დღეს, 18:00-ზე, „დინამო არენაზე“ დიდი რაგბია. „დიდი“ – ჩვენი გაგებით. იმიტომ, რომ ქართველ გულშემატკივარს ჯერჯერობით დაახლოებით კანადელების დონის გუნდების სტუმრობით უწევს დაკმაყოფილება. მსოფლიო რაგბის ბობოლებს უკვე წელიწადში 2-ჯერ ვეთამაშებით, რაც წინსვლა და ერთგვარი აღიარებაცაა – გვკადრულობენ. იმედია, მალე თბილისსაც ეწვევა რომელიმე მათგანი და „დინამოს“ 55-ათასხმიან წნეხს ისევე ვერ გაუძლებს, როგორც მეორე დონის ნაკრებები.

დღეს კი, „ბორჯღალოსნები“ „ნეკერჩხლის ფოთლებს“ მასპინძლობენ, რომელთაც ივნისში, ამერიკული ტურნეს სასტარტო ტესტში 13:0 აჯობეს. კალგარიში შემდგარი ის თამაში ისეთივე უხარისხო და უსიამოვნო გამოდგა, როგორიც ამინდი იყო, ტელეტრანსლაციის დონეც – ზუსტად შესაბამისი.

რაგბის კავშირის ფოტო

იმ მატჩში საქართველოს ნაკრებს ყველა ქულა მერაბ კვირიკაშვილმა პირადად მოუპოვა – ლელო-გარდასახვაც და ორი ჯარიმაც. ჩვენმა ბიჭებმა ჩრდილოამერიკელებს აჯობეს, მაგრამ მთლიანობაში, ანგარიშს თუ არ ჩავთვლით, თამაშმა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგვიტოვა. ალბათ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრები თითქმის საუკეთესო შემადგენლობით ესტუმრა კანადას, ხოლო მასპინძლებმა უძლიერესები ვერ თუ არ შეკრიბეს და უსაზიზღრეს ქარში, წვიმასა და ტალახში ქართველებმა ვერ აჩვენეს ის კლასი, რომელსაც მათგან ველოდით. 13:0 გვეცოტავა.

ჰოდა, დღეს თბილისში, თამაშის მსვლელობისას, 18-დან 20 საათამდე, ნოემბრის საღამოს კვალობაზე არ ეციება, 10-12 გრადუსი იქნება, ყოველგვარი ქარისა და წვიმის გარეშე, ამას გვიმტკიცებს ამინდის პროგნოზის კომპიუტერული პროგრამა. ამიტომ, ჰა ბურთი და ჰა მოედანი. ზედაც ქვეყნის უდიდესი სპორტული არენის მრავალათასიანი ტრიბუნების გარანტირებული მხარდაჭერა…

დავიწყოთ სტუმრებით: „ნეკერჩხლის ფოთლები“ ძლიერი, ალბათ დღეისთვის საუკეთესო შემადგენლობით შეგვერკინებიან, არაერთი უფრო მაგარი ბიჭი ჩამოიყვანეს, ვიდრე კალგარიში ჰყავდათ.

კანადელთა შერკინების პირველ ხაზს შეადგენენ: 37 წლის, უგამოცდილესი კვაჭი რეი ბარკვილი, ვისაც სუპერ რაგბიში თამაშის გამოცდილება აქვს, ხოლო ბურჯებად პირველი წუთიდან დადგებიან 23 წლის ჯასთის სირს-დურუ ინგლისური ჩემპიონშიპის „ილინგიდან“ და 25 წლის ჯეიკ ილნიცკი ინგლისისვე, ოღონდ მთავარი ლიგის, პრემიერიპის „ნიუკასლ ფალკონზიდან“. ესენიც საკმაოდ გამოცდილები არიან.

სასტარტო მეორე ხაზი: 23 წლის ახალზელანდიელი ჯოშ ლარსენი, ვინც კანადის მოქალაქეობა ახლახან მიიღო, თუმცა ზელანდიურ „ნორსლენდში“ კვლავაც თამაშობს, და კიდევ ერთი კაცი „ნიუკასლიდან“ – 26 წლის ევან ოლმსტედი.

მესამეხაზელები: ფლანკერები, 22 წლის ლუკას რამბოლი („ონტარიო“) და 24 წლის მეტ ჰიტონი („ატლანტიკ როკი“), ასევე 8 ნომერი ტაილერ არდრონი – კანადელთა მთავარი ვარსკვლავი. 26 წლის მორაგბე უელსური „ოსპრეიზიდან“ ახალზელანდიურ „ბეი ოფ ფლენთიში“ გადავიდა (ეს გუნდი კუნძულის ჩემპიონატში თამაშობს), მომავალი წლიდან კი ლეგენდარულ „ჩიფსში“ იბურთავებს, ანუ სუპერ რაგბის დააჭაშნიკებს.

9 ნომერი 32 წლის ფილ მაკია („ბერსი“), ხოლო მგეზავი – 26 წლის პატ პარფრი („ატლანტიკ როკი“).

გარემარბები: ფეხმარდი ტეილორ პერისი, ტოპ 14-ის „კასტრის“ 25 წლის მოთამაშე, და 24 წლის ბროკ სტოლერი („ბერსი“).

შუამარბები: 31 წლის კაიარან ჰერნი, ლაშა ლომიძის თანაკლუბელი ინგლისურ „ლონდონ აირიშში“, და მისი 31 წლის მეწყვილე, წარმოშობით სამხრეთაფრიკელი დენიელ ვან დერ მერვე, იგივე „ნიუკასლიდან“. სხვათა შორის, ამ ორი ცენტრის ანგარიშზე ყველაზე მეტი სანაკრებო კეპია.

დაბოლოს, ფულბეკი – სულ ახალგაზრდა, 21 წლის ენდრიუ ქოუ „ონტარიოდან“.

კინგსლი ჯონსი

მარქაფაში ნაკლებად ცნობილი და შესაბამისად არცთუ გამოცდილი ხალხია. აი, დამრიგებელი კი კინგსლი ჯონსია – 48 წლის უელსელი სპეციალისტი, რომელიც თბილისში არაერთხელაა ნამყოფი და იმ სტუმრობებიდან ტკბილ მოგონებას ერთიც არ დაუტოვებდა, რადგან ჯონსი რუსეთის ნაკრებს წვრთნიდა…

„თუ ურუგვაის ვძლიეთ და მსოფლიო თასზე ჯგუფში საქართველოსთან მოვხვდით, მაშინ ტაქტიკის გადახედვა მოგვიწევს, ხვალ კი, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“, – თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კინგსლი ჯონსმა და დაამატა, რომ კმაყოფილია საქართველოს ნაკრებიდან მამუკა გორგოძის წასვლით: „მუდამ მის შეჩერებაზე ზრუნვა ჩემდროინდელ რუსეთის ნაკრებს უზარმაზარ ძალებს აკარგვინებდა“.

დაგვიანებულია, მაგრამ მაინც ღირს იმის აღნიშვნა, რომ ყველა ქართველ მორაგბეთაგან საუკეთესო ფორმაში დღესდღეობით ალბათ სწორედ გორგოძე და დავით ზირაქაშვილი არიან და ძალიან სამწუხაროა, რომ ამხელა ძალა ქართულ ნაკრებს მიღმაა…

კანადელებს დავუბრუნდეთ და მოკლედ რომ შევაჯამოთ, შემადგენლობა ერთობ შთამბეჭდავია და „ბორჯღალოსნების“ იოლ გასეირნებასა და წავარჯიშებას მაინცდამაინც არ უნდა ველოდოთ.

ახლა ჩვენს ნაკრებზეც. თავიდანვე ვიტყვით, რომ მილტონ ჰეიგმა რისკზე წასვლა გადაწყვიტა. როგორც სტატიის თავში ითქვა, კალგარიში „ბორჯღალოსანთა“ 13-ვე (13:0) ქულა ჩვენმა პირველმა ცენტურიონმა მერაბ კვირიკაშვილმა გამოიმუშავა, მაგრამ 11 ნოემბრის მატჩის განაცხადი მეკოს გარეშე შეივსო, ვის 106-კეპიან ადგილს აკადემიელი სოსო მათიაშვილი დაიკავებს – საქართველოს ჩემპიონატში შედეგიანად მოთამაშე უკანახაზელი.

მაგრამ სოსოს ნაკრებში 3-ჯერ უკვე აქვს ნათამაშები და 2 ლელოც დაუდია, მათ შორის არგენტინასთან. აი, წლევანდელ 20-წლამდელებში თავგამოჩენილი გიორგი კვესელაძე და მირიან მოდებაძე კი დებიუტანტები არიან, თანაც ეს უკანასკნელი სასტარტო გარემარბად მოგვევლინება. მეორე ძირითადი გარემარბიც ახალი თაობის წარმომადგენელია – რუსთაველი გიორგი კოშაძე (6 კეპი, 4 ლელო). რისკიც ესაა – მრავალნაცადი და აქამდე უკონკურენტო მეკოს, სანდრო თოდუასა და თამაზ მჭედლიძის ნაცვლად სამი ახალგაზრდა ითამაშებს. სხვათა შორის, თაზო საერთოდ არაა „თიბისი რაგბის სერიები 2017“-ზე გამოძახებული. მიზეზად ცუდი სპორტული ფორმა დასახელდა…

რაგბის კავშირის ფოტო

აი, მილტონ ჰეიგის განმარტებაც: „მსოფლიო თასამდე 2 წელია და ახლა ახალბედების სანახავად საუკეთესო პერიოდია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ფრთისა და 15 ნომრის პოზიციას დაფარავდნენ. ამ ბიჭებმა 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას თავი გამოიჩინეს და ახლა შანსი ეროვნულში ეძლევათ. კოშაძე შარშანაც გვყავდა ნაკრებში და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სოსო მათიაშვილი 15 ნომრად პირველად იწყებს თამაშს. ზაფხულში მან ამ პოზიციაზე არგენტინასთან 30 წუთი ითამაშა და ახლა დაწყების შანსი დაიმსახურა. კვესელაძე თადარიგშია და მინდა გითხრათ, რომ ის ტრავმებმა შეაწუხა, თორემ ნაკრებში აქამდეც იქნებოდა.

როდესაც ფრთისა და 15 ნომრის პოზიციაზე მოთამაშეებს ვარჩევთ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი სამივე პოზიციას ფარავდნენ. მოდებაძეს და მათიაშვილს ამის პოტენციალი აქვთ, რაც დიდი პლუსია. კოშაძე დიდ 10-ში შუამარბად თამაშობს, თუმცა ნაკრებში მას გარემარბად განვიხილავთ. ტესტებმა გვაჩვენა, რომ ის ჩვენს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოთამაშეა“.

სხვა მხრივ, საქართველოს ნაკრები გამოცდილი ბიჭებითაა შევსებული. თქმაც არ უნდა, მთელმა „ოვალურმა სამყარომ“ იცის, რომ „ბორჯალოსანთა“ მთავარი ძალა შერკინებაშია. სასტარტო პირველ ხაზს შეადგენენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“), რუსულ „კრასნი იარში“ ახლახან გადასული ჰუკერი ჯაბა ბრეგვაძე და ლევან ჩილაჩავა, „ტულონის“ მარჯვენა პირვეხაზელი, ვინც თავის ამპლუაში არავისზეა ნაკლები. სხვათა შორის, ჩილაჩავამ სეზონისწინა წვრთნებისას 12 კილო დაიკლო და ახლა გაშლილ თამაშში უფრო ეფექტურია, რაკი უფრო სწრაფად გადაადგილდება.

მეორეხაზელები არიან კიდევ ერთი მონპელიელი კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე ინგლისურ ჩემპიონშიპში მოასპარეზე „ბრისტოლიდან“. ნემსაძე ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია და საწყენია, რომ კლუბში არ აფასებენ და „დუბლებში“ ათამაშებენ.

მესამე ხაზი: ლაშა ლომიძე ინგლიური პრემიერშიპის „ლონდონ აირიშიდან“, ვისაც ბოლო მატჩებში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა; ვიქტორ კოლელიშვილი, საფრანგეთის ჩემპიონ „კლერმონის“ ძირითადი 15-ეულის ხშირი წევრი, და #8 ბექა ბიწაძე, ვინც რანგით მეორე ფრანგული ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის, „ნარბონის“ ღირსებას იცავს.

ვასილ ლობჟანიძე (ფრანგული „ბრივი“) კვლავაც სასტარტო 9 ნომერია, თანდათან გამოცდილებას ტოპ 14-შიც აგროვებს, ხოლო ლაშა ხმალაძე („ბათუმი“) – ჩვენი ძირითადი მგეზავი.

შუამარბებსაც არ სჭირდებათ განსაკუთრებული წარდგენა – ჩვენი მეორე ცენტურიონი დავით კაჭარავა (რუსეთის „ენისეის“ ერთ-ერთი ლიდერი) და კაპიტანი მერაბ შარიქაძე პრო დ2-ის „ორიაკიდან“ (2 ლელო მიმდინარე ფრანგულ სეზონში).

მარქაფასაც გადავხედოთ: გამოცდილი პირველხაზელები, კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომელიც სამედიცინო ჯოკერის სტატუსით საფრანგეთის პრო დ2-ის კიდევ ერთ მაჩანჩალაში, „კარკასონში“ თამაშობს, პლუს ტოპ 14-ის მაჩანჩალა „ბრივის“ ბურჯები – კარლენ ასიეშვილი (ბრწყინვალე ფორმაშია და მის ანგარიშზეც 2 ლელოა ფრანგულ ელიტაში) და სოსო ბეკოშვილი; მეორე ხაზში შეიძლება გამოჩნდეს 36 წლის 97-კეპიანი გიორგი ჩხაიძე; მესამეხაზელი – ბათუმელი გიორგი თხილაიშვილი; სათადარიგო 9 ნომერი – გამოცდილი ლოკომოტიველი გიორგი ბეგაძე, უკანახაზელები – რევაზ ჯინჭველაშვილი („არმაზი“, 3 კეპი) და უკვე ნახსენები დებიუტანტი გიორგი კვესელაძე („არმაზი“).

ბარემ იმ 9 მორაგბესაც ჩამოგითვლით, ვინც 32-კაცა გაფართოებულ სიაში კი არის, მაგრამ კანადასთან არ ითამაშებს: ზურაბ ჟვანია („სტად ფრანსე“), ლაშა ტაბიძე („ბორდო“), შალვა სუთიაშვილი („ანგულემი“), გიორგი ცუცქირიძე („ორიაკი“), გელა აფრასიძე („მონპელიე“), ლაშა მალაღურაძე („კრასნი იარი“), სანდრო თოდუა („ლელო-სარასენსი“), ბექა წიკლაური („ლოკომოტივი“), მერაბ კვირიკაშვილი („ლელო-სარასენსი“).

საინტერესოა, რომ საქართველოსა და კანადის ურთიერთობა 6 მატჩისგან შედგება, ანგარიში თანაბარია – 3:3. ამდენად, დღეს გამარჯვებული ამ ურთიერთობაში გალიდერდება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ როგორც კინგსლი ჯონსი იმედოვნებს, თუ „ნეკერჩხლის ფოთლები“ ურუგვაისთან ორმატჩიან დუელს მოიგებენ (რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია), მათ იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზეც შევხვდებით – კენჭისყრამ ასე ინება.