ბავშვობის სიუჟეტი: სოფლის ბირჟა, გაცვეთილი ჭადრაკის დაფა და ფიგურები (თავწატეხილი მეფეებით და ლაზიერებით, რასაკვირველია), პარტია პარტიაზე გასაოცარი სვლების თანხლებით (დიდოსტატს მათი გაგება გაუჭირდება)… გამოივლის ამ დროს მავანი უფროსკლასელი და შოშიებივით პირდაღებულ ბავშვებს “დეტსკი მატს” უჩვენებს, შამათს ოთხ სვლაში, რომელიც გულისხმობს, რომ შავებმა ერთიმეორეზე სუსტი სვლები უნდა გააკეთონ.

“დეტსკი” (ან “ძეცკი”) შამათი. წყარო: ვიკიპედია

უფროსკლასელი დიდების ზენიტშია. გადაავლებს რა პუბლიკას მოწყალე მზერას, გზის გაგრძელებას დააპირებს, მაგრამ სენსაციას მეორე სერიაც გამოუჩნდება: ერთი პატარა ბიჭი იტყვის, მე ჭადრაკის წრეში დავდივარ და იქ სულელების შამათი მასწავლეს სულ რაღაც ორ სვლაშიო. დასრულდა უფროსკლასელის ზეობა.

“სულელების” შამათი. წყარო: ვიკიპედია

ეს ვითომ ორიგინალური სიუჟეტი ტაილანდშიც გამოდგება სოფლის ცხოვრებაზე ფილმის გადასაღებად, ოღონდ დეკორაცია იქნება შესაცვლელი: ნაცვლად კლასიკურისა, იქაური ჭადრაკის, მაკრუკის დაფა და ფიგურები დასჭირდება რეჟისორს.

კლასიკური ჭადრაკი ტაილანდში პოპულარული ვერ არის. ფიდე-ს რეიტინგ-ლისტით, მოწინავე ტაილანდელი მოჭადრაკე ბანჯუაბ ჯირავორასუკი (წარმოთქმის სიზუსტეზე თავს ვერ ვდებთ) 2281 ქულით 10668-ე პოზიციაზეა, ხოლო აქტიური მოჭადრაკეების რაოდენობას 5000-ით საზღვრავენ. მაკრუკს კი სიამელები მეტი სიამით თამაშობენ: 70-მილიონიან ტაილანდში 2 მილიონზე მეტი მომაკრუკეა რეგისტრირებული. ბანგკოკელი ტაქსის მძღოლები კლიენტების ლოდინში, კლიენტებით ღარიბ მაღაზიათა მეპატრონენი ან გამყიდველები, პენსიონერი ბაბუები თავისთავად – მრავალი, ვისაც დრო აქვს მილიონიან მეგაპოლისსა თუ პროვიციაში, თავს მაკრუკით იქცევენ.

კლასიკური ჭადრაკის ვარსკვლავებიდან მაკრუკს ერთ ჟამს ვლადიმირ კრამნიკის ყურადღება ერგო. რუსმა ჩემპიონმა გვარიანი დრო დახარჯა განსხვავებული თამაშის შესწავლაზე და დაასკვნა: “მაკრუკში სტრატეგია მეტია, ვიდრე კლასიკურ ჭადრაკში. მაკრუკის მოთამაშეს ოპერაციათა დაგეგმვა მეტი ყურადღებით მართებს”. იყო ჭადრაკსა და მაკრუკს შორის ინტერკულტურული ძაფების გაბმის გეგმები (კრამნიკს და მაკრუკში ტაილანდის ჩემპიონ ტორ პაგნაამს ორივე თამაშში უნდა მოესინჯათ ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ), თუმც მათ ხორცშესხმაზე ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ.

უეჭველია, კრამნიკის დებულებას მომხრეებიც ეყოლება და კრიტიკოსებიც, ჩვენ კი უშუალოდ თამაშის წესებს შევხედოთ: დაფა – 8×8, ფიგურები – 16×16, თამაშის მიზანი – მეფის დაშამათება – ყველაფერი ზუსტად როგორც ჭადრაკში, მაგრამ მაკრუკში პატიც ძლიერი მხარის გამარჯვებას ნიშნავს.

ესეც მხარეთა საწყისი დისპოზიცია:

ფიგურების საწყისი განლაგება მაკრუკში

ფიგურების რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: ეტლი, მხედარი, კუ, მეფე, ლაზიერი, კუ, მხედარი, ეტლი. შენიშნავდით, რომ ლაზიერი მეფისგან ხელმარჯვნივ დგება (ჩვენს ჭადრაკში – ხელმარცხნივ). ფიგურების გადაადგილების წესები ქვემოთ, რამდენიმე პაწია დიაგრამაზე მოცემული.

პაიკი
ლაზიერი
კუ
მხედარი
ეტლი
მეფე

 

 

 

 

მეფეს (ტაილ. ხუნ – “ბატონი”), ეტლსა (რუეა – “ნავი”) და მხედარს (მა – “ცხენი”) სვლები კლასიკური ჭადრაკის დარი აქვთ, კუ (ხონ – “აზნაური”) დიაგონალზე ყოველ მხარეს და წინაც თითო უჯრაზე გადაადგილდება, ლაზიერი (მეტ) კუს წინსვლის უნარით ჩამორჩება, ხოლო პაიკი (ბია) ჩვენებური პაიკივით მხოლოდ წინ მოძრაობს, ამასთან პირველ სვლაზე უჯრის გამოტოვების უფლებაც არ გააჩნია. საერთოდ, მაკრუკში პაიკის გარეგნული სახე ერთობ ჩაგრულის შთაბეჭდილებას ტოვებს. კლასიკურ ჭადრაკში პაიკი ტანდაბალია, მაგრამ ღირსეული, მაკრუკის დაფაზე კი პაიკად, უკეთეს შემთხვევაში შაშის კოჭებს, ან სულაც კენჭებს და ნებისმიერ ბრტყელ საგანს იყენებენ. არის აზრი ამაში: მე-6 (და არა მე-8) ჰორიზონტალს მიღწეული პაიკი ლაზიერად და მხოლოდ ლაზიერად შეიძლება გარდაისახოს, ყველაზე სუსტ ფიგურად, რომლის ერთადერთი ღირსება პაიკთან შედარებით უკანსვლის (დიაგონალის თითო უჯრაზე მოძრაობის) უნარია. აბა ჩვენს ჭადრაკში ნახეთ მე-8 ჰორიზონტალს მიახლოებული პაიკი. ლეგიონები იხოცებიან ბოლო ხაზამდე მისი გაყვანისთვის, რაც ხშირად პარტიის ავტომატურ მოგებას ნიშნავს.

ბოლო წლებში მაკრუკის თამაში კომპიუტერებმაც დაიწყეს. ანდროიდიანებო, ჩამოტვირთეთ Google Play-დან აპლიკაცია Alisa Makruk და თუნდაც მისი საშუალო დონის მოსაგებად, გარწმუნებთ, ბარე ორი ზაფხული დაგეხარჯებათ!

ახლა კი წრე შევკრათ: მაკრუკში “დეტსკი მატი” სამსვლიანია და შავებით ცხადდება.

საწყისი პოზიცია:

1. მხედარი B1-D2; მხედარი G8-E7
2. მხედარი G1-E2; მხედარი E7-F5

ჯერჯერობით, თეთრების პოზიცია უფრო სიმპათიური ჩანს. დებიუტში შავი მხედრის ზედიზედ ორი სვლა თეორიის მასხრად აგდებას ჰგავს. ახლა თეთრებმა მორიგი გონივრული სვლა ჩაიფიქრეს: პაიკით წინ წავიწიოთ და აბეზარი შავი მხედარიც გავაძევოთო. შავების პასუხი პარტიას ასრულებს:

3. პაიკი E3-E4; მხედარი F5-E3 – შამათი!
წილი
წინა სტატიაგაიესე: აი, ასე, ბრავო !
შემდეგი სტატიამაკარიძე – მეკარის მზე
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია