პატრის ევრა გულშემატკივრის ცემისთვის “მარსელმა” დაითხოვა. ამასთან, 36 წლის ვეტერანს სეზონის ბოლომდე ევროტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა. მარცხენა მცველი 10 ათასი ევროთიც დააჯარიმეს.
ინციდენტი 2 ნოემბერს, ევრას მშობლიური პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ადგილობრივ “ვიტორიასთან”, ევროთასის შეხვედრის დროს მოხდა. ევრა სათადარიგო იყო და მოედნის კიდესთან ხურდებოდა, როდესაც ტრიბუნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს. ფეხბურთელმა თავი ვერ შეიკავა და პროვოკატორს პასუხი წიხლით გასცა. “მარსელის” პრეს-სამსახურმა, ამასთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გაავრცელა:
“პატრის ევრა როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში ყოველთვის სამაგალითო ქცევით გამოირჩეოდა. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თანაგუნდელების გამხნევებასა და გუნდის წარმატებებში. სამწუხაროდ, 2 ნოემბერს, გიმარაეშში, მან უპატიებელი საქციელი ჩაიდინა, როდესაც მცირე ჯგუფის პროვოკაციას აჰყვა. წამყვანი ფეხბურთელისგან, რომელიც ახალგაზრდობისთვის ნიმუში უნდა იყოს, ასეთ რეაქციას გამართლება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ევრასთვის “მარსელში” საქმიანობის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს”.
შემდეგ, კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხულიგნები, რომელთაც ევრას და მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს “მარსელის” გულშემატკივრები იყვნენ და ასეთებისთვის “ველოდრომზე” ადგილი არ უნდა იყოს.
ხულიგანთა ვინაობის გამოკვლევა პრობლემა არ უნდა იყოს.