“მანჩესტერ სიტის” დიდ შეფებს ბევრი რამ უნახავთ, მაგრამ ის ღრიანცელი, რომელიც  ლონდონის “სტემფორდ ბრიჯსა” და ნეაპოლის “სან პაოლოზე” მოგებების მერე სტუმარი გუნდის გასახდელიდან გამოდიოდა, განსაკუთრებული იყო — აშკარად, ერთი იდეით შეპყრობილი ადამიანები ზეიმობდნენ. “დეილი მეილი” წერს, იმასაც კი ამბობენ, რომ ინგლისური პრემიერლიგის დიდი ექვსეული გოლიათის და ჯუჯების ექვსეულად გადაიქცაო…

“სიტის” ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაა, მაგრამ ერთი განსაკუთრებით იგრძნობა — ადრე, ყველა თავისკენ ექაჩებოდა, თავი დიდ ვარსკვლავებად მიაჩნდათ, ცხვირები მაღლა ჰქონდათ აწეული, ახლა კი ყველა ერთად პეპ გვარდიოლას ბიჭებად იქცნენ და მორჩა. ცნება “მე” შეცვალა ცნებამ “ჩვენ”. მოკლედ, მას მერე, რაც შარშან ზაფხულზე, ქალაქ მანჩესტერის აღმოსავლეთ ნაწილში კატალონიელი მწვრთნელი ჩავიდა, კლუბში ფასეულობები გადააფასეს, განსაკუთრებით კულისებს მიღმა. დღეს, “სიტიში” ვისაც გინდა ჰკითხე, ყველა ერთნაირად გიპასუხებს: ცვლილება უამრავი იყო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გაჩნდა ერთსულოვნება.

ყველაფერი ზემოდან დაიწყო. ახალდანიშნული გვარდიოლა მივიდა “ეტიჰედ სთედიუმის” იმ ოფისში, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლები სხედან, ერთ-ერთ მაგიდასთან ჩამოჯდა და ყველას დაუმეგობრდა, ყველას გაუღიმა, ყველასთან გამონახა საერთო ენა. შემდეგ, ფეხბურთელებს რომ შეხვდა, თითოეული მათგანის მეტსახელი იცოდა. დღეს კი ბუფეტის თანამშრომლით დაწყებული, ბუღალტრით დამთავრებული ყველას სახელით მიმართავს. გვარით კი არა, სახელთ. “გუდ მონინგ მისტერ ჯონსონ” კი არა; “ჰელოუ, ჯონ”!

გვარდიოლას ფეხბურთელები ხშირად გაჰყავს კლუბის კედლებს გარეთ. ჩვენებურად რომ ვთქვათ ხინკალზე. იქაურად ცხადია სხვანაირად ამბობენ. მაგრამ, ეს დეტალია. ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახალი წესებით კევინ დე ბრუინი და ძმანი მისნი ვალდებულები არიან თანაგუნდელებთან ერთად “სიტის” სასადილოში ისაუზმონ და ისადილონ. რატომ? აქ, ეშმაკობა ისაა, რომ ჯერ ერთი ფეხბურთელების კვებას აკონტროლებ, რაციონს უდგენ და მეორეც, ბიჭებს ერთად ყოფნას აჩვევ, ამეგობრებ ერთმანეთთან.

დღეს, “სიტის” სამზარეულოში საერთაშორისო ბრიგადა მუშაობს — ესპანელი, ფრანგი და ინგლისელი მზარეულები ანგარიშობენ და აკოწიწებენ კალორიებს. მოთამაშეებს კი ევალებათ სახლებიდან საჭმლის წასაღები ჩანთები ატარონ. ანუ, კლუბიდან კერძებს შინაც ატანენ და უნდა ნახოთ, ყველა რა კმაყოფილია. ვარჯიშების შემდეგ მათი შემყურე ბაზის დარაჯები ალბათ გაკვირვებულები ფიქრობენ, ამ ოხერ მილიონერებს კვების ფულს რატომღა უზოგავენო.

თამაშის დღეები, ბუნებრივია, მაძღრად ჭამისთვის არ არის. ლერუა სანეს, მაგალითად, ბანანის პური (არის ასეთიც) უყვარს, არგენტინელებს ოტამენდისა და აგუეროს კი ცილოვანი დიეტა ურჩევნიათ და პურ-ფუნთუშეულს არ ეკარებიან. საუზმობის დროს ყველას ვიტამინების კომპლექსსა და ენერგეტიკებს ურიგებენ. რაც “სიტის” მწვრთნელი გვარდიოლაა, ფეხბურთელებს ხშირად უტარებენ სისხლის ანალიზსაც.

კლუბში ათი მედიკოსია, მათგან ორი ექიმი — გვარდიოლამ წინამორბედის, მანუელ პელეგრინის ესკულაპთა ჯგუფი კიდევ უფრო გაზარდა და გააძლიერა. მატჩების მეორე დღეს ყველა ფეხბურთელი სავალდებულო კრიოთერაპიას გადის. ეს რაღაა? დაზიანებული ქსოვილების რაღაცნაირი “სიცივით მკურნალობაა”.

ხშირად, ვარჯიშების წინ, გვარდიოლა ფეხბურთელებს თეორიულ მეცადინეობაზე იბარებს. შეკრებები 200 მილიონ ფუნტად აშენებულ კამპუსში იმართება. დარბაზში მოხერხებული სკამები და უზარმაზარი მონიტორია. მწვრთნელი ლაზათიანად მოკალათებულ ფეხბურთელებს უხსნის, რა უნდა მათგან და როგორ უნდა მიაღწიონ სასურველ მიზანს.

ვარჯიშები, რასაკვირველია დამღლელი და ინტენსიურია, მაგრამ, იმავდროულად, სახალისოც. ვისაც ვარჯიშის შემდეგ სახლში წასვლა ეზარება, შეუძლია დარჩეს და თუ უნდა, დაიძინოს — საამისო ნომრებიც არის.

პირადად გვარდიოლას კაბინეტი კი ისევე, როგორც “ბარსელონასა” და “ბაიერნში” საფეხბურთო სამყაროს ცენტრია — ოთხივე კედელზე დაფა ან ეკრანია. უამრავი გეგმა და მოსაზრებაა მიკრული. ყველა წარწერა კატალონიურ ენაზეა.

“გვარდიოლას ძალა ის არის, რომ იგი პირველივე დღიდან თანმიმდევრულია. ვფიქრობ, მისმა იდეებმა ხორცი ახლა შეისხა, თორემ შეცვლით არაფერი შეცვლილა. რასაც პირველ დღეს ამბობდა, იმას იმეორებს დღესაც” — განმარტა ვეტერანმა ბელგიელმა მცველმა ვინსენტ კომპანიმ.