საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის „მორეირენსეში“ ირიცხება. უბრალოდ, ირიცხება და მეტი არაფერი. წინა სეზონში გუნდის გამორჩეული სახე იყო, მაგარ გუნდებსაც სურდათ, დღეს კი უთამაშებელია. მინდორს კი არა, სათადარიგოებსაც არ აკარებენ.
სხვა რას უნდა დააბრალო ეს ფაქტი, თუ არა კონფლიქტს? გავიგეთ, რომ მაკარიძემ ამ ზაფხულს უარი თქვა პორტუგალიის „ბრაგაში“ გადასვლაზე, ფული არ აშოვნინა „მორეირენსეს“ და ამიტომაც სჯიან.
ახლა კი გიორგი იანვარს ელოდება. სხვაგან უნდა გადავიდეს. „ბენფიკასაც“ უნდოდა ზაფხულში და იმ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
უცნაური კარიერა აეწყო მაკარიძეს. საფრანგეთის „ლე მანის“ მერე უკლუბოდ დარჩა და ერთი პერიოდი ვერაფერს ვერ პოულობდა, მაგრამ პორტუგალიაში მოხვდა, იქ ჯერ ქვემო ლიგაში კარგად ითამაშა, შემდეგ კი უმაღლესშიც შესანიშნავი სეზონი მოიწყო და პორტუგალის თასი მოიგო.
ნიჭი რომ არ მოსდგამდეს, კლაუს ტოპმიოლერი 17 წლის ბიჭს საქართველოს მთავარ ნაკრებში არ ათამაშებდა. მერე იყო უკლუბობა, გაუგებრობა, მაგრამ „მაკარა“ მაინც გამოძვრა რთული მდგომარეობიდან. ისე ძვრება, როგორც ბურთებს აძრობს ხოლმე კარის ხაზიდან.
ზუსტადაც, ახლა გამოძრომის პერიოდი უდგას. პორტუგალიაში სახელი უკვე გაიკეთა და ვგონებთ, კარგ გუნდში უნდა ვნახოთ.