საფრანგეთის ტოპ 14-ის ტურის მთავარ მატჩში ერთმანეთს „მონპელიე“ და „კლერმონი“ დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ქართული დუელი მიმდინარეობდა: მასპინძელი მონპელიელების შერკინების პირველ ხაზში მარცხნივ მიხეილ ნარიაშვილი იდგა, ხოლო ჩემპიონი კლერმონელების მარჯვენა ბურჯი ვეტერანი დავით ზირაქაშვილი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დანიშნულ შერკინებებში მსოფლიოში აღიარებული ეს ორი მორკინალი ერთმანეთის პირისპირ დგებოდა.
ბრძოლა უშეღავათო იყო, ნარო და ზირაქა ერთმანეთს არ ინდობდნენ, საწყისი 40 წუთი კი უფრო გამოცდილმა კლერმონელმა უკეთ ჩაატარა და მისი პირადი დამსახურებით ჩემპიონმა ორჯერ მიიღო ჯარიმის დარტყმის უფლება. ტაიმიც სტუმრებმა მოიგეს – 17:14.
აი, მეორე ნახევრის სათამაშოდ კი ზირაქაშვილი აღარ გასულა „ალტრად სთედიუმზე“, მისმა გუნდმა საბოლოოდ წააგო კიდეც (28:24) და მხოლოდ სანუგეშო ქულით დაკმაყოფილდა.
თურმე, პირველი ტაიმის ბოლო სტატიკური შერკინება ჩაიქცა და დათო ქვეშ მოიყოლა. აღმოჩნდა, რომ ზირაქაშვილს მკერდის კუნთები აქვს დაზიანებული და დღევანდელი მონაცემებით, ამის გამო ტოპ 14-ის ერთ-ერთი გამორჩეული პირველხაზელი 4-დან 6 კვირამდე იუქმებს. თუმცა, უახლოეს დღეებში მას დამატებითი დიაგნოსტიკა ჩაუტარდება, რომელიც მკურნალობის ხანგრძლივობას დააზუსტებს.
ზირაქაშვილის არყოფნა მძიმე ტვირთად დააწვება „კლერმონს“, რომელსაც 18 ნოემბერს ლიდერ „ლიონთან“ უმძიმესი ჯახი ელის. „ყვითელი ჯარის“ მეორე მარჯვენა ბურჯი რაბა სლიმანი საფრანგეთის ნაკრებშია გამოძახებული და 18-შივე სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშებს, თანაც კიდევ ერთი №3 მიქაელ სიმუტოგა ტრავმირებულია და მთელი ამ პერიოდის სიმძიმე, წესით, 34 წლის ზირაქას უნდა ეზიდა…