მის მშობლიურ ენაზე ნათქვამიდან და… წამმზომიც შეჩერდა.

თბილისის „დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონია!

18 .11.1998

წილი
წინა სტატიარამოსი, ცხვირი და ევროკავშირი
შემდეგი სტატიადიდი მიძალება
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.