რაღა მაინცდამაინც რაგბი? სიმართლე რომ ვთქვა, ამ თამაშში წესების დონეზე თუ ვარ გარკვეული. თამაშის იმგვარი გაგება და აღქმა, რაგბზე მწერალ კაცს რომ სჭირდება, არა მაქვს. ისიც უნდა გითხრათ, რომ წესების შესწავლაზეც გვარიანი დრო გავხარჯე, მაგრამ არ მინანია. ეს საუცხოო თამაში კაცის გულში მეტად კეთილშობილური ნაბიჯით შემოდის.

დაკვირვებული ვარ – რაგბმა ბოლომდე ჩათრევა იცის. აქ არ არსებობს საქმეში „ისე რა“ ჩახედული და ჰაიჰარად გარკვეული ქომაგი. თითოეული მათგანი პროფესიონალია. ჩემისთანა და თქვენისთანა მოყვარული ქომაგი იქ ძალზე ცოტაა და ჩვენი ქომაგობაც იმგვარი ხასიათისაა, რომ საერთაშორისო თამაშზე სტადიონს ვეწვიოთ და ნაკრებს ტაშით შევეწიოთ. ამ ტაშის ორიოდეჯერ შემოკვრის სანაცვლოდ რაგბი გვჩუქნის განუმეორებელ შეგრძნებებსა და წუთებს.

აბა, გაიხსენეთ რუსებთან თამაშის მიწურული, სულისშემძვრელი ჭიდილი მოედნის კიდეზე და ქართველების ლელო. ანდა გერმანელებთან გამართული მუშტიკრივი და გამარჯვება. ან ის შუადღე „ლოკომოტივის“ სტადიონზე, სადაც არც სკამია, არც სახურავი და სადაც კოკისპირულ წვიმაში ფეხზე იდგა 500-600 კაცი და ჩეხებთან თამაშს უმზერდა. ეს, რა თქმა უნდა, სულაც არაა მთავარი ამ თამაშში, ეს უფრო გარეგნული, გრძნობათა ამშლელი ნიშნებია, მაგრამ არაპროფესიონალი სწორედ ამ გზით მიდის რაგბთან. სწრედ ასე უახლოვდება ამ თამაშს, გზა გულზე გადის.

ჩვენი სარაგბო ცხოვრების უსიამოვნო ნაწილი სწორედ ის არის, რომ იმ 35 წელიწადში, რაც საქართველოს რაგბი გაჩნდა, არავის უცდია, რომ ეს თამაში ხალხთან მიეტანა. არავის უცდია ეჩვენებინა ეს თამაში იმგვარად, როგორც ფეხბურთი, კალათბურთი, ან თუნდაც ჭადრაკი. პირადად მე სულ ბოლო დრომდე არ მახსოვს არცერთი აფიშა ქალაქში, სარაგბო მატჩის დაწყება რომ შეეტყობინებინა. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა. მახსოვს ორადორი სარაგბო ტელერეპორტაჟი, ისეთი, ზრდილობის გულისთვის გადმოცემული რომ ჰქვია.

ეს წვრილმანებია, მაგრამ მაინც ჩანს, რომ რაგბი იყო თავისთვის, ქვეყანა – თავისთვის. ქართველები ჩემპიონები ხდებოდნენ – ვითომ არაფერი. თასს იღებდნენ – ორგზის ვითომ არაფერი. გულშემატკივართა სამყარო არ იცნობდა თავის გმირებს. მორაგბეთა არმია იზრდებოდა, ასობით ბიჭი ოვალურ ბურთს ჰკიდებდა ხელს და მას ვეღარ თმობდა. ცუდი ეს იყო, მთელი ეს ქართული სარაგბო სამყარო ხალხის სმენისა და მზერის არეში მაშინ მოხვდებოდა, როცა რომელიმე მორაგბე მკლავს გაშლიდა. თამაში ჩხუბთან იყო გაიგივებული – საუცხოო თამაში.

დღევანდელი ქართული სარაგბო ერთობა, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ამ ჯებირის გარღვევას ცდილობდა. რაგბის მთავარი ამოცანა ჩემნაირი სარაგბო ცოდნის ქომაგთა გულებში ადგილის დამკვიდრება მგონია. მერე ისეთების მიზიდვაა საჭირო, ვისაც ეს თამაში ჩხუბი ჰგონია.

ქართული რაგბი ალალად ცდილობს ამას, მედიაც ასე თუ ისე ეხმარება, მაგრამ საქმეს აუარებელი ფული და პროგრამა ჭირდება. ოდესღაც ამერიკაში კალათბურთის სახელმწიფო პროგრამა შემუშავდა: კოლეჯებსა და კალათბურთის საგნად ქცევას რომ შევეშვათ, ყველა ეზოში ფარი დაიდგა. რაც გამოვიდა ამ საქმიდან, ნახეთ: ”I LOVE THIS GAME!” გამოვიდა.

დაახლოებით ასეა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ახლა ბავშვებში რაგბის ბუმია. ჩემი 8 წლის შვილიც იწევს, მიმიყვანეო. მთავარია, ეს ბუმი სარაგბო წრეში არ ჩაიკეტოს, თორემ რაგბი მოთამაშეთა და ახალ პროფესიონალ ქომაგთა არმიას რომ შეიმატებს, მაინც ჩაკეტილ თემად დარჩება. კარი ფულმა და ჭკუამ უნდა გააღოს – მგონი ამერიკა არ აღმომიჩენია.

ახლა საქართველოში რუმინეთის ნაკრები სტუმრობს. ერთმა რაგბის მეოხმა კაცმა მითხრა, რუმინულ კლუბ „სტიაუას“ ხუთი სათამაშო მოედანი აქვსო. ამ დროს სრულიად საქართველოს სარაგბო საზოგადოება გაპარტახებულ სტადიონზე თამაშის უფლებას ჩალიჩობს და ამაზე ლამის ტროას ომი აიწიოს. მერე შენ მიდი და ღირსეული რაგბი ითამაშე. მაგრამ აკი ვთქვით ამ თამაშის უცნაურ თვისებაზე: გულის მონადირება და თავდავიწყებული სიყვარული, რასაც დღემდე მოუყვანია ჩვენი რაგბი, ასე მგონია, რომ დღემდე რჩება მის მთავარ ძალად.

 

15.03.1997

წილი
წინა სტატიაგზავნილი კარდიფიდან: ვთამაშობთ კარის გაღებამდე!
შემდეგი სტატიადიდი მეათე ნომერი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.