მკითხველი გაგვიგებს: უელსთან თამაშის ემოცია, მატჩის საკვანძო წუთებზე, გაშვებული ლელოს დეტალურ ანალიზზე, ცალკეულ მორაგბეთა მქკ-ზე, აშშ-ს ნაკრებთან მომავალი თამაშის პერსპექტივებსა და სხვა თემებზე საუბრის ფართს ჩვენს წერილში აღარ ტოვებს. ამ ერთხელ სპორტული ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობების შესრულებაზე უარს ვამბობთ და ათწლეულების მანძილზე ქართულ რაგბში ნაღვაწის და ნაშენების შუალედურ შედეგს გამოვამზეურებთ, რომელსაც უელსთან ტესტ-მატჩი ადგას გვირგვინად:

  • თაობათა ცვლის პროცესი, რაც ქართული სპორტის თითქმის ყველა სახეობაში და ყოველთვის მტკივნეულად წარმართულა, რაგბში ჯანსაღი გულის კარდიოგრამას წააგავს. საქართველოს ნაკრებში მორაგბენი მოდიან და მიდიან, სახეები იცვლება, სახელები რჩება, შედეგები მაღლდება.
  • სიმპათიით უყურებ შაბათის კარდიფული ეპოპეის მსვლელობისას შემინულში მილტონ ჰეიგის გვერდით მდგარ შეჭმუხვნილ უცხოელებს. ქართულ სპორტში ადრეც სულ გვესმოდა, ფიზმომზადების მწვრთნელიო, მეკარეთა მწვრთნელიო, ამის მწვრთნელიო, იმის მწვრთნელიო, სამწვრთნელო შტაბიო და ბრაზობდი: შედეგი სად არის? აქ კი პროფესიონალის ხელი ეტყობა შერკინებას, უკანა ხაზს და ყველაფერს.
  • რაგბის გრანდებთან ჩაგდებული მეორე ტაიმები, რომლებიც განსაკუთრებით მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპებზე გვაფორიაქებდა, უკვე ისტორიის კუთვნილება ჩანს… ქართველ მორაგბეებს დღითიდღე ემატებათ ჯანი კუნთებში და გამძლეობა მთელი 80 წუთის სათამაშოდ. ყოველი გაშვებული ლელო ჩვენებს ძალას მხოლოდ ჰმატებს.
  • საქართველოს ჩემპიონატის თამაშებიც უკვე ისეთია, რომ ყურებას მოგანდომებს
  • და ასე შემდეგ…

ჯერ კიდევ შეიძლება ითქვას: გასაკვირი ის კი არ არის, რომ უელსის ნაკრების ბეტონივით თავდაცვამ საქართველოს ნაკრების მიძალებას გაუძლო, გასაკვირია, რომ უელსს საქართველოსთან გაძლება დასჭირდა.

ერთი დიდი მიძალება და მალე ესეც აღარ იქნება გასაკვირი…

უელსმა საქართველოს სულ ცოტათი გაუსწრო