დღეს იქნებ ისე ძალუმად მივაწვეთ ექვსი ერის ჩარაზულ კარს, რომ ყინჩ ევროპელებს კარის გახსნა ვაიძულოთ. „თიბისი რაგბის სერიების“ მეორე ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნები“ კარდიფში შეერკინებიან უელსს და, გავიხსენოთ, რომ აქამომდე სატესტო შეხვედრებში ქართველ მორაგბეებს ასეთი ბობოლა მეტოქე ერთ-ორჯერ თუ ჰყოლიათ.
უელსამდე საქართველოს ნაკრებმა შრომით, გარჯით, ნიჭითა და უტეხლობით გვარიანი გზა განვლო და გვიკადრეს.
კანადასთან ფრენა-ფრენა ლელოებით მოპოვებულმა ხმაურიანმა გამარჯვებამ ხომ უელსთან ჯახს სარაგბო სამყაროში ფასი კიდევ უფრო აუწია და, ეჭვი არაა, სულ სხვა თვალითა და საზომით დააკვირდებიან ბობოლები „ექვს ერს“ დამიზნებულ საქართველოს.
დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობა ყველაზე უკეთ მილტონ ჰეიგმა იცის და აკი, თქვა კიდეც, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე: „მხოლოდ ძლიერ მეტოქეებთან თამაშით შეძლებ დაინახო რამდენად განვითარდი. ექვსი ერის ქვეყნებთან კარგი თამაში, იქნება მკაფიო გზავნილი, რომ უფრო მეტ ასეთ შეხვედრას ვიმსახურებთ. ასევე ეს იქნება შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს საუბრები ექვსი ერის კარის გახსნასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ძალიან კარგად ვითამაშოთ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი თამაშის გაკონტროლება შეგვიძლია და თუ კარგად თამაშს და პროგრესს განვაგრძობთ, დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროც დადგება“.
უელსთან ჩვენები შემადგენლობა ასეთი იქნება: მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, ლაშა ლომიძე, ვიტო კოლელიშვილი, ბექა ბიწაძე, ვასილ ლობჟანიძე, ლაშა ხმალაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, მირიან მოდებაძე, გიორგი კოშაძე, სოსო მათიაშვილი.
სათადარიგოებს მერაბ კვირიკაშვილი დაემატა. მის გარდა სკამზე ესენი იქნებიან: რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ბეგაძე, შალვა მამუკაშვილი, კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი თხილაიშვილი.
უელსელებმა კი რამდენიმე დღის წინ ავსტრალიასთან წაგებული მატჩის შემდეგ ლამის მთელი შემადგენლობა შეცვალეს. მწვრთნელი უორენ გეთლანდი ავტრალიასთან ნათამაშები 15 მორაგბიდან ჩვენებთან ძირითადში თამაშს მხოლოდ ლაიმ უილიამსს დააწყებინებს.
მატჩი ჩვენი დროით 18.30 დაიწყება.
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები