ხამეს როდრიგესს მადრიდი ენატრება და ამას არც მალავს. კოლუმბიელი პირდაპირ ამბობს, რომ არც “ბაიერნია” “რეალი”, არც მიუნხენია მადრიდი და არც გერმანიაა ესპანეთი.
ესპანეთის დედაქალაქში ყველამ კარგად იცის, რომ “რეალიდან” წასული სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით ხამესი ბოლო წამამდე იბრძოდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასარჩენად. როდრიგესის სიყვარული და ერთგულება “თეთრი კლუბისადმი” გულშემატკივართა შორის პატივისცემას იმსახურებს. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად არის კოლუმბიელი უახლოეს მომავალში დააბრუნოს, მაგრამ არსებობს დამაბრკოლებელი ფაქტორიც და მას ზინედინ ზიდანი ჰქვია.
ხამესი “რეალმა” ორი წლით მიაქირავა “ბაიერნს”. რა მოხდება ორი წლის შემდეგ? თუ ზიდანი ისევ “რეალის” მწვრთნელი იქნება, შესაძლებელია ფეხბურთელი სანატრელ მადრიდში კვლავ ვერ დაბრუნდეს, მაგრამ არის სხვა ვარიანტიც: ამბობენ, რომ ზიზუსა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის ბოლო რამდენიმე კვირაა საეჭვოდ დათბა ურთიერთობა. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ “ლურჯებს” ახალი თავკაცი დასჭირდეთ და ის ზიდანი აღმოჩნდეს. აი, ამ შემთხვევაში ხამესის ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო, ამბობს საქმეში ჩახედული ხალხი.