პეპეს მამამ თქვა, რომ მის ვაჟს გადაწყვეტილი ჰქონდა ტაქსის მძღოლი გამხდარიყო. რასაკვირველია, ეს იმ შემთხვევაში, თუ მისგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა.
ზაფხულში პეპემ “რელი” დატოვა და სტამბოლის “ბეშიქთაშში” გადავიდა. მცველმა, რომლის ნამდვილი სახელია კელპერ ლავერან ლიმა ფერეირა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ათი წელიწადი გაატარა, მაგრამ “თეთრებთან” მორიგ კონტრაქტზე ვეღარ შეთანხმდა და კარიერის ესპანური პერიოდი დაასრულა. 34 წლის ფეხბურთელი ალბათ, მალე სულ წავა დიდი ფეხბურთიდან, თუმცა, დიდი ფეხბურთი კი არა, 13 წლისას, ჯერ კიდევ ბრაზილიაში ცხოვრებისას, სან პაულუს ახალგაზრდულ თასზე ისეთი რამ გადახდა, რომ მისი ცხოვრება კინაღამ სულ სხვაგვარად წარიმართა. მაშინ პეპე ალაგოასის შტატის დედაქალაქ მასეიუს გუნდ “კორინთიანს ალაგოანოში” თამაშობდა.
ინციდენტი ასეთი გახლდათ: ემოციურად გაუწონასწორებელმა პეპემ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს სახეში ისე დაარტყა, რომ მამამისს, ანაელს ვაჟის კარიერა დამთავრებული ეგონა. თან, დაზარალებულ ბიჭუნას კბილების ფიქსატორიც ჰკეთებია, რამაც მდგომარეობა დაამძიმა. მაშინ, დიდი სკანდალი ატყდა.
“გლობო ესპორტესთვის” მიცემულ ინტერვიუში ანაელმა გაიხსენა: “ბრაზილიური პრესის ერთმა გავლენიანმა ფიგურამ პეპეს სამუდამო დისკვალიფიკაცია მოითხოვა. არადა ბავშვი სულ რაღაც 13-14 წლის იყო. რასაკვირველია, არ მინდოდა ჩემს ვაჟს კარიერა ასეთ ახალგაზრდულ ასაკში დაესრულებინა, მაგრამ რა მექნა. სხვა გზა არ მქონდა, შვილი დავამშვიდე, ვუთხარი, რომ ცხოვრება მარტო ფეხბურთისგან არ შედგება. მაშინ მანქანა მყავდა. დავპირდი, რომ ამ მანქანას გავყიდდი და აღებული ფულით მისთვის ტაქსის ვიყიდდი. ასე, სამსახური და რაღაც შემოსავალი მაინც ექნებოდა”.
ბავშვობის ამბების გახსენებას რომ მორჩა, პეპეს მამამ თქვა, რომ ზაფხულში მისი ვაჟის გადაბირება “ბეშიქთაშის” გარდა ჩინურ გუნდებს, “პარი სენ ჟერმენს” და “მანჩესტერ იუნაიტედსაც” უნდოდათ. შემდეგ კი მან ვეტერანის “რეალიდან” წასვლის ამბავიც მოიგონა:
“არიან კლუბები, რომლებიც აიყვანენ ფეხბურთელს, მერე წურავენ მას და აგდებენ. დამსახურების მქონე მოთამაშეები სხვანაირ მოპყრობას იმსახურებენ. ის ფეხბურთელიც კი, რომელმაც გუნდთან ერთად ყველაფერი მოიგო, ვალდებულია მუდმივად ვითარდებოდეს. საერთოდ, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, კლუბი მოთამაშეს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, მაგრამ პეპესთვის არაფერი უთქვამთ. ბოლოს, როგორც იქნა დაუძახეს და ძველებური პირობები შესთავაზეს. პეპემ უთხრა, რომ თანახმა არ არის და სხვაგან აპირებს გადასვლას”.
ასე აღმოჩნდა პორტუგალიელი “ბეშიქთაშში”, სადაც ჯერჯერობით 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.