ზუსტად 21 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ფუენტეალბილელი 12 წლის ბიჭუნა ბარსელონაში ჩავიდა, სადაც ის მოეწონათ და “ლა მასიას” სკოლაში აიყვანეს. მანამდე “ალბასეტეში” ვარჯიშობდა. “ბარსელონაში” მოხვედრის შანსი ფეხბურთელს ცხოვრებაში ერთხელ თუ ეძლევა და მისი ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება, მაგრამ ვაჟის უცხო ქალაქში დატოვება ინიესტების ოჯახში მაინც ძალიან განიცადეს.
“ჩემი შვილი ისევ ის ბავშვია, რომელიც მაშინ ბარსელონაში ჩამოვიყვანე, თუმცა 21 წლით უფროსი, — ამბობს ხოსე ანტონიო ინიესტა, ანდრეს ინიესტას მამა, — ძალიან ვამაყობ მისით”.
ხოსე ანტონიო კალატოზი იყო, ანდრესი კი თანდათანობით ლეგენდარული ფეხბურთელი გახდა.
“ცხოვრების მატარებელი ერთხელ გადის” — ეს უკვე ანდრესის სიტყვებია. ის იგონებს, რომ მისი ოჯახის 21 წლის წინანდელი გადაწყვეტილებას ასეთი ელფერი სდევდა: “ახლა ან არასდროს”.
“ჩემს ბარსელონაში გადაბარგებას ყველაზე მეტად დედა განიცდიდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მე ოჯახთან განშორებას ბურთაობით ვინაზღაურებდი. საბედნიეროდ, დიდი განცდის მიუხედავად, დედას ერთი წამითაც არ დაუხევია უკან”, — ამბობს ესპანელი ვარსკვლავი.
ხოსე ანტონიოც მეუღლის თანადგომას უსვამს ხაზს: “ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თამამად მივიღე, რადგან ცოლი მხარში მედგა. დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ საქმე ფეხბურთს ეხებოდა. ეს რომ სხვა სფერო ყოფილიყო, არც კი ვიცი გავბედავდი თუ არა შვილის სხვა ქალაქში გაშვებას. მინდოდა ჩემი ვაჟისთვის გაძლიერებაში, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში შემეწყო ხელი. ამ ყველაფრის მისაღებად კი მას აქ, “ბარსელონაში” უნდოდა ყოფნა”.
ხოლო, ბარსელონაში გადასახლებამდე მამას ანდრესი კვირაში სამჯერ დაჰყავდა ფუენტეალბილედან ალბასეტეში სავარჯიშოდ. ცნობისთვის: ერთი გზა 86 კილომეტრია.
“სულ გზაში ვიყავით. ეს ნამდვილი ქაოსი იყო”, — იგონებს ხოსე ანტონიო, რომელმაც ვაჟს პირველად ცნობილი “ადიდას პრედატორის” ბუცები აჩუქა.
ეს ბუცები ანდრესსაც კარგად ახსოვს: “შავი ბუცები იყო, წინ ზოლებით. მათ დღემდე ვინახავ სახლში. კუმანსაც ასეთები ეცვა”.