სწორედ ათი წელიწადი გასულა მას შემდეგ, რაც გიო ქინქლაძე ინგლისის სტადიონებზე დათარეშობდა და „მანჩესტერ სიტის“ ისტორიას ქმნიდა. კლუბისთვის ცუდ დროს იყო იქა და ამანაც არია საქმეები, მაგრამ აბა ქაღალდს ჩახედეთ: სამ სეზონში 106 მატჩი ითამაშა სიტიში და აქედან 105 ძირითადში! ერთხელ გამოვიდა შეცვლაზე.

იმას მერე კიდევ რაღა არა მოხდა და სულ სხვა ადგილას, სულ სხვა ქვეყანაში, თათართა გუნდ „რუბინში“ ქინქლაძემ ისევ დაიწყო ნამდვილი ფეხბურთის თამაში. იმ დღეს ვუყურე და პენალტი რომ ააცილა, გული მომიკვდა. სულ წარმოვიდგინე, რაც რამ გაუცდენია და ოხრობა დამართნია ჩვენს ძველ და კარგ ქინქის, რომელიც იმ წლებში, აქ რომ ბათქაბუთქი და თოფ-იარაღის ტრიალი იყო, ისე გვიყვარდა, როგორც არავინ და საფეხბურთო უქმეებს ისე ველოდით, როგორც არასდროს.

ჰოდა, გუშინწინ ქინქიმ ლენინგრადის „ზენიტს“ პირდაპირ თავზე დაახურა ბურთი შიგ რევოლუციის აკვანშივე. მისმა გუნდმა მოიგო და რუსთა ლიგაში უეფას საგზურისთვის ჭიდაობს. ქინქლაძემ საგოლე პასი გააკეთა, ის გოლი გადამწყვეტი იყო და საერთოდ, ბევრი არაფერი სჯობს, ძველი ქინქის ცქერას.

რა არის, რომ სევდა და სევდა: რამდენი გააცდინა, როგორ ვერ მოერგო, სად იხეტიალა, როგორ ვერ აეწყო. ახლა სანაკრებო ამხანაგურებზეც გამოძახებულია და თუ ნაკრებსაც შეუერთდა, ეგებ უფრო ხმაურით დაიწყოს თავისუფალი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ახალი განავარდება.

ცხოვრება ასეთია: გგონია, რომ თუ რაღაც ჩაქრა, სამუდამოდ ჩაქრა.

მაგრამ ეგრე არ არის ხოლმე.

თუ ის რაღაცა მართლა მაგარია, ერთხელაც იქნება და თავს არ დამალავს.

კი, სხვა ადგილია ყაზანის „რუბინი“ და ახლა იწყებს რაღაც საქმეს, მაგრამ ქინქი ნამდვილია და ღმერთმა ქნას, გული ეყოს და ფეხმა გაუჭრას, იმიტომ, რომ ის, რაც მას აქვს, წესით, არასოდეს ცვდება.

ჰეი, ქინქი!
პატარა გენიოსო… მიდი, გადახანი მაგათი მინდვრები.

ძალიან მაგრა ველოდებით ყველანი.

წილი
წინა სტატიაპატარა გენიოსი
შემდეგი სტატიაკალათები შეივსო, ველით წილისყრას
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.