მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, ესპანეთის დედაქალაქის დერბიში, “ატლეტიკომ” და “რეალმა” 0:0 ითამაშეს. მატჩი კარგი სანახავი იყო, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება უშუალოდ ფეხბურთზე კი არა, ანტუან გრიზმანის შეცვლაზე გვინდა გავამახვილოთ. 76-ე წუთზე არგენტინელი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს მიერ ფრანგი თავდამსხმელის მოედნიდან გაყვანა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აღმოჩნდა. როდესაც გრიზმანი მოედანს ტოვებდა, ტრიბუნებიდან ღრიანცელი ისმოდა, რაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს, რომ 26 წლის ფორვარდი “როხიბლანკოში” დიდხანს აღარ დარჩება.

როდესაც მატჩის შემდეგ “Movistar+”-მა  სიმეონეს გრიზმანის თემაზე ჩამოუგდო სიტყვა, მუდამ შავებში გამოწყობილმა ჩოლომ ისეთი პასუხი გასცა, მაფიოზური ფილმის პერსონაჟი გეგონებოდათ: “მე ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ როდესაც ოჯახის წევრი ხარ, სიკვდილამდე ეყვარებით. გრიზმანი, ჩვენი ოჯახის წევრია”.

ამასობაში კი მადრიდის ორივე გუნდი 10 ქულით ჩამორჩა “ბარსელონას”, რომელიც ლა ლიგას 34 ქულით ლიდერობს.

“დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც ბურთს საუცხოოდ ათამაშებს. მართალია, შეხვედრა ისე წარიმართა, როგორც გვინდოდა, მაგრამ შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც ” — თქვა დასასრულ არგენტინელმა.