ახალგაზრდულ ფეხბურთზე გამახსენდა და ზოგადად, გავრცელებული ამბავია: ფენომენი ბავშვები დიდობაში საერთოდ ვეღარ თამაშობენ, ფენომენი ყმაწვილები ჩვეულებრივი მოთამაშეები ხდებიან, ან საერთოდაც იკარგებიან და მხოლოდ ერთეულები იზრდებიან, სწრაფად ვითარდებიან და  სიყმაწვილის ვარსკვლავობა სიჭაბუკეში გადააქვთ, იქედან კი დიდ ფეხბურთშიც და დიდ ვარსკვლავებად იქცევიან ხოლმე. ვარსკვლავსა და დიდ ფეხბურთელზე მოგახსენებთ, თორემ საშუალო და კარგ ფეხბურთელებში ეს საქმე უფრო იოლადაა. თუმცა, მგონი, ჩვენთან ესეც არანაკლებ საფიქრალია, ვიდრე ვარსკვლავების საკითხი.

ჩემი მოკლე ჭკუით, აქ ორი-სამი ამბავია: ერთი, რომ ახალგაზრდული ფეხბურთი მაინც სხვა ფეხბურთია. არსით, სულით, მოთხოვნებით, გაქანებით ის განსხვავდება დიდი ფეხბურთისგან. ცოტა ზოგადად, მაგრამ რომ შევადაროთ, სტუდენტური კალათბურთის და ენბიეის ამბავია. ოღონდ, ფეხბურთის „სტუდენტური კალათბურთი“ უფრო ნაკლებადაა ცნობილიც და მაყურებელსაც დიდად ვერ იზიდავს.

კრიშტიანუ რონალდუ კარიერის დასაწყისში

მეორე ამბავი ისაა, რომ ყმაწვილი მზარდია. კაცმა არ იცის, მის სხეულსა და ორგანიზმში რა ცვლილებები მოხდება. ეგებ იცის, მაგრამ წინდაწინ ვინ ეტყვის კარგად მოთამაშე ბიჭს, შენი აგებულება არ იძლევა იმის პერსპექტივას, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოო. ყოფილან ასეთ ბიჭები, რომელთაც ამგვარი შეფასებები დაურღვევიათ და დიდი ფეხბურთიც უთამაშიათ, მაგრამ დღევანდელ თამაშში ეს სულ უფრო და უფრო ჭირს, რადგან საქმის აუცილებელი პირობა, ჯანია. ასევე, არავინ იცის, რა ხდება მოზარდის გონებაში, მის გულში. იქაც  ყველაფერი იცვლება და ხშირად სამიზნეებიც იცვლება. ამიტომ, ხვალინდელი დღის წარმოდგენა ამ მხრივაც ძნელია.

კიდევ  ერთი ამბავი, ალბათ ისიცაა, რომ კარგი მომავლის მქონე ახალგაზრდა, მზადმყოფი აუცილებელი განვითარებისთვის გადადის ახალგაზრდებიდან დიდებში და ხვდება გაუმართავ  საკლუბო მეურნეობაში, დაბალი დონის ჩემპიონატში, ან ისეთ კლუბში და ჩემპიონატში, სადაც მის განვითარებაზე არავინ ზრუნავს. თორმეტი წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ თავით  გაიტანდა ბურთებს.  აირბენდა  და  ჩაირბენდა მაღალნიჭიერად „ოლდ ტრაფორდის“ ფრთაზე და ასე ირბენდა ბოლომდე? არა. გინდა გაკეთებული ვარსკვლავი ეძახონ, გინდა, გალაქული გოიმი, განვითარდა. განვითარდა და განვითარდა.

თავის დროზე ენცო შიფოს ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებდნენ

საპირისპიროდაც შეიძლება. ენცო შიფო ჩვიდმეტის რომ იყო და ხევდა დიდ ფეხბურთში, ოცდახუთისა იმის ჩრდილი გახლდათ. არის სხვა მაგალითებიც, როცა  მოთამაშე  ყველა ასაკს ერთი გაქანებით გადის. გარეთ ბეილი, ბატონო. უკრიზისო ფეხბურთელი. სანამ სწრაფია, იცოცხლე და სიბერეში ვნახოთ. რის ხარჯზე უნდა მოემატებინა, უცნობია. მაგრამ თავიდანვე ისეთი სტანდარტი ჰქონდა, რაც ჯერაც არ დაცემულა. ამიტომ, ეს ფართო, ლამის სამეცნიერო საკითხია.

საერთოდ,  მწვრთნელები ისეთი ხალხია, რომ ყმაწვილი გენიოსის ნდობაც კი უჭირთ ხოლმე. პასუხისმგებლობა მათია და რა გასაკვირია. ეს განსაკუთრებით დიდ შეჯიბრებებზე, ანდა გადამწყვეტ თამაშებზე იგრძნობა ხოლმე. ასე არ აყენებდა ფეოლა ჩვიდმეტი წლის პელეს მსოფლიო ჩემპიონატზე, სანამ ექიმმა გოსლინგმა არ შეუჭამა ტვინი და ასე მენოტიმ, საერთოდ არ ჩაწერა ჩვიდმეტივე წლის მარადონა 1978 წლის სამსოფლიოთასო ოცდაორ კაცში. უფრო მცირე გაქანების ახალგაზრდების ამბავი კი ისედაც გარკვეულია: მათ ჯერ დიდობაში უნდა შეაბიჯონ, გახდნენ დიდი თამაშის ფეხბურთელები და მერეღა იმკვიდრებენ ადგილს გადამწყვეტ მატჩებსა და შეჯიბრებებში.

იმ დღეს ხელში მომხვდა სია: 2007 წლის 50 საუკეთესო თინეიჯერი ფეხბურთელის ბედი ათი წლის თავზე. იმ სიის წევრთა სრული უმრავლესობა დღეს კარგი ფეხბურთელია და პირველი კლასის გუნდებში თამაშობს. ეს სია გვეუბნება, რომ დღევანდელ გამართულ სისტემაში ყმაწვილი და ჭაბუკი ფეხბურთელი თითქმის არ იკარგება. თუ იკარგება და აგერ, გლენ ჰოდლს აქვს ესპანეთში დაწუნებული ფეხბურთელების აკადემია, საიდანაც უკვე  გამოდიან მოთამაშეები, რომლებიც პირველ ჯერზე ნაწვნევ იმედგაცრუებას, თავინათი ნაკლის გამოსწორებით ძლევენ და პროფესიულ კარიერასაც იწყებენ.

გარეთ ბეილი – უკრიზისო ფეხბურთელი

ერთი მახსოვს, 1985 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საბჭოთა კავშირში ჩატარდა და თბილისში ძლიერი ჯგუფი იყო: ბრაზილია, ესპანეთი (ეს ორი მერე ფინალში გავიდა) ირლანდია და საუდები. საუცხოო ფეხბურთელები იყვნენ. ბრაზილია მთლად დახუნძლული. იმ ბიჭებიდან მეკარე ტაფარელი გახდა ვარსკვლავი, მიულერი და სილასი ჰა-და-ჰა, რაღაცა. თვრამეტი მოთამაშიდან თორმეტი დღესაც წითლადაა დარჩენილი ვიკიპედიაში და მათ შორის კი თბილისელებისთვის საყვარელი ბალალო.  ესპანელებიდან ანდონი გოიკოეჩეამ ითამაშა ნაკრებში და „ბარსელონაში“, ირლანდიელების გადასარევ ბრაიან მუნის კი თავის ქვეყნის ნაკრებში არასდროს გამოუძახეს და „პრესტონში“ და „სანდერლენდში“ ჯახირობდა, როცა ბიჭობაში ძალიან გავდა დიდ ფეხბურთელს.

ასე იყო ხოლმე და ბევრგან ახლაც ასეა. ამბავიც ესაა, რომ ასე აღარ უნდა იყოს. მგონი, ბევრწილად მეურნეობის ამბავია.

წილი
წინა სტატიახამეს, რად კადრულობ ასეთ რამეს ?
შემდეგი სტატიანაკრებმა ქუთაისში ორიანები მიიღო
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.