წამიც და… თორნიკე ოქრიაშვილის გოლი -შედევრი ბელარუსის კარში

საქართველო-ბელარუსის ხსენებაზე, უცებ „სარბიელის“ დღევანდელი რესპონდენტი გამახსენდა. თორნიკე ოქრიაშვილმა ხუთი წლის წინ რომ ატორღიალა მცველები, სამნი ერთი მოძრაობით რომ დააწვინა და საქართველოს გოლი-შედევრით მოაგებინა.
იმ შესარჩევში შინ 1:0 მოვუგეთ, სტუმრად 0:2 წავაგეთ. მაშინ თემურ ქეცბაია წვრთნიდა ნაკრებს.
ახლა არც თბილისშია თამაში და არც მინსკში. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი დღეს უმასპინძლებს ამხანაგურს. ქუთაისში საქართველოს ადრეც უთამაშია. 2001 წლის 9 მაისს დავით ყიფიანის და რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა ქუთაისში აზერბაიჯანს 1:0 მოუგო. ბელარუსთან შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება და იმედია, ქუთაისში ბევრად მეტი გულშემატკივარი მივა, ვიდრე ეს გორში იყო – როცა კვიპროსს 1:0 მოვუგეთ. სამწუხაროდ, გორში 5000-იანი „თენგიზ ბურჯანაძე“ ვერ გაივსო.
საქართველო და ბელარუსი დაახლოებით ერთი დონის ნაკრებებია. საკლუბოთი გვისწრებენ, აბა, იმათ „ბატეს“ მიღწევებთან ჩვენ რას მოვალთ. ბელარუსი საქართველოს მსგავსად ერთა ლიგის D ზონაში ითამაშებს შემდგომ შესარჩევში.
ვლადიმირ ვაისიც, ალბათ, თავის თარგზე შეცვლის შემადგენლობას. ბოლოს და ბოლოს, ამხანაგურებია და მწვრთნელს სიახლეების დანახვა დასჭირდება.
ვისურვებდით, რომ კვიპროსის გზას გავუყენოთ და წაგებულები გავუშვათ სახლში.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)